Baby Bag

როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ექიმის რჩევები

როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ექიმის რჩევები

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როდის არის რეკომენდებული ვახშამი? ოპტიმალური პერიოდი დღის ბოლო კვებისთვის არის დაახლოებით 19:00-20:00 სთ-მდე შუალედი. დავიმახსოვროთ, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი-სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ ბოლო კვება, რომ არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. შედეგად მივიღებთ დისკომფორტს მუცლის არეში, რაც არასრულფასოვანი ძილის წინაპირობაა, ეს კი თავის მხრივ, ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარების, რადგან ირღვევა გამართული მეტაბოლიზმი.

​ასევე დიდია მკითხველის ინტერესი, თუ რომელი საკვების მირთმევა არის რეკომენდებული ვახშმად? დავიმახსოვროთ, რომ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. ძირითადად უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სალათებს, რძის ნაწარმს, წვნიანებს. აქვე გამოვყოფ, რომ ხილის მირთმევა საღამოს არ არის რეკომენდებული (როგორც ​წინა რუბრიკებში აღვნიშნე), შებერილობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კვების რეჟიმში ხილს ეთმობა დღის პირველი ნახევარი. საღამოს ასევე თავი უნდა შევიკავოთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევისგან, რადგან ორგანიზმში საღამოს საათებში მეტაბოლიზმი შედარებით ნელდება, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მირთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს წონაზე.

​უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვახშამი შეიძლება იყოს  ბოსტნეულებისგან დამზადებული სალათი (ცხადია, მაიონეზის გარეშე), რძის ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულებისგან დამზადებული წვნიანი. შესაძლებელია წვნიანს ან სალათს დავამატოთ მოხარშული ხორცი, რომელიც ცილების შემცველობის ხარჯზე დაგვეხმარება ნაყროვანებაში. ვახშმის შემდგომ დაძინებამდე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ან ნებისმიერი ჩაი, წყალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

დასაშვებია თუ არა კვების დროს წყლის დალევა და რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ნორმის ფარგ...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა წყლის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რ...
რა მივირთვათ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე? - თინათინ კაჭარავას რეკომენდაციები ჯასაღი კვებ...
​მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, როგორი უნდა იყოს კვ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ სქოლიოზის კორექცია გააკეთოთ,“ - ექიმი-რეაბილიტოლოგი თეა ადამია

„ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ სქოლიოზის კორექცია გააკეთოთ,“ - ექიმი-რეაბილიტოლოგი თეა ადამია

ექიმმა-რეაბილიტოლოგმა თეა ადამიამ ხერხემლის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სასურველი სპორტული სახეობების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სქოლიოზის კორექციას ცურვის დახმარებით ვერ შევძლებთ:

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ​რა მოძრაობას აკეთებს ადამიანი, ამა თუ იმ სპორტის სახეობაში ჩართულობისას. ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ კორექცია გააკეთოთ. როდესაც ბავშვს სქოლიოზი აქვს, ის წყალში გამოიყენებს ძლიერ მხარეს. ხშირად მშობელი ჩივის, რომ მწვრთნელი ბავშვს შენიშვნას აძლევს, რადგან ის ბილიკიდან ცდება. ასეთ შემთხვევაში ცურვა იქნება გამაჯანსაღებელი და არა მაკორეგირებელი. თუ არის საუბარი იმაზე, რომ ტანდეგობა მოშვებულია, სიმეტრიულია სხეული, მაგრამ სუსტია, ასეთ შემთხვევაში ცურვა კარგია. ცურვა არის ფანტასტიკური საშუალება, რომ გავაძლიეროთ კუნთი.“

თეა ადამიას თქმით, არცერთი სპორტი არ უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას ან ზრდის შეფერხებას:

„ჩვენ ვხედავთ, რომ სპორტის ერთ სახეობაში უდიდესი ნაწილი სპორტსმენების არის ტანდაბალი, მეორეში კი ტანმაღალია. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს უკეთესი მონაცემია პროფესიული სპორტისთვის. ​მაღალი მიღწევების სპორტი სახეობის მიხედვით ითხოვს გარკვეულ გენეტიკურ მონაცემს. ნებისმიერი დოზირებული ფიზიკური დატვირთვა ბავშვის განვითარებას ხელს უწყობს.“

„მითია, რომ მხატვრული ტანვარჯიში სიმაღლეში ზრდას აფერხებს, ისევე როგორც მითია ის, რომ კალათბურთი და ფრენბურთი სიმაღლეში ზრდის,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა ადამიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად