Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეუზღუდეთ, ლიმიტი დაუწესეთ, წინასწარ შეუთანხმდით ბავშვს, რომ ზედმეტად არ შეიწოვოს ტელეფონმა,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე

„შეუზღუდეთ, ლიმიტი დაუწესეთ, წინასწარ შეუთანხმდით ბავშვს, რომ ზედმეტად არ შეიწოვოს  ტელეფონმა,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„დღეს ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს ხელში ტელეფონი უჭირავს. მე ბევრჯერ მისაუბრია მშობლებთან, რომლებიც ძალიან აგრესიულები არიან შვილებთან მიმართებაში და მითქვამს: ჩვენ დროს რომ ყოფილიყო მსგავსი შესაძლებლობა, ჩვენ ვერ გავუძლებდით ამ ცდუნებას. ეს ძალიან რთულია ბავშვისთვის. მშობლებო, თქვენ მოგმართავთ უპირველეს ყოვლისა. ნუ იქნებით ძალიან რადიკალურები,დაუწესეთ რაღაც საზღვრები, დრო თქვენს შვილებს. მაგალითად, „გქონდეს ტელეფონი და ითამაშე ერთი საათის განმავლობაში.“ შემდეგ ჩამოართვით. შეუთანხმით ბავშვს წინასწარ. ნუ გადაუკეტავთ ბოლომდე ჟანგბადს. ამ შეთანხმების მიხედვით იმოქმედეთ. როდესაც შენ დაიცავ შეთანხმების წესებს, თავიდან შეიძლება ბავშვმა გააპროტესტოს. შენ შეახსენე მშვიდად: „ჩვენ ხომ შევთანხმდით?! საათს შეხედე, ეს დრო გავიდა.“ შემდეგ მოთმინებით დაელოდება ბავშვი დროს, როდესაც კვლავ ექნება ტელეფონით თამაშის შესაძლებლობა.

ამასობაში ის თავისუფალი დრო ჯანსაღად უნდა დაიტვირთოს. ან ეზოში გავიდეს, ბავშვებთან ითამაშოს. დღეს ეს ძალიან დიდი კომფორტი გახდა. ძალიან ბევრ უბანში ეზოები აღარ აქვთ ბავშვებს. ან წიგნი წაიკითხოს ბავშვმა რამე, სახლში რაღაც ჯანსაღი თამაშით გაერთოს. სხვანაირად არ გამოვა, ჩემო ძვირფასებო. ბოლომდე ვერ შევუზღუდავთ ბავშვებს ამ საშუალებას, ვერ ვიზამთ ამას. ჩემს ბავშვობაში სათამაშო შემოვიდა: მგელი იყო და კვერცხებს იჭერდა. მერე ნელ-ნელა ჩქარდებოდა თამაშის ტემპი. ვისაც ჰქონდა ეს სათამაშო, ყველა იმას შევნატროდით. თუ ჩვენც შევიძენდით, ვიყავით ძალიან ბედნიერები. ღამეც კი ვთამაშობდი ხოლმე. სულ თავისუფალ დროს ვეძებდი, რომ ეს სათამაშო მომეგდო ხელში. მე იცით როგორ შევდივარ დღევანდელი ბავშვების მდგომარეობაში?! დღეს იმდენი საცდურია ბავშვებისთვის, რომ ვერ წარმოიდგენთ. ეცადეთ, რომ შეხვიდეთ ყოველთვის ბავშვის მდგომარეობაში. ბავშვი გართობაზეა ორიენტირებული. ბავშვს გინდა მოთხოვო, რომ საერთოდ უარი თქვას ამაზე? ვერ იტყვის უარს. შეუზღუდეთ, ლიმიტი დაუწესეთ, რომ ზედმეტად არ შეიწოვოს იმ ტელეფონმა,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად