Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​გადაცდენის პირველი ნიშანი არის ხველა" - როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს საკვები გადაცდება

,,​გადაცდენის პირველი ნიშანი არის ხველა" - როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს საკვები გადაცდება

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, მომვლელი იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს საკვები გადაცდება და რამდენად მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მან პანიკას თავი აარიდოს - ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თემურ მიქელაძემ გადაცემაში ,,იმუნიტეტი" ისაუბრა.

,,​გადაცდენის პირველი ნიშანი არის ხველა. საკმაოდ ხშირად, ამ დროს იწყება მშობლის პანიკა, იწყებენ ბავშვის ე.წ. დაკიდებას, ამ დროს კი შეიძლება, პირიქით - ამონაღები საკვების გადაცდენა მოხდეს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადრეული ასაკის, 2 წლამდე ბავშვთან თუ გვაქვს შეხება, შევეცადოთ,  ის 30-გრადუსიანი კუთხით დავხაროთ და ბიძგისებური მოძრაობით ვცადოთ, რომ მან წამოახველოს. შემდეგ  გადმოვატრიალებთ და ვაგრძელებთ იმავე პროცედურას ​(იხ. ვიდეო). მაქსიმალურად ნაზად, ორი თითით უნდა გავაკეთოთ ეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა გააკეთოს მშობელმა თუ მომვლელმა, არის ეს პროცედურა და აუცილებლად დარეკოს 112-ში ან საკუთარ პედიატრთან. თუ ბავშვს ცნობიერება დაკარგული აქვს, ვიწყებთ ე.წ. გულ-ფილტვის რეანიმაციას. ესეც არის გავრცელებული სოციალურ ქსელში. ვიწყებთ დაახლოებით 30 მასაჟით და შემდეგ ორი ჩასუნთქვა პირში. ამიტომ, ყველა მომვლელმა თუ მშობელმა უნდა იცოდეს ეს პირველადი დახმარების წესები. 

ეს არ ეხება მხოლოდ საკვებს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც არ იცავენ იმ ელემენტარულ წესებს, რაც დაკავშირებულია სათამაშოებთან - რომ, მაგალითად, 3 წლამდე არ შეიძლება ამ კონკრეტული სათამაშოს გამოყენება. ის  მწარმოებლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან, რომ ბავშვს სწორი სათამაშო მიაწოდონ, აუცილებლად ბუნებრივ საღებავებს უმატებენ ამ სათამაშოში, რაც რენდგენოკონტრასტულია. განსაკუთრებით არარენდგენოკონტრასტული სათამაშოების გადაცდენა არის საშიში, რადგან შეიძლება, გამოიწვიოს კუჭის კორწოვანის დაზიანება, საყლაპავ მილში გაჭედვა და ა.შ". - განმარტავს მიქელაძე.

წყარო: ,,​იმუნიტეტი"

წაიკითხეთ სრულად