Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა მოხდა მერე, თუ ცუდი ნიშანი მიიღო, თუ რაღაც გააცდინა?! ამ მიდგომით ბავშვი წარმატების იოლად მიღწევას ეჩვევა,“- ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

„რა მოხდა მერე, თუ ცუდი ნიშანი მიიღო, თუ რაღაც გააცდინა?! ამ მიდგომით ბავშვი წარმატების იოლად მიღწევას ეჩვევა,“- ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ ბავშვისთვის აბსოლუტური თავისუფლების მინიჭების ან მისი ზედმეტად შეზღუდვის მანკიერ მხარეებზე ისაუბრა:

„არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტური თავისუფლება აქვს ბავშვს. ყველაფერზე ამბობენ: „რა მოხდა მერე?!“ რა მოხდა მერე, თუ ცუდი ნიშანი მიიღო?! რა მოხდა მერე, თუ რაღაც გააცდინა?! რა მოხდა მერე, თუ არ წაიკითხა?! ამ შემთხვევაში ბავშვი ეჩვევა იოლად წარმატების მიღწევას. არცერთი მათგანი აქედან წარმატება არ არის. წიგნს რომ არ კითხულობს, ეს ნამდვილად არ არის წარმატება. საბოლოოდ, როდესაც ის მართლა ეჯახება ცხოვრებისეულ პრობლემებს, მარცხი ძალიან მტკივნეულად აღიქმება.

ხუთ წლამდე ბავშვი არის მეფე. ყველაფერი უნდა გაუკეთო, ყველა სურვილი უნდა შეუსრულო. ის მეფეა ერთადერთი მიზეზის გამო. ჩვენ ორი შემაკავებელი ფაქტორი გვაქვს: ან გვეშინია და ამის გამო არ ვაკეთებთ რაღაცას, ან მორალი და ზნეობა არ გვაძლევს ამის გაკეთების უფლებას. ერთიც და მეორეც ყალიბდება 5 წლის შემდეგ. რაციონალური გონება განვითარებას იწყებს 5 წლის შემდეგ. 5 წლამდე ბავშვს რამდენიც გინდა იმდენი დაუშალეთ, აზრი არ აქვს. რამდენჯერ დღისით ეჩხუბები, იმდენჯერ ღამე დაესიზმრება, გაეღვიძება და წამოგაგდებს შენც.

ამის შემდგომ უკვე ნელ-ნელა იწყება დარიგებები. თუ ჩვენ მას უბრალოდ ავუკრძალავთ, ეს არასწორია. ბავშვს ყველაფერზე უნდა გასცე პასუხი. რამდენჯერაც მისწევ გვერდზე, ეტყვი, რომ არ გცალია და მოიშორებ, მასში იმდენჯერ იკარგება  ცნობისმოყვარეობის მარცვალი, რომელსაც მან პროფესია და პიროვნება უნდა აპოვნინოს. შესაბამისად, როდესაც ბავშვი კითხვების დასმას იწყებს და „მე გავაკეთებ“ განცდა აქვს, ეს არ უნდა დაუშალო. თუ უბრალოდ გაუწყრები, მას ეცოდინება, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ არ ეცოდინება ,რატომ არ შეიძლება და სანაცვლოდ რა უნდა გააკეთოს,“- მოცემულ საკითხზე ზაზა ქოიავამ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად