Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვის შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მოავადე ბავშვის მოვლის წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის დროს ძმრიანი წინდების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს:

​არ ვაღიარებთ ძმრიან წინდებს, თუმცა ვაღიარებთ დაზელვას, ფიზიკური მეთოდებით გაგრილებას. უნდა გამოვიყენოთ წყალში დასველებული პირსახოცი. შეგვიძლია დავადოთ შუბლზე ან მთლიანად დავზილოთ ბავშვი. ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას. ვიწყებთ თბილი წყლით და ნელ-ნელა ვაგრილებთ სხეულის ტემპერატურამდე, 36,6 გრადუსამდე მაქსიმუმ.“

ანა მაღრაძის თქმით, სეზონური კვება ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს:

„ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ ხილის წვენი, მაგრამ, რა თქმა უნდა, წყალთან განზავებული.​ შესთავაზეთ სეზონური ხილი. ხილის წვენი უნდა იყოს აუცილებლად ნორმირებული და დოზირებული. ერთი ფორთოხლისგან რა წვენიც გამოვა, საკმარისია.“

„ბავშვმა რომ შეჭამოს ორი-სამი ლუკმა ყველაფერი, რაც მის რაციონს ეკუთვნის, დამატებით ვიტამინების მიცემა მას აღარ დასჭირდება. ბავშვები რაღაცით მაინც ინაზღაურებენ ხოლმე ამ დანაკლისს. თუ ბავშვს დიდი რაოდენობით ტკბილეულს არ მივცემთ, მას მეტი მოთხოვნილება ექნება კვებაზე. ნახშირწყლებით ნაკლებად დავტვირთოთ ბავშვი და შევთავაზოთ სწორი რაციონი,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად