Baby Bag

​რისთვის გვჭირდება თუთია და რა როლი აქვს მას იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში

​რისთვის გვჭირდება თუთია და რა როლი აქვს მას იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში

რისთვის გვჭირდება თუთია და რა როლი აქვს მას იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ეს მიკროელემენტი მონაწილეობს:

  • 300-მდე ფერმენტის სინთეზში, რომელთა არსებობა ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისათვის აუცილებელია;
  • მის გარეშე წარმოუდგენელია იმუნური სისტემის ფუნქციონირება. ეს მიკროელემენტი მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას უზრუნველყოფს;
  • დნმ-ის და ცილების სინთეზში;
  • ასტიმულირებს ბავშვის ზრდა-განვითარებას;
  • ხელს უწყობს პოსტოპერაციული ჭრილობების შემცირებას და სწრაფად გამოჯანმრთელებას;
  • აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, გონებრივ მუშაობას, მეხსიერებას;
  • A ვიტამინის და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში;
  • ხელს უწყობს ძვლების, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობას;
  • აუცილებელია ყნოსვისა და გემოვნების რეცეპტორების ფუნქციონირებისათვის;
  • მონაწილეობს ტესტოსტერონის და ინსულინის სინთეზში.

მიკროელემენტ თუთიას რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში სულ 2-3 გრამია და სწორედ ეს მცირე რაოდენობა აკეთებს იმ დიდ საქმეებს, რომელიც უკვე გითხარით.

​თუთიის როლის შესახებ პირველი შრომა ჯერ კიდევ 1869 წელს Raulin-მა გამოაქვეყნა, თუმცა კლინიკურად თუთიის დეფიციტი პირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში აღწერეს. სწორედ მაშინ გამოითქვა პირველი ვარაუდი, რომ თუთია დიდ გავლენას ახდენდა იმუნურ სისტემაზე - შესწავლილი პაციენტები თუთიის მძიმე დეფიციტით სხვადასხვა თანდართული ინფექციით დაახლოებით 25 წლის ასაკში კვდებოდნენ.

ჯანმოს მონაცემებით, პლანეტაზე 2 მლრდ ადამიანს აქვს თუთიის დეფიციტი.

როდის ვითარდება?

  • კვების დეფიციტის ან საკვებიდან თუთიის ათვისების დარღვევისას
  • ორგანიზზმში მძიმე მეტალების, მაგალითად, სპილენძის, ტყვიის მოხვედრისას ალკოჰოლიზმის შემთხვევაში

გამოვლინება

თუთიის დეფიციტის დროს შესაძლოა, გამოვლინდეს ხშირი ავადობა, კანის, ფრხილების პრობლემები, თმის ცვენა, მადის დაქვეითება, ღამის მხედველობის დაქვეითება, ჭრილობების გვიან შეხორცება, გახანგრძლივებული დიარეა, მამაკაცებში იმპოტენცია, ძილის დარღვევები.

საკვებიდან თუთიის 20-40% აითვისება. ამავდროულად, ცხოველური პროდუქტებიდან მისი ათვისება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე მცენარეულიდან.

თუთიით მდიდარი საკვები პროდუქტების სია:

  • ბურღული - ქერი, ხორბალი
  • კარტოფილი, მწვანე ბარდა, ბროკოლი, გოგრა, ლობიო, ოსპი, ისპანახი
  • რძე და რძის პროდუქტები
  • ზღვის პროდუტები - განსაკუთრებით, მოლუსკები, კიბორჩხალები, ლობსტერები
  • თხილეული - განსაკუთრებით ნუში, გოგრის მშრალი თესლი
  • შოკოლადის მოყვარეულებს გაგახარებთ, თუთიის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო შავი შოკოლადია!

ძუძუთი კვების დროს ჩვილს თუთიის დეფიციტის არ უვითარდება - დედის რძე უზრუნველყოფს ბავშვისათვის თუთიის ასაობრივად საჭირო 2 მგ. მიწოდებას. 6 თვის შემდეგ დამატებითი კვების დროული დაწყება ამ დეფიციტს გამორიცხავს.

რა რაოდენობით გვესაჭიროება თუთია?

9 წლამდე თუთიაზე მოთხოვნილება სქესის მიხედვით არ განსხვავდება. 9 წლიდან ვაჟებს უფრო დიდი რაოდენობით სჭირდებათ, ვიდრე გოგონებს, ორსულობისა და ლაქტაციის დროს ასევე საჭიროა თუთიის გაზრდილი რაოდენობა. ცხრილში მოცემულია თუთიის ასკობრივი დოზები აშშ ჯანმრთელობის ინსტიტუტის რეკომენდაციების მიხედვით,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქლიავის მიცემა ბავშვისთვის 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს

ქლიავის მიცემა ბავშვისთვის 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს

ქლიავის სასარგებლო თვისებებზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს ​სიტყვა-სიტყვით

„სხვადასხვა ფერის, განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთნაირად სასარგებლო, წვნიანი და გემრიელი. ის ფართოდ გავრცელებული ხილია და მისი კვალი ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ მასალებშიცაა ნანახი ზეთისხილისა და ყურძნის ნარჩენებთან ერთად. ალბათ შეამჩნევდით, ბავშვებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ბურღულის ფაფისა და ხილის პიურის შემადგენლობაში რთავენ ბავშვთა კვების მწარმოებლები. მართლია, სეზონი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მაინც მოგიყვებით ქლიავზე.

ვიტამინების და მინერალების გემრიელი წყარო

ეს გემრიელი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა წყალში ხსნად ვიტამინს - მასში უხვადაა პრაქტიკულად ყველა B ჯგუფის და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან ქლიავში A და E ვიტამინები შედის.

​ახლა მინერალურ ნივთიერებებს მივყვეთ - ქლიავი განსაკუთრებით მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ქრომს, რკინას, თუთიას, იოდს.

მდიდარია ორგანული მჟავებით, პექტინით, უჯრედისით, ბუნებრივი ანტისეპტიკებით.

რა შეუძლია ქლიავს?

  • კალციუმის და ფოსფორი ძვლის მთავარი მინერალური შემდგენელი ნაწილია.
  • პექტინები და უჯრედისი ხელს უწყობს ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას, აქვთ ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი. ამიტომ ქლიავი შეკრულობის დროს ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის ამ მიზნით ქლიავი ჩირის გამოყენებაც შეგძლიათ ფაფების ან კომპოტის შემადგენლობაში.
  • B ჯგუფის ვიტამინები, რაც დიდი რაოდენობითაა ქლიავის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, კანის, თმის სიჯანსღეს, უზრუნველყოფს კარგ გუნება-განწყობას.
  • ჯადოსური C ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მი მდნარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რაც მზარდი ძვლოვანი სისტემისათვის მატრიქსს წარმოადგენს.
  • სცადეთ უმადო პატრებისათვის - დადგენილია, რომ ქლიავი მადის მატებას იწვევს. საკვები ბოჭკოები ყაბზობასთან ბრძოლის გარდა ნაწლავური ბაქტერიების განვითრებას უწყობს ხელს, რადგან მათთვის საუკეთესო საკვებია.
  • ქლიავის შემადგემლობაში არსებული რკინა და ფოლიუმის მჟავა ანემიის განვითარებას უშლის ხელს.
  • ბუნებრივი ანტისეპტიკების გამო კი ქლიავს ანთების საწინაღმდეგო ეფექტი აქვს, რაც პირის ღრუდან იწყება.

როგორ და რა ასაკიდან?

  • ქლიავის მიცემა 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს. ქლიავის მიცემამდე სჯობს ჯერ სხვა ხილი გაასინჯოთ.
  • შეჩვევა კი ქლიავის რამდენიმე წვეთით დაიწყეთ. თუ პატარას ალერგია ან მონელების პრობლემები არ ექნება, პიურეს მიცემაც შეგიძლიათ. შესთავაზეთ 40-50 გრამი როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ხილთან ან ბურღულეულთან ერთად.


​აი, გემრიელი და სასარგებლო ფაფის რეცეპტი:

ბრინჯი ქლიავითა და ბანანით

მოხარშეთ ბრინჯი წყალში, სრულ მოხარშვამდე 3-5 წუთით ადრე დაამატეთ დაჭრილი ქლიავი. დააბლენდერეთ, დაუმატეთ ბანანის პიურე და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით.

მაწონი ქლიავითა და ატმით

30-30 გრამი ქლიავისა და ატმის პიურე შეურიეთ 100 გრამ მაწონს. ხილი მაწვნის მომჟავო გემოსაც შეარბილებს და სასარგებლო, გემრიელ საკვებსაც მიიღებთ.

მანამდე კი სანამ სეზონი დადგება, ბავშვთა კვებისათვის გათვალსიწინებული ქარხნულად მომზადებული ქლიავის პიურის გამოყენება შეგიძლიათ.“

წაიკითხეთ სრულად