Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც მშობელი ამბობს: „რა წყნარი შვილი მყავს, თავისთვის ზის, არაფერს არ შვრება,“ ეს არ არის კარგი,“ - თამარ გაგოშიძე

„როდესაც მშობელი ამბობს: „რა წყნარი შვილი მყავს, თავისთვის ზის, არაფერს არ შვრება,“ ეს არ არის კარგი,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ნულიდან ექვს წლამდე ბავშვის განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორ წლამდე ასაკში ბავშვს ცოცხალი მეტყველება ხშირად უნდა ესმოდეს:

​ორ წლამდე ბავშვი თუ არ ისმენს ცოცხალ მეტყველებას, ადამიანის ცოცხალი სიტყვა თუ არ ესმის, ის ლაპარაკს ვერ ისწავლის. ეს არის სენსიტიური პერიოდი. ტვინი ითხოვს შესაბამის სტიმულს. მაუგლი კარგი ბიჭი იყო ძალიან, მაგრამ ვერ დაიწყო ლაპარაკი. რაც ესმოდა, ის ისწავლა მშვენივრად. ტვინის დაზიანება მაუგლის არ ჰქონია. ექვსი თვიდან წლამდე ბავშვს თუ საგნები არ მივაწოდეთ, ის ტაცებას ვერ ისწავლის. ექვსი თვის ასაკში ბავშვი უნდა იჯდეს, ერთი ხელიდან მეორე ხელში საგნები ათამაშოს. თუ მას ეს სტიმულები არ ექნა, თუ არაფერი არ აქვს გარშემო ბავშვს, ჩაწოლილია თავის საწოლში, არ სცალია არავის, რომ დასვას, სათამაშოები მისცეს და რაღაცები ქნას, აღმოჩნდება, რომ ბავშვი ამას ვერ ისწავლის. ერთი წლის ასაკში ბავშვი რომ ხელში გიჭირავს, იატაკზე არ სვამ, რომ ინფექცია არ შეეჭრას, რამე არ ალოკოს, ის თუ არ დასვი, ვერ გაივლის. ერთი წლის ასაკში პატარა ბავშვმა უნდა გაიაროს, უკვე მყარად უნდა იდგეს ფეხზე.“

თამარ გაგოშიძემ მშობლებისთვის განვითარების კრიტიკული ეტაპების მნიშვნელობა განმარტა:

„რა არის კრიტიკული პერიოდი განვითარებაში? ბევრ მშობელს უთქვამს, რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყო და უცებ გადაირია. როდესაც რომელიღაც პროცესი ვითარდება, შესაბამისად ბავშვს უფრო მეტი რესურსი აქვს, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. სამი წლის ასაკში სულ ისტერიკებს აწყობს, „მე, მე“ - იძახის. ეს არის ნორმალური განვითარების კრიტიკული პერიოდი. ბავშვმა აღმოაჩინა, რომ თვითონ მოსწონს რაღაც, თვითონ უნდა რაღაც.  ასეთივე კრიტიკული პერიოდია ექვსი წლის ასაკი, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში. ​მან უნდა დატოვოს თამაშის სამყარო და გადავიდეს სწავლის სამყაროში. ეს არ არის ადვილი, იმიტომ, რომ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული აქტივობაა.“

„ერთი წლის ასაკი არის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ბავშვი დგება ფეხზე და უნდა გაიარ-გამოიაროს. თვითონ უნდა მოახდინოს გარემოს გამოძიება. პასიური როდესაც არის ბავშვი და არ იძიებს გარემოს, მშობელი გეუბნება: „უი, რა წყნარი შვილი მყავს, თავისთვის ზის, არაფერს არ შვრება,“ ეს არ არის კარგი. თუ მშობელი ჩივის, რომ ვაიმე, მთელი დღე ამის დევნაში ვარ, ხან პირში ჩაიდებს რაღაცას, ხან რაღაცას ჩამოიღებს,​ ეს არის კარგი ბავშვისთვის, თქვენთვის - არა. ბავშვისთვის ეს არის სასარგებლო. სხვანაირად მისი ინტელექტი არ განვითარდება. ბავშვის ინტელექტის განვითარება და აზროვნების განვითარება იწყება ქვედა საფეხურიდან. ერთ წლამდე თუ ბავშვს არ აქვს მოწესრიგებული მოძრაობა და შეგრძნებები, დააგვიანა. ექვსი თვის უნდა იჯდეს, რვა თვის უნდა დგებოდეს საყრდენით, თერთმეტი თვის ასაკში დამოუკიდებლად უნდა იდგეს, წლის და ორი თვის ასაკამდე უნდა გაიაროს დამოუკიდებლად. ეს არის ნორმალური განვითარება,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“

წაიკითხეთ სრულად