Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის ეზოს თამაშები აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის? - ფსიქოლოგ ანა თუნიაშვილის რეკომენდაციები

რატომ არის ეზოს თამაშები აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის? - ფსიქოლოგ ანა თუნიაშვილის რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა ანა თუნიაშვილმა ბავშვის განვითარებისთვის ეზოს თამაშების უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა:

​ბავშვებს მეტად მოსწონთ ფიზიკური აქტივობები, სადაც თვითონ უფრო აქტიურები არიან, ვიდრე კომპიუტერთან ან პლანშეტთან ჯდომა, როდესაც ბავშვი პასიურია, მხოლოდ თითებს ამოძრავებს. თამაშის დროს მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ბავშვს და მშობელს შორის ამ დროს ხდება ემოციური კავშირების გამყარება. მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს ასწავლონ ახალი უნარები, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა სხვა ბავშვებთან. მშობლებს შეუძლიათ მოდელის მიცემით განავითარონ ბავშვის მეტყველება, ასწავლონ კონფლიქტების მოგვარება, თანამშრომლობა.“

ანა თუნიაშვილის თქმით, ეზოს თამაშებით ბავშვი დამოუკიდებლობას სწავლობს:

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ​ბავშვებს ჰქონდეთ დრო ითამაშონ დამოუკიდებლად, მარტო. ეზოს თამაშები სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იქ დამოუკიდებლობას სწავლობენ ბავშვები. შეიძლება ავძვრე სადღაც და ჩემზეა დამოკიდებულები, ჩამოვალ თუ არა. ბავშვი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის მნიშვნელოვანი უნარი, რაც სჭირდება შემდეგ რეალურ ცხოვრებაში.“

„სასურველია, რომ პრობლემა თვითონ ბავშვებმა გადაჭრან, მონახონ გზები, როგორ წავიდნენ კომპრომისზე, ისწავლონ საგნების გაზიარება. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ვითარება კრიტიკულია, სასურველია, რომ ჩაერიოს ბავშვების კონფლიქტში. მ​შობელი უნდა ჩაერიოს მსუბუქად და გადაწყვეტილებები ბავშვებმა მიიღონ. სასურველია ბავშვებს წარვუდგინოთ ახალი თამაშები. თუ არ მოსწონს მას რეზინობანა და კლასობანა, ბუნებრივია, რომ არც ითამაშებს. ბავშვს უნდა ჰქონდეს უამრავი თავისუფალი დრო თამაშისთვის. ადრეულ ასაკში ბაღშიც და სკოლაშიც აქტივობები უნდა მიმდინარეობდეს თამაშის მეშვეობით,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა თუნიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად