Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ცერებრული სინუსის თრომბოზის უფასო კონსულტაციის შესაძლებლობა „ნიუ ჰოსპიტალსში“

ცერებრული სინუსის თრომბოზის უფასო კონსულტაციის შესაძლებლობა „ნიუ ჰოსპიტალსში“

მათ, ვისაც ცერებრული სინუსის თრომბოზი აქვს დიაგნოსტირებული, შესაძლებლობა ეძლევა უფასო კონსულტაცია გაიაროს ქეთევან მიქელაძესთან. ჩაწერა ხდება წინასწარ.

MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგ, ნეიროინტერვენციონისტ - ქეთევან მიქელაძეს ეწვია და ამ თემის ირგვლივ საინტერესო ინფორმაცია მოამზადა.

- რა არის ცერებრული სინუსის თრომბოზი და ვის აწუხებს ეს პრობლემა?

ქეთევან მიქელაძე:ცერებრული სინუსის თრომბოზი თრომბების იშვიათი ტიპია და წარმოადგენს თავის ტვინის სინუსების დახშობას.ტვინის ვენურ სისტემაში სისხლის შედედების შედეგად წარმოიქმნება თრომბები და ვეღარ გაედინება თავის ტვინიდან.

მეტწილად ეს პრობლემა ვლინდება ქალბატონებში, ვიდრე მამაკაცებში (3:1). რაც შეეხება ასაკს, უფრო ხშირად ახალგაზრდა ადამიანებში ვლინდება.

- როგორ ვლინდება ცერებრული სინუსის თრომბოზი და რა რისკის მატარებელია?

ქეთევან მიქელაძე: ხშირად გამომწვევი რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ჰორმონალური დაჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება, ასევე, ჭარბწონიანობა, სიმსივნე, სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადება (როგორებიცაა: წითელი მგლურა, ბეხჩეტის სინდრომი და ა.შ), ორსულობა, ნაწლავური დაავადებები, დაბალი არტერიული წნევა თავის ტვინში.თუ დროულად მოხდება დიაგნოსტიკა, რისკი დაბალია, თუმცა ახასიათებს მხედველობის სწრაფი დაქვეითება.

- როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა „ნიუ-ჰოსპიტალსში“?

ქეთევან მიქელაძე: პირველ რიგში, საჭიროა მიმართოთ ნევროლოგს, ხოლო შემდეგი ეტაპია მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფია. დასაწყისში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის დროსაც ვრთავთ ე.წ. ანტიკოაგულანტები. უმეტეს შემთხვევაში ეს საკმარისი არ არის და თუ შედეგი ვერ გამოიღო, შემდეგ უკვე ინიშნება ენდოვასკულური მკურნალობა.

- ენდოვასკულური მკურნალობის უპირატესობებზე რომ ვისაუბროთ.

-ქეთევან მიქელაძე: ამ დაავადების დროს ენდოვასკულური მკურნალობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თრომბის დაშლა მექანიკური ან ლოკალური მედიკამეტების მეშვეობით მიმდინარეობს.

- რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღოთ?

ქეთევან მიქელაძე: უმთავრესი რჩევა იქნება, რომ ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, გაითვალისწინეთ - აბებთან ერთად ნიკოტინის მიღება მკვეთრად ზრდის დაავადების რისკებს. გარდა ნიკოტინის მოხმარებისა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაც საზიანოა. 

R. 

წაიკითხეთ სრულად