მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როდის არის რეკომენდებული ვახშამი? ოპტიმალური პერიოდი დღის ბოლო კვებისთვის არის დაახლოებით 19:00-20:00 სთ-მდე შუალედი. დავიმახსოვროთ, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი-სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ ბოლო კვება, რომ არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. შედეგად მივიღებთ დისკომფორტს მუცლის არეში, რაც არასრულფასოვანი ძილის წინაპირობაა, ეს კი თავის მხრივ, ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარების, რადგან ირღვევა გამართული მეტაბოლიზმი.
ასევე დიდია მკითხველის ინტერესი, თუ რომელი საკვების მირთმევა არის რეკომენდებული ვახშმად? დავიმახსოვროთ, რომ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. ძირითადად უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სალათებს, რძის ნაწარმს, წვნიანებს. აქვე გამოვყოფ, რომ ხილის მირთმევა საღამოს არ არის რეკომენდებული (როგორც წინა რუბრიკებში აღვნიშნე), შებერილობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კვების რეჟიმში ხილს ეთმობა დღის პირველი ნახევარი. საღამოს ასევე თავი უნდა შევიკავოთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევისგან, რადგან ორგანიზმში საღამოს საათებში მეტაბოლიზმი შედარებით ნელდება, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მირთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს წონაზე. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვახშამი შეიძლება იყოს ბოსტნეულებისგან დამზადებული სალათი (ცხადია, მაიონეზის გარეშე), რძის ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულებისგან დამზადებული წვნიანი. შესაძლებელია წვნიანს ან სალათს დავამატოთ მოხარშული ხორცი, რომელიც ცილების შემცველობის ხარჯზე დაგვეხმარება ნაყროვანებაში. ვახშმის შემდგომ დაძინებამდე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ან ნებისმიერი ჩაი, წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.
2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.
ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.
18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.