Baby Bag

„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

​ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა კორონავირუსის პანდემიისადმი მოსახლეობის განწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გულგრილობა ან პანიკა საფრთხეზე არასწორი რეაქციაა:

“ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ზუსტად მიესადაგება ალბერ კამიუს „შავი ჭირი.“ ქალაქში შავი ჭირია და ადამიანები ამის გაცნობიერებას გაურბიან. როდესაც გაცნობიერებას გაურბიხარ, იქ საბედისწერო შედეგი დგება. თუ ადეკვატური ხარ რეალობასთან დამოკიდებულებაში, აღიქვამ, იგებ, გამოხატავ, მაშინ ამ სიტუაციის მართვა და რეგულირება შეგიძლია. თუ საფრთხის პროპორციულია შენი შიში, მაშინ მასთან შესაბამისი დამოკიდებულება გექნება. ​თუ შიში იმაზე მეტია, ვიდრე საფრთხე, მაშინ ეს არის პანიკა. თუ გულგრილობას იჩენ და ამის დანახვას გაურბიხარ, მაშინ ჩვეულებრივ, ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ბრიყვი ხარ. ეს არის, როდესაც პასუხისმგებლობას გაურბიხარ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ყველაზე ლოგიკური დამოკიდებულება იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომელთა რეაქცია საფრთხის პროპორციული იყო:

​დღევანდელი ქართული საზოგადოების მდგომარეობა ასეთია. თავდაპირველი რეაქცია ნაწილში იყო ​გულგრილი, შეიძლება ითქვას, ბრიყვული. გარკვეულ ნაწილში ეს ახლაც გრძელდება. მეორე ნაწილში იყო პანიკური მდგომარეობა. იყო საზოგადოების ის ნაწილიც, რომლის რეაგირება, აღქმა და გამოხატვა იმისა, რაც ხდებოდა, იყო პროპორციული. პირველ ეტაპზე სწორედ ამ ნაწილის დახმარებით გახდა მართვადი სიტუაცია.“

ნანა ჩაჩუა აცხადებს, რომ ადამიანები რეალობას არ უნდა გაურბოდნენ და არასწორი ქცევის კორექტირებას უნდა ცდილობდნენ:

„შემდეგ მოხდა ის, რაც ხდება კამიუს „შავ ჭირში.“ კარანტინში მყოფ ადამიანს შეყვარებული ჰყავს ქალაქგარეთ და ყველა ღონისძიებას უნდა მიმართოს, რომ მას შეხვდეს. ეს არის რეალობიდან გაქცევა. ეს არ არის სიყვარული. ეს დამოკიდებულება არის საკორექციო. დღეს შეგვახსენა ჩვენმა წარსულმა თავი, რომლის დავიწყებასაც მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ. ძველ საქართველოში ჩვენ ერთმანეთს ვესალმებოდით მკერდზე ხელის მიდებით და თავის დახრით. ამას მეც შევესწარი.“

„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა. თუ განსაცდელის საჭიროებას ჩვენ ადეკვატურად მივხვდებით, დავფიქრდებით, თვითჩაღრმავების პროცესში გადავიყვანთ ჩვენი აზროვნების მიმართულებას, რომელიც სულ გარეთ გარბის ბრჭყვიალა საგნებისკენ, დროსტარებისკენ, დავფიქრდებით იმაზე, რომ ​სიცოცხლე უპირველესია, მაშინ მივხვდებით, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობა კიდევ უფრო უპირველესია. სადაც სიცოცხლეა, იქ სიკვდილი არსებობს. სიკვდილი, რომელიც სიცოცხლეში მოპოვებული გაქვს, არის სწორედ „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.“ ჩვენ ყველანაირად მოგვეცა ახლა საშუალება XXI საუკუნის დასაწყისში, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ვართ პასუხისმგებელი საკუთარი თავის, საზოგადოების, ბუნების წინაშე,“ - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა

​წყარო


არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„თუ ვინმეს მიმართ გაქვს აღტაცება, გიყვარს, გიხარია, პატივს სცემ, არ დააგვიანო, თქვი! თუ ახ...
​ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გულწრფელობის შესახებ საუბრობს და გვირჩევს, რომ ჩვენი დადებითი ემოციების ან დამოკიდებულებების შესახებ ხმამაღლა ვისაუბროთ, ნეგატიური აზრები კი დაუფიქრებლად არ გავაჟღეროთ:„მეორე ადა...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ასტრაზენეკას ეფექტური ვაქცინის სიფრთხილით გადაფარული კოვიდის სასიკვდილო შიშები'' - არჩილ მარშანია ვაქცინაციაზე

,,ასტრაზენეკას ეფექტური ვაქცინის სიფრთხილით გადაფარული კოვიდის სასიკვდილო შიშები'' - არჩილ მარშანია ვაქცინაციაზე

,,ასტრაზენეკას ეფექტური ვაქცინის სიფრთხილით გადაფარული კოვიდის სასიკვდილო შიშები'' - ამ სახელწოდებით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,იწვევს თუ არა ვაქცინაცია თრომბოზს?

ამ ეტაპზე ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ვინმე რამეს მალავს ან ‘’აწყობს’, არა, იმიტომ რომ უკიდურესად იშვიათი მოვლენების დაკავშირება ამა თუ იმ პრეპარატთან არის ძალიან რთული.

რატომ არის იშვიათი მოვლენების დაკავშირება პრეპარატებთან რთული?

ზოგადად (მაგალითისთვის) თუ ავიღებთ ქვეყანას რომლის მოსახლეობა დაახლოებით 100 მილიონია, იმ ქვეყანაში ყოველ დღე კვდებიან ადამიანები (ყველა ქვეყანაში კვდებიან ყოველ დღე ადამიანები სხვადასხვა მიზეზით).

ამ ასმილიონიან ქვეყანაში 1000 ადამიანი კვდება ყოველ დღე, ზოგი ავტოსაგზაო შემთხვევაში, ზოგი თრომბოზით, ზოგი ინფარქტით, ზოგი მწვავე ალერგიით, ზოგი სიმსივნით, ზოგი ცოფით და ა.შ.

ჩვენ რომ ავდგეთ ერთ დღეს და ამ ასმილიონიან ქვეყანაში უცბად ყოველ დღე ადამიანებს ვაჭამოთ გორის ვაშლი, ყოველ დღე ისევ მოკვდებიან ადამიანები, მეტიც, ვაშლის ჭამის შედეგაც ბევრი მოკვდება, რაც კვდებოდა სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გორის ვაშლი იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს, ან თრომბოზებს, ან ინფარქტს ან ალერგიას ან სიმსივნეს და ა.შ.

ან რომ ავდგეთ და დღეში მილიონ ადამიანს დავალევინოთ პარაცეტამოლი, პარაცეტამოლის დალევის შემდეგაც მოკვდება ვინმე, თუმცა არ ნიშნავს რომ პარაცეტამოლი კლავს და ა.შ.

ანუ ‘’ვაშლის შემდეგ’’ და ‘’პარაცეტამოლის შემდეგ’’ არ ნიშნავს ‘’ვაშლით გამოწვეულს’’ და ‘’პარაცეტამოლით გამოწვეულს’’.

იგივეა ვაქცინაზე, როდესაც მასიურად იწყებ მოსახლეობისთვის რამის მიწოდებას და მილიონში ერთეული გართულებები ემთხვევა ვაქცინას (ან ვაშლს, ან პარაცეტამოლს) ეს იმას ნიშნავს რომ რთულია გაარჩიო რის გამო მოხდა, ვინაიდან ისედაც ხდებოდა მსგავსი სამწუხარო შემთხვევები და დიდი შანსია რომ დამთხვევა იყოს, კორელაცია (და არა ფაქტი).

შესაბამისად, სჭირდება გამოკვლევა და რისკის და სარგებელის განსაზღვრა.

რამდენად მაღალი შეიძლება იყოს თრომბოზის რისკი ვაქცინის შემდეგ?

ეს რისკი შესაძლებელია რომ საერთოდაც არ არსებობს და არის 0, რადგან იშვიათია და ზოგადად, არავაქცინირებულ ადამიანებშიც ხდება ხოლმე, შესაბამისად ამ ეტაპზე ამის დადგენა იშვიათობის გათვალისწინებით ძალიან რთულია (როგორც დასაწყისში აღვნიშნე).

გერმანიამ 31 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა 2 700 000 ვაქცინის დოზის შემდეგ (არა ვაქცინით განვითარებული, არამედ ვაქცინის შემდეგ* განვითარებული. ორი სხვადასხვა რამეა.)


დიდი ბრიტანეთში - 5 შემთხვევა 11 000 000 ვაქცინის დოზის შემდეგ (არა ვაქცინით განვითარებული, არამედ ვაქცინის შემდეგ* განვითარებული. ორი სხვადასხვა რამეა.)


მსგავსი დამთხვევა შესაძლებელია 1 : 100 000თან იყოს კორელაციაში (არა ფაქტთან) ვაქცინასთან, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ზოგადად, ვაქცინის გარეშე, და არა პანდემიისას (რადგან პანდემიისას ამან კიდევ მოიმატა, ჩვენ დაზუსტებით ვიცით რომ კოვიდის ერთ-ერთი სასიკვდილო დადასტურებული გართულება თრომბოემბოლიებია), არამედ ნორმალურ სიტუაციაში თრომბოემბოლიები გვხვდება 2დან 16მდე შემთხვევა ყოველ მილიონ მოსახლეზე


რატომ არის დიდ ბრიტანეთს და გერმანიას შორის ამხელა სხვაობა?

დიდმა ბრიტანეთმა პირველ რიგში მოხუცების ვაქცინაცია დაიწყო, ხოლო გერმანიამ პირიქით, ამიტომ ის სპეკულაცია რომ შესაძლოა იმუნური პასუხის ‘’ბრალია’’ აქედან მოდის, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ ახალგაზრდა ქალებში, ვინც კონტრაცეპტივებს იღებს, თრომბოემბოლიების რისკი ისედაც მომატებულია ვაქცინის გარეშეც.


იშვიათობა და ბევრი კომპონენტის გათვალისწინებაა ამის დადგენის სირთულე, თუმცა ევროპის მარეგულირებელმა სააგენტომ ვერ ნახა გამოკვლევის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული რისკ ფაქტორი და ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს არ არის დადასტურებული ფაქტი, არის შესაძლებელი თუმცა ახლა საუბარია მხოლოდ კორელაციაზე და ვაქცინის სარგებელი გაცილებით მეტია მის თეორიულ რისკებთან.

მაშინ რატომ შეაჩერა გერმანიამ?

1 - ზედმეტი სიფრთხილე და თავის დაზღვევა;

2 - სხვა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა;

სხვათაშორის მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მსგავსი დაუდასტურებელი შემთხვევბი ყველა ვაქცინას აქვს, მათ შორის მოდერნას და ფაიზერსაც, 36 შემთხვევა 31 000 000 ვაქცინის დოზის შემდეგ (არა ვაქცინით განვითარებული, არამედ ვაქცინის შემდეგ* განვითარებული. ორი სხვადასხვა რამეა).


3 - ადამიანებში ნდობის შენარჩუნება.

საერთოდ ხომ არ ჯობია ამ დაუდასტურებელი თეორიული შემთხვევების გამო შეჩერდეს ვაქცინაცია?

გერმანიის ამჟამინდელი სტატისტიკით მილიონი ვაქცინის დოზის შემდეგ (არა ვაქცინით, არამედ ვაქცინის შემდეგ. ორი სხვადასხვა რამეა) თუ მოკვდა 4 ადამიანი, შევადაროთ კორონავირუსის ინფექციის სიკვდილობის სტატისტიკის ვარაუდს:

  • 60 წლის ასაკის მილიონი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში 20 000 ადამიანი მოკვდებოდა;
  • 40 წლის ასაკის მილიონი ადამიანის ინფიქირებისას დაახლოებით 1000 ადამიანი მოკვდებოდა;
  • 30 წლის ასაკის მილიონი ადამიანის ინფიცირებისას კი რამდენიმე ასეული მოკვდებოდა.


გრძელდება თუ არა შესწავლა და დაკვირვება?

ცხადია ძალიან ფრთხილი და მუდმივი კვლევა/მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობს.

ასტრაზენეკას ვაქცინა თითქმის 100%-თ იცავს კოვიდ19-ს მძიმე გართულებებისგან.

ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს არჩილ მარშანია. 


წაიკითხეთ სრულად