Baby Bag

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს"

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს"

რას გამოხატავს ბავშვი გაბრაზებით და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რაც განიცდის ამ დროს მისი შვილი - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ხათუნა დოლიძემ ისაუბრა.

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს. მაგალითად, შესაძლოა, ის გვეუბნება, რომ აკლია უსაფრთხოების განცდა  და უფროსებისგან სურს, მოაქციონ გარკვეულ ჩარჩოებში... ან იმედგაცრუებულია, დაღლილია და ა.შ. ბრაზი არის ადაპტაციური ემოცია, რომელიც ადამიანს ეხმარება, რომ საფრთხე აღიქვას. ერთი შეხედვით, ის თითქოს ადვილი გამოსახატავია, მაგრამ რეალურად სიბრაზის დროს ვართ სუსტები და მოწყვლადები. პატარები ამ დროს განსაკუთრებით იმპულსურები არიან, რადგან განვითარების პროცესში იმყოფებიან, ჯერ არ აქვთ გამომუშავებული თვითკონტროლი. 

მცირე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, ისწავლონ ბრაზის მართვა, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ თანმიმდევრული მიდგომა და მოთმინება. როდესაც ის ბრაზს განიცდის, შიშის განცდაც ეუფლება. ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ დროს მის ორგანიზმში მიმდინარეობს, გონებას იმდენაც მოიცავს, რომ ბავშვებს უძნელდებათ გონივრულად მოქმედება. იმის გაგება, რომ ბრაზი არის სხეულის განგაში, რომელიც რაღაცას გატყობინებს, უკვე ეხმარება ბავშვს იმაში, რომ გაუმკლავდეს განცდებსა და ემოციებს. მათ უმეტესობას სჭირდება უფროსების დახმარება, რათა მართოს ბრაზი და დაარეგულიროს ნერვული სისტემა. უფროსის მხრიდან მნიშვნელოვანია იმის ძიება, თუ რა ამშვიდებს და რა აღადგენს ბავშვის ემოციურ ბალანსს. პატარებისთვის  პირველი დახმარება გახლავთ მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება. როდესაც ბავშვი ბრაზობს და ხედავს მშობელს, რომელმაც ასევე დაკარგა კონტროლი, ეს კიდევ უფრო ზრდის შიშს. ბრაზის მართვის სწავლების საუკეთესო იარაღი არის ემპათიით მოსმენა. ამით არა მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბავშებს, არამედ ვუმტკიცებთ რწმენას, რომ უარყოფით ემოციებთან გამკლავება შესაძლებელია. 

გაზარდეთ ბავშვების ემოციების ცოდნა, ესაუბრეთ ემოციებზე, ასწავლეთ სიტყვები ემოციების გამოსახატავად. როდესაც სიტყვებით იწყებ ემოციების გამოხატვას, იქ უკვე გრძნობების ქმედებით გამოხატვა აღარ გჭირდება. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ბრაზი ნიშანია, რათა დაფიქრდე, შეჩერდე, დაამშვიდო შენი თავი და იფიქრო გამოსავალზე", - ამბობს ხათუნა დოლიძე.


წყარო: ,,​რჩევები მშობლებს"

შეიძლება დაინტერესდეთ

მითია, რომ თუ პატარას ჭიპის გარშემო ტკივილი აქვს, ჭიები ჰყავს?

მითია, რომ თუ პატარას ჭიპის გარშემო ტკივილი აქვს, ჭიები ჰყავს?

მითია, რომ თუ პატარას ჭიპის გარშემო ტკივილი აქვს, ჭიები ჰყავს? - აღნიშნულ თემაზე პირველი არხის გადაცემაში ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ექიმი პარაზიტოლოგი, მედიცინის დოქტორი ირმა კოკაია საუბრობს. 

მისი თქმით, ჭიპის ირგვლი ლოკალიზებული პერიოდული ხასიათის მუცლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ნაწლავური ჰელმინთოზების, მაგრამ არა ყოველთვის:

ჭიპის გარშემო ტკივილის მიზეზები გარდა ჭიებისა, შეიძლება სხვაც იყოს. თუმცა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ჭიპის ირგვლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ჰელმინთოზები. თუ ამას აქვს ინტენსიური ხასიათის ტკივილი და თან ახლავს სხვა სიმპტომატიკაც, სჯობს, მშობელმა სპეციალისტს მიმართოს. ჭია არ არის მხოლოდ ერთი სახეობა, შესაბამისად, ის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც თვითნებურად იყენებენ, არ არის რეკომენდებული. ყველა ანტიჰელმინთური საშუალება, რომელსაც ვიყენებთ, მეტ-ნაკლებად ტოქსიკურია. აქედან გამომდინარე, მათი თვითნებურად, ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე მიღება, არ შეიძლება. რაც შეეხება ხალხურ საშუალებებს, ძირითადად, იყენებენ ნიორს და გოგრის თესლს. გოგრის თესლით ორგანიზმს ზიანი არ მიადგება და შეიძლება მისი გამოყენება, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არა აქვს. თუმცა რომელ პარაზიტს ებრძვის და რა დოზებით უნდა მივიღოთ, ამის შესახებ კვლევები არ არსებობს. მისი ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის, ხოლო, როცა ბავშვს შემაწუხებელი მუცლის ტკივილი აქვს, მხოლოდ გოგრის თესლის იმედად არ უნდა ვიყოთ,“ - დასძინა მარი კოკაიამ.

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად