Baby Bag

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით
ფილოლოგმა გია მურღულიამ მშობლებს შვილების აღზრდასთან დაკავშირებით  12 რჩევა მისცა:

1. არ დაგაბრმავოთ სიყვარულმა - ობიექტურობის დაკარგვა ხიფათთა შორის უპირველესია. არარეალური მოთხოვნები თქვენს შვილსაც გააუბედურებს და თქვენც - იმედგაცრუება არც ერთისთვის საჩუქარი არ არის.

2. არ გაზარდოთ საკუთარი ასლი - თქვენი ვაჟი თუ გოგონა თქვენივე მიზნების (ზოგჯერ განუხორციელებლის) მიღწევის საცდელი სივრცე არ არის. მას საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს და არა თქვენ მიერ დაკვეთილი თუ კონსტრუირებული.

3. დააინტერესეთ ის კულტურითა და განათლებით - სხვაგვარად სხვებისთვის ხანგრძლივად საინტერესო არ იქნება.

4. დაუტოვეთ მას თავისუფალი დრო საკუთარ თავზე დასაფიქრებლად - ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ვითარდება, როდესაც მარტო რჩება - აანალიზებს და აფასებს იმას, რასაც შეიმეცნებს ან თავს გარდახდება.

5. იყავით ზომიერად მომთხოვნი - უფლებებთან ერთად ასწავლეთ შვილს, რა არის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს, სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე.

6. ასწავლეთ სამართლიანობა და კანონის პატივისცემა - უსამართლობა კლავს პიროვნებას და საზოგადოებასაც.

7. დაანახვეთ და შეაგრძნობინეთ სამყაროს, ადამიანისა და ხელოვნების მშვენიერება - ცოდვაა ადამიანი, ვინც ყველაფერში მარადიულ შეუხედაობას უმზერს და არ შეუძლია სილამაზის დანახვა.

8. გამოყავით დრო საკუთარ შვილთან ურთიერთობისთვის - მას ის ყოველთვის სჭირდება, ორმოცდაათსაც რომ გადააბიჯოს - ერთმა „დაზოგილმა“ დღემ შეიძლება წლები დაგაკარგვინოთ.

9. ასწავლეთ, რომ აუცილებელია რაციონალურობისა და ემოციურობის ბალანსი („გონიერი გული“ - როგორც სოლომონ ბრძენი და რუსთველი ახსენებდნენ). მხოლოდ ამ ბალანსით მოიპოვებს ადამიანი ბედნიერებას, რომლიც მიღწევის უფლებაც მას დაბადებიდან აქვს.

10. უთხარით და გააგებინეთ, რომ ადამიანს აქვს შეცდომის უფლება - იდეალური არავინ არის და მიტევების უნარი აუცილებელი ღირსებაა. ასწავლეთ, განასხვავოს შეცდომა და დანაშაული.

11. შეეცადეთ აუხსნათ, რომ რწმენა ვერ ჩაანაცვლებს ცოდნას და - პირიქით.

12. ასწავლეთ, რომ კაცმა მხოლოდ სიკეთესთან, სიყვარულთან და ღირსებასთან ერთად შეიძლება სძლიოს ეგოიზმს, რომელიც ნამდვილი ადამიანის ყველაზე დიდი მტერია.

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით. თუ ასე არ იქნება, ის მხოლოდ თვალთმაქცობას ისწავლის.

და ბოლოს:

რაღაც იცოდე, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ცოდნის შესაბამისად მოქმედებ.

კარგად აუხსენით თქვენს შვილს, რომ ადამიანს სამი რამ გამოავლენს სამყაროს წინაშე: მისი ფიქრი, მისი სიტყვა და მისი საქმე.

მესამე - ყველაზე მეტად.

შეიძლება დაინტერესდეთ

​დღეს ჩემს მოსწავლეებს შევახსენე ორი ჭკვიანი კაცის ნათქვამი...

​დღეს ჩემს მოსწავლეებს შევახსენე ორი ჭკვიანი კაცის ნათქვამი...

დღეს ჩემს მოსწავლეებს შევახსენე ორი ჭკვიანი კაცის ნათქვამი. ერთი (სიმა ციანი) ჩინელია, მეორე (მიშელ მონტენი) - ფრანგი. პირველს (ძვ.წ.-ის 145 - 90) ჩინური ისტორიოგრაფიის მამას უწოდებენ, მეორე კი შედარებით ახალი დროის (1533-1592) დიდი ჰუმანისტი, მწერალი, პოლიტიკოსი, პედაგოგი და ფილოსოფოსია - თანამედროვე ესეს დამამკვიდრებელი.

სიმა ციანი ამბობს:

„ისტორია გრძელდება, რადგან ყოველი მიღწეული არასრულყოფილია“.

ამით ის ადასტურებს, რომ ისტორიას შესაძლოა საზრისი ჰქონდეს და არ დასრულდება, ვიდრე მას სრულად არ გამოხატავს.

მიშელ მონტენის სიტყვები ასეთია:

„რამდენიც უნდა იცოცხლოთ, მაინც ვერ შეამოკლებთ იმ დროს, რომლის განმავლობაშიც მკვდრები იქნებით“.

რა თქმა უნდა, ცხადად ირონიული ნათქვამია, მაგრამ ნათლად მიანიშნებს, რომ ადამიანმა მარადისობას შესაბამისი პატივი უნდა მიაგოს და იფიქროს საკუთარ ადგილზე მასში. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ, ისტორიის მსგავსად, ადამიანის ცხოვრებასაც აზრი აქვს და ამ აზრს შექმნა სჭირდება. სიტყვა „პასუხისმგებლობა„, პირველ რიგში, სწორედ ამას გამოხატავს.

ბავშვები უსმენდნენ ამ ორ დიად გარდაცვლილს და ფიქრობდნენ სიცოცხლეზე.

ამ ფიქრის გარეშე ნებისმიერი გაკვეთილი მკვდარია.

ავტორი ​ფილოლოგი გია მურღულია
წაიკითხეთ სრულად