Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„წავიდა ის დრო, როდესაც სიცხიან ბავშვს საფენებს ვადებდით, შეიძლება ამან პირიქით პრობლემები შეგვიქმნას,“ - ნუგზარ უბერი

„წავიდა ის დრო, როდესაც სიცხიან ბავშვს საფენებს ვადებდით, შეიძლება ამან პირიქით პრობლემები შეგვიქმნას,“ - ნუგზარ უბერი

პროფესორმა ნუგზარ უბერმა ბავშვებში მაღალი ტემპერატურის მართვის სწორი მეთოდების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„38,5 ტემპერატურამდე სიცხის დამწევი არ არის რეკომენდებული. ეს არის კლასიკური წინადადება, თუმცა ამის მიღმა იმალება პრობლემები. როდესაც 38-ნახევარზე აძლევ დამწევს და სიცხე მაღლა მიდის, ამ დროს აუცილებელია ბავშვის გადაყვანა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც სტაციონარში​ სიცხე არ ექვემდებარება სიცხის დამწევს. ძალიან ხშირად მშობლებმა იციან თქმა, რომ გადასხმა გაუკეთეს ბავშვს ან მოდიან, გეუბნებიან: „ექიმო, გადასხმაზე წავიყვან.“ თუ ბავშვი სითხეს არ იღებს, საკვები არ მიიღო, მოითენთა, მივარდა, აღებინებს, რასაკვირველია, მას სტაციონარი სჭირდება. იქ ექიმი გადაწყვეტს, რა გადასხმა სჭირდება ბავშვს.“

ნუგზარ უბერის თქმით, ზოგიერთი ბავშვი 40 გრადუს ტემპერატურასაც იტანს, თუმცა ეს დროებითია და საყურადღებო:

„ხანდახან 40 გრადუსიან ბავშვთანაც მივსულვარ, რომელიც დახტის, დარბის, კედელზე დადის. 40 გრადუსი აქვს ბავშვს სიცხე და ამ სიცხეს კარგად იტანს. სხვა ამბავია, რამდენ ხანს აიტანს ამ სიცხეს ბავშვი. ამ მაღალი სიცხის დროს ოთხით ხშირდება სუნთქვა, ათით ხშირდება გულისცემა. პატარა ორგანიზმის რესურსი ამოუწურავი არ არის.“

„ბევრჯერ დამიჭერია, რომ მშობელი ამბობს: ვერ დავალევინე სიცხის დამწევი ბავშვს. დედას ჩამოწერილი უნდა ჰქონდეს თავისი ექიმისგან: თუ ბავშვმა ვერ დალია სიცხის დამწევი, მაშინ გამოიყენოს სანთელი. თუ სანთელიც ვერ გამოიყენა, მაშინ სასწრაფო დახმარება გამოიძახოს.​ წავიდა ის დრო, როდესაც სიცხიან ბავშვს საფენებს ვადებდით, ძმრიან წინდებს ვაცმევდით, აღმოჩნდა, რომ ეს არაეფექტიანია, შეიძლება ამან პირიქით პრობლემები შეგვიქმნას,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნუგზარ უბერმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად