Baby Bag

,,ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა''

,,ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა''

რა შემთხვევაში წარმოადგენს ცხოველის ნაკბენი საფრთხეს? - აღნიშნულ თემაზე MomsEdu.ge-ს რაბიოლოგი მანანა პაპავა ესაუბრა. 

რა შემთხვევაში წარმოადგენს საფრთხეს ძაღლის ან კატის ნაკბენი (თუნდაც ნაკაწრი) ბავშვისთვის?

ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა. ძაღლის ან კატის ნაკბენი, განსაკუთრებით საშიშია თუ ცხოველი აუცრელია, იმყოფება სხვა მიუსაფარ ცხოველებთან კონტაქტში და როდესაც ვერ ვაკვირდებით (არის მიუსაფარი).

ხშირად, როდესაც მშობლები მომმართავენ და ვიცი, რომ დაზიანება ცხოველის მიერ არის მიყენებული, მეუბნებიან რომ სახლის ძაღლმა ან კატამ უკბინა ბავშვს და თვლიან რომ აცრა არ სჭირდება. ძირითადად, აღმოჩნდება რომ ძაღლი არის ეზოში და აქვს კონტაქტი სხვა მიუსაფარ ცხოველებთან. ეს ფაქტი გასათვალისწინებელია, ვინაიდან მშობლები ასეთ დროს არ მიმართავენ ექიმს, არ იღებენ რჩევებს და უშვებენ შეცდომას.

ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის მოვლის საკითხს. ხშირად, ოჯახს არ აქვს ცხოველის პასპორტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ჩანაწერები ცოფზე ჩატარებულ იმუნიზაციაზე. აღნიშნულის არსებობა ექიმს დაეხმარება გამორიცხოს საფრთხეები.

- პირველ რიგში, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

უპირველესად, რაც უნდა გააკეთონ მშობლებმა, ეს არის ნაკბენის, ნაკაწრის, ან დადორბლილი ჭრილობის ჩამობანვა გამდინარე წყლით და გასუფთავება სარეცხი საშუალებით - საპონით (ყველაზე კარგია, სარეცხის საპონი 72%-ანი), ამის შემდეგ, ანტისეპტიკური ხსნარები, წყალბადის ზეჟანგი, ბეტადინის ხსნარი და მიმართონ ქირურგ-რაბიოლოგს.

- უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ, თუ გაკაწრულ ადგილზე ცხოველის ნერწყვი მოხვდა ბავშვს, ასეთ დროს როგორ ვიქცევით?

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ისეთივე საფრთხეს წარმოაგდენს, როგორსაც ნაკბენი, იმ შემთხვევაში, თუ გაკაწრული ნაწილი ღია, ანუ ახალ ჭრილობას წარმოადგენს, ხოლო თუ ეს უკვე ძველი ჭრილობაა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი არ არის.

- აქვე მინდა გკითხოთ, შეიძლება თუ არა გართულება მოჰყვეს ლურსმნებით ან მსგავსი ნივთებით სხეულის ნაწილის დაზიანებას?

ნებისმიერი დაზიანება, რომელიც იწვევს კანის ზედაპირის მთლიანობის დარღვევას და განსაკუთრებით, ნაჩხვლეტი ჭრილობები, მათ შორის ლურსმანით მიყენებული, მიწით დაბინძურებული წარმოადგენს საფრთხეს, რადგან შეიძლება იყოს ტეტანუსის განვითარების მიზეზი. ბავშვები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გეგმიური განრიგის მიხედვით აცრები, არ საჭიროებენ ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციას. აუცილებელია მშობელმა მიმართოს ექიმსს, ვინაიდან ექიმი იღებს გადაწყვეტილებას თითოეულ პაციენტთან, ინდივიდუალურად, მრავალი ფაქტორების გათვალისწინებით.

ესაუბრა მარიამ ჩოქური


შეიძლება დაინტერესდეთ

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად