Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სათამაშოები - ფოფითი და სქვიში?

რა დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სათამაშოები - ფოფითი და სქვიში?
რა დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სათამაშოები - ფოფითი და სქვიში ბავშვზე და რომელს რა დანიშნულება აქვს? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი სოფო მელაძე.
​ 

    

​​
​- დღესდღეობით, ბავშვებში ძალიან პოპულარული სათამაშოებია ფოფითი და სქვიში. რა დადებით ზეგავლენას ახდენს ის ბავშვებზე?

- დიახ, ბავშვებს ძალიან უყვართ სილიკონისგან დამზადებული საყვარელი და ფერადი ფიჯეთი - ფოფითი და სქვიში, ასევე სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ფიჯეთები. კონკრეტულად ფოფითი და სქვიში ანტისტრესული და სენსორული სათამაშოების ფუნქციას ასრულებს. ფოფითს ხშირად იყენებენ არა მხოლოდ ბავშვები, ასევე მოზრდილებიც. ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ როცა ვნერვიულობთ, ხელში გვინდა გვეჭიროს კალამი, ფანქარი ან რაიმე სხვა საგანი. ფოფითიც სწორედ ასეთ ფუნქციას ასრულებს ჩვენთვის და ამცირებს შფოთვას. ასევე, ბავშვებისთვის სასიამოვნოა ტექსტურაზე ხელის მოკიდება, ბურთულებზე დაჭერა და გასკდომის ხმა.
- აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მათ ავკარგიანობასთან დაკავშირებით. რატომ შეიძლება იყოს საშიში ფსიქოლოგიური კუთხით?

​- ალბათ მაშინ, როცა მხოლოდ ფოფითით ინტერესდება და აღარ აინტერესებს სხვა საგნები და სათამაშოები, მხოლოდ ამით შემოისაზღვრება მისი თამაშის ინტერესები. ანუ როცა ფოფითი ბავშვისთის „ამოჩემება“ ხდება და ზედმეტად დამოკიდებული ხდება მასზე, არასწორ დროს და ხანგძლივობით იყენებს მას. მაგალითად, როცა სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებელი ახალ თემას ხსნის და ამ დროს ბავშვს ფოფითი უჭირავს ხელში, ერთობა, არ უსმენს გაკვეთილს, კონცენტრირებული არ არის. ფოფითი გაკვეთილზე მხოლოდ გაკვეთილის მიზნებთან თანხვედრაში გამოიყენება, ხოლო სტიმულირებისთვის - შესვენებებზე.

​- როგორც ვიცი, სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. რომელს რა დანიშნულება აქვს?
- ფოფითის გამოყენება შეგვიძლია, როგორც სენსორული სტიმულაციისთის და ანტისტრესული მიზნით, ასევე აკადემიური უნარებისთვისაც, მაგალითად, რიცხვების ამოცნობა, ასოების და სხვა. შეგვიძლია ფოფითს დავაწეროთ სხვადასხვა ასო, შემდეგ ბავშვმა დასახელებული ასო იპოვოს და დაატკაცუნოს. შესაძლებელია ფოფითზე დავაწეროთ ციფრები, მასზე კენტი და ლუწი რიცხვები ვასწავლოთ, ანუ ყოველი მეორე დავატკაცუნოთ და ხაზი გავუსვათ, რომელი ბუშტუკი რომელს აღნიშნავს. შეგიძლიათ რამდენიმე ასოს დააწვეთ, ბავშვმა კი დატკაცუნებული ასოებით ააწყოს სიტყვა, რომელიც ჩავიფიქრეთ. საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ფერების დასასწავლადაც, ავიღოთ ფურცელი და დავხატოთ მასზე სხვადასხვა ფერის ბურთები, შემდეგ იგივე ფერის ბურთები ბავშვმა იპოვოს ფოფითზე და დაატკაცუნოს.
ასევე, როცა სმენაზე და სიტყვების დამარცვლაზე ვმუშაობთ შეგვიძლია ფოფითის ტკაცუნის ხმა სიტყვების დამარცვლისთვის და რიტმისთვის გამოვიყენოთ.
- თქვენს პრაქტიკაზეც რომ გვიამბოთ.
- იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად განვითარების დარღვევებზე ვმუშაობ და ხშირად მაქვს შეხება სენსორული ინტეგრაციის დარღვევებთან, ვაპირებ ფოფითის სენსორული სტიმულაციის და აკადემიური უნარებისთვის ერთდროულად გამოყენებას. ასევე, ფერების და ფორმების სასწავლად, პრობლემური ქცევის დროს ყურადღების გადატანისთვის შესანიშნავი სათამაშოა.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად