როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„შრომა სანამ სირცხვილი იქნება, მანამდე რა უნდა გვეშველოს?!“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ შვილების ღირებულებებზე დაყრდნობით აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლებსა და შვილებს სადა ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ:
„ღირებულებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც გაზრდი ადამიანს. გქონდეთ ჩვეულებრივი, სადა ურთიერთობები: დღეს გვაქვს, ხვალ არ გვაქვს, დღეს ეს გვაქვს საჭმელი, ხვალ ის გვაქვს. არ არის მნიშვნელოვანი, რა ბრენდის ფეხსაცმელს ჩააცმევ ბავშვს, თან მაშინ, როდესაც არ გაქვს ამის საშუალება. მერე ამადლი შვილს: „მე შენი გულისთვის ვალები ავიღე.“ ვინ გთხოვა ეს? არავის არ უთხოვია. ბავშვმა საერთოდ არ იცის ფასი, შენ თუ არ დაუფიქსირე. იმისთვის ხის სათამაშო და ნებისმიერი პლასტმასის სათამაშო ერთია. როგორ მისცემ, ამას აქვს მნიშვნელობა.“
მარინა კაჭარავას თქმით, შვილი მშობლის შემოქმედებაა და მშობელს ყველა თავისი შეცდომა წინ დახვდება:
„ჩვენივე შემოქმედებაა ჩვენი შვილები. ყველა ჩემი შეცდომა ცხვირწინ დამხვდა და ცხვირში მომხვდა. ეს არის სიჯანსაღე: ვიცხოვრო სადად, მშვიდად, დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში, არა რაღაც ილუზიებში, ზღაპრებში, თეატრალურ დადგმებსა და ტყუილებში. ტყუილში გაზრდილი ადამიანი რეალობაში რომ გადის, რამდენი პრობლემა აქვს მას?! არ სჭირდება ბავშვს იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება. სულ უნდა ჰქონდეს მას რაღაც წინ, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეს. ყველაფერი რომ უკვე აქვს ბავშვს, მერე რა აკეთოს იმან?!“
„ოფიციანტობა არ უნდა, ბენზინს არ ჩაასხამს, მარტო უნდათ, რომ დირექტორები იყვნენ. ეს საიდან მოდის? სახლში არის ის მეფე, დირექტორი, დედოფალი და შესაბამისად, გარეთაც ეს უნდა. საზღვარგარეთ რომ მიდიან, იქ მუშაობენ, იმიტომ, რომ იქ ნაცნობები ვერ ხედავენ. თითქოს რცხვენია ადამიანს შრომის. შრომა სანამ სირცხვილი იქნება, მანამდე რა უნდა გვეშველოს?!“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.