Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად