,,ადამიანში ბრაზის ჩაკვლას დიდი ენერგია სჭირდება, ემოციები სადღაც იყინება და ეს თავს იჩენს სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებში"- ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა ბრაზის ჩაკვლაზე, რომელიც მიზეზი ხდება სხვადასხვა დაავადებისა და ნაადრევად კლავს ადამიანს:

„ხშირად ადამიანი რომ გარდაიცვლება ამბობენ, რომ საოცარი პიროვნება იყო, ჭიანჭველას არ ატკენდა და უკმაყოფილება არ გამოუხატავსო. ამასთან დაკავშირებით ბევრი კვლევაა ჩატარებული და ექიმები ამბობენ, რომ თუ ჩვენ  საზოგადოებაში „ძალიან კარგებად“ ვართ მიღებულნი, სინამდვილეში ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ხშირად ვახშობთ ბრაზს, რამაც შესაძლოა ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს. ქრონიკულ, მომაკვდინებელ, აუტოიმუნურ დაავადებებთან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ემოციური ჩაკეტილობა. ადამიანში ბრაზის ჩაკვლას დიდი ენერგია სჭირდება, ემოციები სადღაც იყინება და ეს თავს იჩენს სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებში. სიმსივნური დაავადებები, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ძალიან ხშირად არის დაკავშირებული იმ რაღაცეებთან, რასაც „არას“ ვერ ვეუბნებით“.

ნეიროფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ორგანიზმისთვის საზიანოა მუდმივად გვეშინოდეს ვინმეს იმედები არ გავუცრუოთ, სულ ვიღებდეთ პასუხისმგებლობას სხვის გრძნობებზე, ვერ ვეუბნებოდეთ უარს ადამიანებს:

„ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა, სად ვერ ვამბობთ არას? თუ ჩვენ ყველაფერზე „ჰოს“ ან „არას“ ვამბობთ, რომელიც ორი უკიდურესობაა, სადღაც რაღაც ამოყოფს თავს“.

წყარო: ,,იმედის დღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ თქვენ წინაშე ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, გაწყენინათ, გული გატკინათ, ყველა შემთხვევაში უნდა მიუტევოთ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მიტევების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიტევება ყველა შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს, თუ საქმე კრიმინალს და კანონით დასჯად ქმედებას არ ეხება:

„თქვენ წინაშე ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, გაწყენინათ, ​შეურაცხყოფა მოგაყენათ, რის გამოც გული გატკინათ, ყველა შემთხვევაში უნდა მიუტევოთ, თუ, რასაკვირველია, საქმე არ მიდის კრიმინალამდე. თუ მიუტევებთ, ეს თქვენ გჭირდებათ პირადად. ვისაც მიუტევებ, შეიძლება მან ვერც გაიგოს. თქვენ ხომ გინდათ, რომ ბედნიერებას ეწიოთ?! თქვენ მისგან გათავისუფლდით, მიუტევეთ რა, წარსული წავიდა თქვენგან და თქვენ მომავლის გზა გაგეხსნათ.თუ არ მიუტევებდით, ეს გულში დაგრჩებოდათ.“

​შალვა ამონაშვილის თქმით, გულნატკენი ადამიანი კონკრეტულ ვითარებაზე მაღლა უნდა დადგეს და მიუტევოს მას, ვინც გული ატკინა:

„რა მიქნა? როგორ მომაყენა შეურაცხყოფა? როგორ გაბედა? ეს ფიქრი გაგყვებათ შლეიფად და შეგაწუხებთ. გაწყენინათ ვინმემ? გული ძალიან გეტკინათ, მაგრამ ამაღლდით ვითარებაზე მაღლა და იქიდან მიუტევეთ თქვენ. თქვენ რომ მიუტევებთ, თქვენ წინ მიდიხართ. არ მიუტევებთ? თქვენ შეიძლება მასაც კი ჩამორჩეთ, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენათ. ასეთია ფილოსოფია და რეალობა მიტევებისა.“

„სიტყვა „მიტევება“ ტყუილად არ არსებობს ჩვენს მეტყველებაში. უნდა ვიცოდეთ მიტევება, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვმაღლდებით,“- აღნიშნა ​შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად