როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ცხოვრება ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე,“ - დათო ზურაბაშვილი
ფსიქიატრმა დათო ზურაბაშვილმა ასაკობრივი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნაოჭები კანის სიბერის ერთ-ერთი მახასიათებელია და თითოეულ ნაოჭს თავისი დატვირთვა აქვს:
„ნაოჭი არის მექანიკური, კანის სიბერის ერთ-ერთი ნაწილი. სიბერის არა, ალბათ, უფრო გაცხიმოვნების, შეცვლის და სომატური ტრანსფორმაციის შედეგი. ყველა ნაოჭს აქვს თავისი დატვირთვა. ნაოჭი შეიძლება იყოს ის, რომელიც გამოჩნდა მუდმივი ღიმილით. შეიძლება იყოს ნაოჭი, რომელიც გამოჩნდა ცხოვრებისეული წესით, ემოციებით და ასე შემდეგ.“
დათო ზურაბაშვილის თქმით, ცხოვრება თეატრის ნაირსახეობაა, შესაბამისად ის ადამიანს იმ სახის ნაოჭს უტოვებს, რა ტიპის ცხოვრებაც განვლო:
„თეატრში როდესაც ადამიანს ხატავენ, ყოველი სცენის წინ ხატავენ შესაბამისი ნაოჭით, რომ გვაჩვენონ, რისი გადაცემა უნდათ. ცხოვრებაც ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე. შეიძლება ეს ნაოჭი გაძლევდეს შენ სილამაზეს, იმიტომ, რომ სახე მუდმივად იცინის. შესაძლოა, ეს ნაოჭი გაძლევდეს შენ დაღლილობის შეგრძნებას.“
„რატომ უნდა გავასწორო ან ერთი, ან მეორე?! თუ დაღლილობაა, გასწორებული ნაოჭი შინაგან დაღლილობას არ მომიხსნის. ჩემი ქცევა არ შეიცვლება, იქნება შეუსაბამო. ბავშვის სახით მოხუცის სიარული შეიძლება?! სახე, ის ნიღაბი, რომელიც ადამიანს ცხოვრებამ, დრომ, სიტუაციამ გაუკეთა, ღირსეულად უნდა ატაროს,“ - აღნიშნულ საკითხზე დათო ზუარაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.