Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა“

რას ნიშნავს უსაფრთხო ზაფხული ბავშვებისთვის? - აღნიშნულ თემებზე პედიატრი ეკა უბერი საუბრობს. 

მისი თქმით, 10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა:

„10-იდან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა - ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში არის სიფრთხილე საჭირო, რადგან დადგენილია, რომ მათთან კანის ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკი 1\200 არის. თუ აუცილებლობა არ არის 10-დან 6-მდე არ გაიყვანოთ პატარები გარეთ და თუ ბავშვის გაყვანა მაინც გიწევთ, აუცილებლად კანის დამცავია საჭირო. ასევე, სასურველია, ბავშვს ღია ფერის და გრილი ტანსაცმელი ეცვას...“ - აღნიშნავს პედიატრი.

 

წაიკითხეთ სრულად