,,როცა იბადება ბავშვი, ოჯახი დიდ იმედებს ამყარებს მასზე და მის მომავალზე. ბავშვი ხდება ოჯახის ყურადღების ცენტრი და მთავარი საინვესტიციო პროექტი, რის შედეგადაც დიდი ტვირთის ტარება უწევს''
რა იწვევს ყველაფრის მიმართ უინტერესობას ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ მათ, რათა განივითარონ შემოქმედებითობა, ლიდერობა და ცნობისმოყვარეობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნატა თუმანიშვილი.
- ხშირად მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილს არაფერი აინტერესებს, არ სწავლობს, არ აქვს მოტივაცია, არ ისწრაფვის სიახლეებისკენ. რამ შეიძლება ასეთი უინტერესობა გამოიწვიოს ბავშვში?
- მინდა მჯეროდეს, რომ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი და მხოლოდ საუკეთესო სურს მისთვის. ბუნებრივია, როცა იბადება ბავშვი, ოჯახი დიდ იმედებს ამყარებს მასზე და მის მომავალზე. ბავშვი ხდება ოჯახის ყურადღების ცენტრი და მთავარი საინვესტიციო პროექტი, რის შედეგადაც დიდი ტვირთის ტარება უწევს. ამ ყველაფერს ემატება წარმატების მიღწევის და სრულყოფილების კულტი, რომელიც დღესდღეობით წამყვანი თემაა.
ბავშვს ჩვილობიდან ტვირთავენ უამრავი დისციპლინით და სპორტით, სკოლის დაწყებამდე ცდილობენ ასწავლონ ის პროგრამა, რაც მომდევნო სასწავლო წლებზეა გათვალისწინებული, ამგვარი დატვირთვით მშობელი ამზადებს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს ან ნობელის პრემიის ლაურეატს და როგორც ვიცით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი მოლოდინები არ მართლდება. მშობელი იმყოფება მუდმივ შფოთვაში, რომ მისი შვილი არ არის „სუპერ“ ბავშვი, შვილი კი მუდმივად გადატვირთულია სხვადასხვა წრეზე და მასწავლებლებთან სიარულით.
დღევანდელ დღეს ბევრი მშობელი ცდილობს ადრეული ასაკიდან ასწავლონ წერა-კითხვა და უცხო ენა, ოღონდ ჩვენ გვავიწყდება, რომ სრულყოფილებისკენ ლტოლვა არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ბავშვი მომავალში წარმატებული და ბედნიერი იქნება. მშობელი ხშირად ითხოვს შვილისაგან წარმატებას, რადგან მან უამრავი ენერგია და ინვესტიცია ჩადო ბავშვში.
როდესაც ბავშვი აღწევს პუბერტატს ანუ ხდება მოზარდი, მას ეწყება რთული გარდატეხის პერიოდი. ამ დროს, მოზარდი დაუმორჩილებლობის დემონსტრირებას ახდენს, უამრავი პროტესტი იჩენს თავს და იწყება პრობლემები მშობელთან კომუნიკაციაში. ხშირად მშობელი მოგვმართავს ჩივილით, რომ მის შვილს „არაფერი არ აინტერესებს“, „არაფერი არ უნდა“, სახლიდან არ გადის, არ ჰყავს მეგობრები და უჭირს ურთიერთობის დამყარება. ასეთი შემთხვევების დროს, მოზარდი სრულიად დემოტივირებულია, რადგან ადრეულ ასაკში მას თავზე მოახვიეს ვალდებულებები და არ აცალეს ფიქრი ან ოცნება. მოზარდს არ განუვითარეს უმთავრესი რამ: მიზნის დასახვა და თავისუფალი არჩევანი, რომ თავად მიეღო გადაწყვეტილება, თუ რა უნდა და რისი უნარი გააჩნია? ასეთ ბავშვებს წაართვეს თავისუფალი ნება, მათ უჭირთ დაასახელონ თუ რა მოსწონთ და რა არა. როცა ამ კითხვას ვუსვამ მოზარდს, ის თითქოს კარნახს ელოდება საკუთარი მშობლისაგან. პირადად მე, ასეთი დამოკიდებულება დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, ვინაიდან იკარგება ბავშვის პიროვნული თვისებები, ითრგუნება კრეატიულობა და მიზანდასახულობა, რადგან მის მაგივრად ჰიპერმზრუნველმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილებები.
- როგორ გავუღვივოთ ბავშვს ინტერესი სხვადასხვა აქტივობის მიმართ?
- მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია განავითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: შემოქმედებითობა, ლიდერობა და ცნობისმოყვარეობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი რჩება მარტო საკუთარ ფიქრებთან და ოცნებებთან. ოღონდ ნუ ავურევთ თავისუფლებას უდისციპლინობასთან. უნდა არსებობდეს საზღვრები და რბილი კონტროლი, სადაც მშობლის „არა“ - არას ნიშნავს და ის მყარია.
- ზოგჯერ ბავშვს სულ სხვა ინტერესები აქვს, ხოლო მშობლები ერთპიროვნულად წყვეტენ თუ რითი დაკავდეს ბავშვი. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ შვილებს ასეთ დროს?
- მე ვურჩევდი ასეთ მშობლებს, მეტი აქცენტი საკუთარ თავზე მიმართონ და გაარკვიონ, თუ რა ცხოვრებისეულ მოდელს სთავაზობენ საკუთარ შვილებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშვი მშობლის ანალოგიურად იქცევა. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - ხარ თუ არა საზგადოებისთვის სასარგებლო? წარმატებული, აქტიური და საინტერესო? რის ეტალონს უქმნით მომავალ თაობებს?
მთავარია კარგად გაიცნოთ თქვენი შვილები და დაინახოთ მათი უნიკალურობა. არასოდეს არ შეადაროთ სხვა ბავშვებს და ხარისხიანად გაატარეთ მათთან მეტი დრო. შედეგად თქვენ არ მოგიწევთ არაფრის დაძალება, იმიტომ რომ გეცოდინებათ - რა უყვარს, რაზე ოცნებობს, რისი ნიჭი გააჩნია, რა გამოსდის კარგად და ამის გათვალისწინებით, სწორ მიმართულებას მისცემთ ცხოვრებაში.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კბილების კრაჭუნი უკავშირდება ნაწლავებში მობინადრე ჭიებს, ეს მოსაზრება მცდარია“
პედიატრმა ცოტნე ბესელიამ კბილების კრაჭუნზე - ბრუქსიზმზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კბილების კრაჭუნი არ უკავშირდება ჭიებს:
„მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კბილების კრაჭუნი უკავშირდება ნაწლავებში მობინადრე ჭიებს. ეს მოსაზრება მტკიცებულებებს მოკლებულია, არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, თუ კბილების კრაჭუნის დროს არ იფიქრებთ ჭიაღუებზე და მით უფრო ამის გამო მათთან ბრძოლას არ გამართავთ, თქვენი განათლება მედიცინაში იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე იყო. აბა რისი გამოვლინებაა კბილების კრაჭუნი? - ის გახლავთ ჩვევა. ამაში ვგულისხმობთ მოქმედებას ან ქცევის სახეს, რომელიც ხშირად მეორდება. ბავშვებში ჩვევები საკმაოდ გავრცელებულია და მრავალფეროვანი. მათგან უმრავლესობა არის უწყინარი და გარდამავალი ხასიათის. კბილების კრაჭუნის გარდა ბავშვებში გვხვდება ისეთი ჩვევები, როგორებიცაა: ფრჩხილების კვნეტა, ცერა თითის წოვა და სხვა მრავალი.
მენტალურ დარღვევათა ბოლო გადახედვის ცნობარში ჩვევები არ განიხილება დიაგნოსტიკურ კატეგორიად, ანუ დარღვევებად, რომლებიც იწვევენ კლინიკურად სარწმუნო აშლილობას ან შეზღუდვას ფუნქციონირებაში.
კბილების კრაჭუნი უფრო ხშირად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და ის შეიძლება უკავშირდებოდეს დღის შიშებს, სხვა ფსიქიკური შიშიც შეიძლება იყოს მისი გამომწვევი. თუ როგორ დაიცვას ბავშვმა სტრესული ფაქტორებისგან თავი, როგორ დაძლიოს მან შიშები, ამაში, პირველ რიგში, მას ოჯახი უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ თუ მშობელმა გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ შეძლო დახმარება, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.
ზოგიერთი ფსიქო-ნევროლოგიური დარღვევის დროსაც შეიძლება შეგვხვდეს კბილების კრაჭუნი, მაგალითად, ის შეიძლება იყოს აუტიზმის სპექტრის დარღვევათა ერთ-ერთი გამოვლინება, ისევე როგორც განმეორებითი ხასიათის სხვა ქცევა, მაგალითად, არამიზანმიმართული სირბილი, ქანაობა, თითის წვერებზე სიარული. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ შემთხვევაში კბილების კრაჭუნი არ იქნება დაავადების ერთადერთი გამოვლინება. თუ კბილების კრაჭუნი ბავშვთან მსგავსი დარღვევების არსებობაში შეგვეპარა ეჭვი, აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს“, - აღნიშნა პედიატრმა ცოტნე ბესელიამ.