Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევარჩიოთ ზეთი?

როგორ შევარჩიოთ ზეთი?
ზეთის შერჩევისას პირველი და უნივერსალური სახელმძღვანელო გახლავთ ზეთის რაფინირებულობა. ანუ თუ ზეთი რაფინირებულია, ყველა შემთხვევაში არაჯანსაღი და არარეკომენდებულია. ზეთის არაჯანსაღობა მათში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ბალანსით ფასდება. არ აქვს მნიშვნელობა, რისი ზეთია, ქოქოსის, ავოკადოსი თუ მზესუმზირის, რაფინირება არაჯანსაღ თანაფარდობას ქმნის და როცა ასეთი ზეთი ორგანიზმში ხვდება, ანთებისწარმომქმნელ უნარს იძებს და ანთებების კერებს აჩენს ორგანიზმში.

რაფინირების მეთოდი ზეთს ხდის ტემპერატურის მიმართ მდგრადს და სწორედ ამიტომ, რაფინირებული ზეთი გამოიყენება შესაწვავად. კი, ნამდვილად არ იწვება მაღალ ტემპერატურაზე, თუმცა, არაჯანსაღია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მაშინ როგორ მოვიქცეთ?
გამოიყენეთ ისეთი არარაფინირებული ზეთები, რომელთაც ბუნებრივადაც მაღალი წვის ტემპერატურა აქვს. ასეთია: ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი. ხოლო ცხოველური ცხიმებიდან, ერბო გახლავთ უნიკალური შესაწვავად რეკომენდირებული ცხიმი.
ალტერნატიულად, მოამზადეთ უცხომოდ ესა თუ ის კერძი, და სულ ბოლოს დაუმატეთ ცოტა კარაქი ან ნებისმიერი არარაფინირებულ ზეთი.
რაც შეეხება ე.წ. სალათების ზეთებს, როგორც წესი, ასეთი ზეთები არარაფინირებულია და მათი დაბალი წვის ტემპერატურის გამო, მხოლოდ ცივი კერძებისთვის გვირჩევენ ხოლმე და ასეცაა.

ანუ, შესაწვავად გამოსაყენებელ რეკომენდირებული ცხიმები: ერბო, ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი. ხოლო თუ უცხიმოდ შევწვავთ და სულ ბოლოს დავუმატებთ ცხიმს, შესაძლოა ეს ცხიმი იყოს: კარაქი, ზეითუნის არარაფინირებული ზეთი ან ნებისმიერი არარაფინირებული ცხიმი.
წყარო: ​Epicalorie
წაიკითხეთ სრულად