როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„შესაძლებელია, ბავშვებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩეთ ქრონიკული ხველა. ამ ბავშვების შეფასება არის აუცილებელი,“ - ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი ბავშვებში ხანგრძლივად ტოვებს:
„კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ ადამიანებში, მათ შორის ბავშვებში, ხანგრძლივად რჩება რომელიმე სიმპტომი. ამ სიმპტომების ჩამონათვალი ძალიან დიდია. ასამდე სიმპტომია გამოვლენილი ბავშვებში, რომელიც შეიძლება დარჩეს კორონავირუსის მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ. ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ხველა.“
ივანე ჩხაიძის თქმით, ქრონიკულია ხველა, რომელიც რვა კვირაზე მეტხანს გრძელდება:
„ხველა შეიძლება გაგრძელდეს თვეები, კვირები. როდესაც „ქრონიკულ“ ტერმინს ვიყენებთ ხველის შეფასებისას, ეს არის ხველა რვა კვირაზე მეტი. შესაძლებელია, ბავშვებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩეთ ქრონიკული ხველა. რა თქმა უნდა, ამ ბავშვების შეფასება არის აუცილებელი. არის თუ არა რაიმე სპეციფიკური სამკურნალო საშუალება? სამწუხაროდ, არა, არცერთ ამ სიმპტომს რაიმე სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არ გააჩნია.“
„თუ კითხვა ეხება ექვს წლის ზემოთ ასაკის ბავშვს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვის ფილტვის ფუნქციის დროული შეფასება. მნიშვნელოვანია დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი, კვება, რომელიც უნდა იყოს ბალანსირებული. შესაძლებელია გამოიძებნოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ამ მხრივ ხელს შეუწყობს ბავშვის რეაბილიტაციას. ეს ხანგრძლივი პროცესია და აუცილებლად მოითხოვს დაკვირვებას, შეფასებას, არამხოლოდ ფილტვების, არამედ სხვა სისტემებისაც. არცერთი სხვა ვირუსი ან ბაქტერია ასეთ ხანგრძლივ ნარჩენ მოვლებს არ ტოვებს. ამ მხრივ ეს მართლაც გამორჩეული ვირუსია,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.