Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე

„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ყოველდღიურად ერთი საათით მაინც უნდა იყოს დაკავებული სპორტით:

„ყოველდღე, ​ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათით უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი ყველა ბავშვისთვის. თუკი მას წონაში მოკლება უნდა და ჭარბი წონა აქვს, ეს დრო, რა თქმა უნდა, იზრდება. ეკრანული დრო ითვლება, რომ მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის ორი საათი. ეს მოიცავს როგორც ტელეფონს, ასევე პლანშეტს, კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი არ შეიძლება, არამარტო სიმსუქნის რისკის, არამედ სხვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო.“

ნინო ხელაძის თქმით, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იტვირთება თუ არა ბავშვი ფიზიკურად დღის განმავლობაში:

„ფიზიკური დატვირთვის ყველა წუთი არის მნიშვნელოვანი. თუ ზოგიერთი ოჯახი ვერ ახერხებს ფინანსური თუ ლოჯისტიკის საკითხის გამო, რომ ატაროს ბავშვი ერთ, ორ ან რამდენიმე წრეზე ან სპორტზე, თუნდაც ​15-15 წუთით რომ სახლში იცეკვოს ბავშვმა, ან ფეხით იაროს, ერთი საათი მაინც რომ გამოუვიდეს ფიზიკური დატვირთვა, ველოსიპედი იქნება თუ როლიკები, კარგია. უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვი დღის განმავლობაში მინიმალური ერთი საათით ფიზიკურად დაიტვირთა თუ არა.“

„აუცილებლად მთელმა ოჯახმა უნდა შეცვალოს კვებითი ქცევა. ხშირად, როდესაც ვეკითხებით მშობელს: „როგორ იკვებეთ გუშინ?“ იქ უამრავი არასწორი კომპონენტი იქნება გამოვლენილი, რომლის მოდიფიცირება, შეცვლა დიდ შედეგს მოგვცემს. ​მაგალითად, ტკბილეულის მოხმარება, ცომეულის მოხმარება, საკვების გადანაწილება. 8 წლის ასაკში ბავშვი მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს, რომ მერე ჭარბად არ მიიღოს საკვები. ხემსიც შესაძლებელია ჰქონდეს რვა წლის ბავშვს. ხანდახან ბავშვი მოჰყავთ მხოლოდ და გეუბნებიან, რომ წონაში დააკლებინო. ეს ოჯახისა და ბავშვის კოლექტიური შრომის შედეგი უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად