როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
7 მითი ბავშვის აღზრდის შესახებ, რომელიც არ უნდა დავიჯეროთ
ბავშვის აღზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა. როდესაც შვილთან ურთიერთობაზე ვფიქრობთ, ჩვენ ხშირად ჩვენი მშობლების გამოცდილებას ვეყრდნობით. ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ხედვები დროთა განმავლობაში იცვლება და ის მიდგომები, რომლებიც წარსულში სწორად მიგვაჩნდა, აწმყოში არ ამართლებს. ჩვენს სტატიაში ბავშვის აღზრდის შესახებ გავრცელებულ 7 მოსაზრებას გაგაცნობთ, რომელიც თანამედროვე მშობლებს ნაკლებად გამოადგებათ.
1. ბავშვის ჰიპერაქტივობის მიზეზი შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებაა
მშობლების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ბავშვების ჭარბი აქტივობის მიზეზი შოკოლადის ბატონი ან ნაყინია. სისხლში შაქრის დონის მატება ენერგიით გვავსებს, თუმცა, კვლევებით დგინდება, რომ შაქრის ზომიერად მიღება ბავშვების ქცევაზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს. ჰიპერაქტივობას სხვა მიზეზები აქვს. ბავშვის ჰიპერაქტივობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადაღლა და ძილის ნაკლებობაა.
2. მშობლებმა ბავშვების თანდასწრებით არ უნდა იკამათონ
ცხადია, აღნიშნულ მოსაზრებას აქვს თავისი საფუძველი, რადგან მშობლების ჩხუბის შემსწრე ბავშვს, შესაძლოა, შეეშინდეს, რაც მას ემოციურ ტრავმას აყენებს. თუ თქვენს მეუღლესთან კამათის დროს ყვირილზე არ გადადიხართ და კონფლიქტის მოგვარებას ორივე ერთად ცდილობთ, ბავშვს თქვენი კამათი ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში დაეხმარება. მშობლების ჯანსაღი კამათის ყურება ბავშვს ემოციების რეგულაციას ასწავლის და ოჯახური ურთიერთობების თავისებურებებს უკეთ აცნობს.
3. თუ ბავშვის ცუდ ქცევას მკაცრად არ უპასუხებთ, მის ქცევაზე კონტროლს დაკარგავთ
ბავშვის ყველა შეცდომაზე მკაცრი რეაქცია ვერ გექნებათ. თუ ზოგჯერ ბავშვის ნეგატიურ ქცევაზე მკაცრი რეაქცია არ გაქვთ, ეს მასზე დადებითად ზემოქმედებს. ბავშვებს მშობლების ყურადღების მიქცევა უნდათ. თუ მის ნეგატიურ ქცევას უყურადღებოდ დატოვებთ, ბავშვი ეცდება მსგავსი ქცევა აღარ გამოავლინოს.
4. ორი წლის ასაკში ბავშვს კრიტიკული ეტაპი აქვს, რასაც ვერ შევცვლით
ორი წლის ასაკში ბავშვებს ხასიათი და ქცევა მოულოდნელად ეცვლებათ. მშობლები ფიქრობენ, რომ ისინი შვილს ვეღარ უმკლავდებიან. ორი წლის ასაკში გამოვლენილი ცვლილებები სავსებით ნორმალურია და მშობელი აღნიშნულ სიახლეს მოთმინებით უნდა შეხვდეს. ბავშვთან თანამშრომლობა სავსებით შესაძლებელია, თუ მის ყურადღებას თამაშზე ან მისთვის საინტერესო სხვა აქტივობებზე გადაიტანთ.
5. მკაცრი მშობლები კარგი ყოფაქცევის მქონე შვილებს ზრდიან
თუ ძალიან მკაცრი მშობელი ხართ, თქვენი შვილი მოსაწონ ქცევას იმის გამო არ ავლენს, რომ აღნიშნული ქცევის უპირატესობები ესმის, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ეშინია. შეზღუდვები და მკაცრი აკრძალვები ბავშვს თვითრეგულაციას ვერ ასწავლის და ის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასაც ძნელად ახერხებს.
6. შექება ბავშვს უფრო გონიერს და წარმატებულს ხდის
შექება ზოგჯერ ბავშვს უბიძგებს, რომ სწავლაზე ნაკლები ენერგია დახარჯოს. თუ ბავშვს კარგი ნიშნების გამო აქებთ, ის საკუთარი იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვას იწყებს, ხოლო სწავლა და განათლება მისთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ის ეცდება მომავალშიც მოახდინოს თქვენზე შთაბეჭდილება და წარმატების მისაღწევად მარტივი გზა აირჩიოს, თუმცა სერიოზულ გამოწვევებთან შეჭიდებას თავს აარიდებს.
7. პატარებს თქვენი ემოციები არ ესმით, ამიტომ განწყობის დამალვა აუცილებელი არ არის
მშობლები ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ ესმით პატარების ემოციები და განწყობები, ხოლო ბავშვებს მშობლების განცდებზე წარმოდგენაც არ აქვთ. ბავშვი არამხოლოდ გრძნობს თქვენს განწყობას, ის დამოკიდებულია ამ განწყობაზე. მაშინაც კი, როდესაც გარკვეული მიზეზით გაღიზიანებული და გაბრაზებული ხართ, ბავშვთან მხოლოდ დადებითი ემოციები უნდა გამოავლინოთ.