Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რომ გულდასმით არ ეთამაშება ბავშვს,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

„ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რომ გულდასმით არ ეთამაშება ბავშვს,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა მამების მხრიდან ბავშვის მიმართ ყურადღების გამოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რომ გულდასმით არ ეთამაშება ბავშვს. ჩვენი ტვინი იმდენად არის მოცული სხვა რაღაცებით, არ გაქვს ცნობიერება, რომ ახლა შენს შვილს არც ისე ბოლომდე ეთამაშები. ბანენ მშობლები, აჭმევენ ბავშვებს, მაგრამ ბოლომდე არ არიან ბავშვებთან. მამებს ძირითადად უჭირთ პატარა დეტალების შემჩნევა, იმიტომ, რომ ხშირი ურთიერთობა არ აქვთ ბავშვებთან. შეიძლება ძირითადად ისინი სახლში არ იყვნენ, მუშაობდნენ. ბავშვთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა ჭამის დროს, დაძინების დროს, გაღვიძებისას, ბანაობის დროს იყოს ხარისხიანი. როდესაც მამა არ ცხოვრობს სახლში ბავშვთან, ვურჩევ, რომ აუცილებლად გააგრძელოს კონტაქტი ბავშვთან. ცოტა დიდ ასაკში მესიჯი მაინც უნდა გაუგზავნო, რომ ბავშვმა იცოდეს, მამას ვუყვარვარ, მამას ვახსოვარ და მამის გულში ვარ.

თუ მამა არ ცხოვრობს მეუღლესთან და უყურადღებოა ბავშვის მიმართ, ამ შემთხვევაში დედას უნდა დავეხმაროთ. ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს, რომ ბავშვის იმედგაცრუებას და ტკივილს უყუროს, ამიტომაცაა, რომ ოღონდ არ იტიროს ბავშვმა და მე ყველაფერს გავაკეთებ. ბავშვები გრძნობენ მაინც რაღაცას. თუ მას პატარა ემოციაზე გვერდით დაუდგები და თანაუგრძნობ, აგრძნობინებ, რომ მარტო არ არის, მერე ეუბნები, რომ ერთად ყველაფერს შეძლებთ,“- მოცემულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად