Baby Bag

,,გაჯეტები მოზარდებს ხდის დამოკიდებულს, იწვევს სტრესს, რომელიც დეფიციტს აჩენს''

,,გაჯეტები მოზარდებს ხდის დამოკიდებულს, იწვევს სტრესს, რომელიც დეფიციტს აჩენს''

ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძე გაჯეტების შესახებ გადაცემაში ,,წესები მშობლებისთვის'' ისაუბრა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გაჯეტები მოზარდებს და ზრდასრულებს დამოკიდებულს ხდის: 

,,ადამიანი დამოკიდებული შეიძლება იყო, როგორც ნებისმიერ ნარკოტიკზე, ასევე გაჯეტებზე. უცებ რომ ამოიღო გაჯეტები მათი ცხოვრებიდან, ეს  გამოიწვევს სტრესს და გაართულებს მდგომარეობას. 

და საიდან მოდის ეს პრობლემა?

პირველი, მშობელი ვერ აღიქვამს ეს როგორი ძლიერი დამოკიდებულებაა და ადვილად აძლევს შვილს გაჯეტზე წვდომის საშუალებას. 

მეორე, ცოცხალი კომუნიკაციები იმდენად დეფიციტური გახდა, რომ ბავშვი თავის პატარა სამყაროს მარტივად იქმნის ამ მოწყობილებების გამოყენებით და ეს გარემო მისთვის კომფორტულია. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან სოციალურ საზოგადოებად ითვლება, მაინც ხშირად გვჭირდება იმის სწავლება როგორ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რა შეიძლება შევთავაზოთ იმისთვის, რომ ჩავანაცვლოთ გაჯეტები ცოცხალი კომუნიკაციით,'' - აღნიშნა თინათინ ცერცვაძემ. 

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის''

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შეიძლება გამოიწვიოს გაჯეტების დიდი სიხშირით გამოყენებამ ნეიროგანვითარების კუთხით?

რა შეიძლება გამოიწვიოს გაჯეტების დიდი სიხშირით გამოყენებამ ნეიროგანვითარების კუთხით?
ხშირად როდესაც ბავშვი ტირის ან უბრალოდ მოუსვენრადა, მშობლები მას გაჯეტებით „აწყნარებენ“. რა შეიძლება გამოიწვიოს გაჯეტების დიდი სიხშირით გამოყენებამ ნეიროგანვითარების კუთხით? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
„ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა და გაამარტივა ინფორმაციაზე წვდომა, თუმცა ეკრანზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებთან მიმართებით.
პირველ რიგში, განვმარტოთ რას გულისხმობს „ეკრანის დრო“ - ე.წ. სქრინთაიმი. ეს არის დრო, რომელსაც ბავშვი ატარებს ტელევიზორთან, მობილურთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან და სხვა მოწყობილობასთან. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განმავითარებელია აქტივობა, ეს მაინც არის ეკრანის დრო“.
- ხშირად როდესაც ბავშვი ტირის ან უბრალოდ მოუსვენრადაა მშობლები მას გაჯეტებით „აწყნარებენ“. რა შეიძლება გამოიწვიოს გაჯეტების დიდი სიხშირით გამოყენებამ ნეიროგანვითარების კუთხით?
- დაბადებიდან 5 წლამდე თავის ტვინი მნიშვნელოვნად იზრდება. ახალშობილის ტვინი მოზრდილი ადამიანის ტვინის მეოთხედია, 5 წლის ასაკისთვის კი დაახლოებით 90%-ს აღწევს. ამ პერიოდში ბავშვები გაცილებით მეტს სწავლობენ, ვიდრე ცხოვრების დანარჩენ ეტაპზე. ეს არის პერიოდი დიდი შესაძლებლობების, ბავშვს კი ამ შესაძლებლობების განვითარებისთვის სჭირდება განმავითარებელი გარემო. განვითარების სტიმულაცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები - ორგანიზმისთვის.
უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ეკრანთან დიდხანს ყოფნა ნეგატიურად აისახება ყურადღებაზე. ყურადღების კონცენტრაციის უნარი ადრეული ასაკიდან ვითარდება და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარე სამყაროდან მიღებული სტიმულები. მაგალითად, როდესაც ბავშვს წიგნს უკითხავენ, მან უნდა გადაამუშავოს და დაისწავლოს სიტყვები, ტონი, სურათები, მიმიკები და ემოციები. ეკრანთან გატარებული დრო ამას არ ავითარებს.
ასევე, ბევრი კვლევა ადასტურებს ეკრანთან გატარებული დროის ნეგატიურ გავლენას ენისა და მეტყველების განვითარებაზე. კერძოდ, ზრდის მეტყველების შეფერხების განვითარების რისკს. მეტყველების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 3 წლამდე პერიოდი. ამ დროს ხდება გარემოს აქტიური შემეცნება, ლექსიკური მარაგის დაგროვება, მეტყველების გამოყენება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, ინტერაქცია უფროსებთან, თანატოლებთან, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეკრანთან გატარებული დრო, რაც არ უნდა განმავითარებელ აქტივობას უყურებდეს ბავშვი, არ/ვერ ანაცვლებს ამ გამოცდილებას, შესაბამისად, ნეგატიურად აისახება განვითარებაზე.
ეკრანის შუქი გავლენას ახდენს, ასევე, ცირკადული რიტმის დარღვევაზე. 2 საათზე მეტ ხანს ხელოვნურმა შუქმა შეიძლება გამოიწვიოს მელატონინის სუპრესია. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ძილზე და ძილის ხარისხზე. შესაბამისად, გამოიწვიოს ძილის სირთულეები.
ხშირია, როდესაც ბავშვს კვების დროს ურთავენ ეკრანს, ამ დროს მთელი ყურადღება ერთვება მისკენ, აქედან გამომდინარე, ბავშვი ვერ იღებს სიამოვნებას საკვებისგან, რადგან არ არის მასზე კონცენტრირებული, ასევე, არ აქცევს ყურადღებს სხეულებრივ ნიშნებს, მაგალითად, რომ დაკმაყოფილდა და აღარ უნდა საკვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების ჭარბი მიღება.
სხვათა შორის, კვლევები ადასტურებს, რომ ეკრანზე დამოკიდებულება გარკვეულწილად ემპათიის უნარის განვითარებასაც აფერხებს. ემპათიის განვითარებისთვის საჭიროა სახეზე ემოციების წაკითხვა და სოციალური ინტერაქცია. პირისპირ კომუნიკაცია არის ერთადერთი საშუალება, რა დროსაც ბავშვი სწავლობს არავერბალური მინიშნებების გაგებას. ის ამ დროს აქტიურად აკვირდება ადამიანის სახეს, რომ გამომეტყველების მიხედვით გაიგოს ემოციები. ამგვარი ორმხრივი ინტერაქცია ბავშვსა და აღმზრდელს შორის მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისთვის. ეკრანზე დამოკიდებულება კი აფერხებს სახეზე ადამიანის ემოციის ამოკითხვის უნარის განვითარებას და ფრუსტრაციასთან გამკლავებას.

- საშუალოდ, რა დროს უნდა ატარებდეს ბავშვი ეკრანთან?
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან დროის გატარება საერთოდ არ არის რეკომენდებული, ხოლო 3 წლიდან ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა იყოს დღეში 1 საათზე მეტი, რა თქმა უნდა, თუ ნაკლები იქნება, მით უკეთესი. ბავშვს სჭირდება რეალური სიტუაციები განვითარებისთვის, მეტი ურთიერთობა ადამიანებთან და არა - ეკრანთან.
- რა რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს?

- მნიშვნელოვანია 2 წლამდე ასაკის ბავშვს არ ჰქონდეს ხელმისაწვდომობა გაჯეტებზე. 3 წლიდან უნდა მოხდეს ლიმიტის დაწესება, თუმცა მხოლოდ წესის არსებობა, რომ ეკრანთან გატარებული დრო შევზღუდოთ, არ იქნება ეფექტიანი, რადგან ამ დროს ბავშვს მხოლოდ ვუკრძალავთ,  რა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ არ ვეუბნებით, რა უნდა გააკეთოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბავშვის ინტერესები, მასთან ერთად დავგეგმოთ დღე - შეძლებისდაგვარად ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობაში. მნიშვნელოვანია, ეკრანის დრო ჩანაცვლდეს ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობით, რეალური ურთიერთობებით, თამაშით.
არ უნდა მოხდეს ბავშვის წახალისება - „რა კარგად რთავ კომპიუტერს“, „ყოჩაღ, კარგად თამაშობ“. ამით უფრო მეტად მოხდება ამ ქცევის წახალისება და განმტკიცება; მნიშვნელოვანია განისაზღვროს გაჯეტების გამოყენების ოპტიმალური დრო, მაგალითად, 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში თუ დასაშვებია დღეში მაქსიმუმ 1 საათი ეკრანთან (ან უფრო ნაკლები), გადანაწილდეს 15-20 წუთი დღის განმავლობაში. ამ პერიოდში შეგიძლიათ გაჯეტების სასარგებლო მხარე გამოიყენოთ, მაგალითად, ჩაურთოთ განმავითარებელი ვიდეოები, თამაშები.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთიერთობის დროს ჩვენც შევზღუდოთ მობილურის/გაჯეტების გამოყენება. რადგან ბავშვები დიდწილად ქცევებს მიბაძვით დაისწავლიან. თუ ბავშვი მშობელს ან ოჯახის სხვა წევრს მთელი დღის განმავლობაში ხედავს ეკრანთან, ეს ერთგვარი წახალისებაა ბავშვის ქცევის და ასეთ დროს გაჯეტების გამოყენებაზე დროითი ლიმიტის დაწესება გართულდება. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად