რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„შეიძლება არასწორი იყოს ბავშვი, მაგრამ მოვუსმინოთ ამ არასწორობას ბოლომდე, კარგი მსმენელი ბავშვს სწორ პასუხს აუცილებლად აპოვნინებს,“ - პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი მშობლების მიერ ბავშვის საფიქრალის მოსმენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობელმა ბავშვს ყურადღებით უნდა მოუსმინოს, რათა მისი სწორ გზაზე დაყენება შეძლოს:
„მოსმენის დაბალი დონე ნიშნავს, როდესაც ბავშვს არ ვუსმენთ. ვუსმენთ საკუთარ თავს. ერთდროულად ადამიანს შეუძლია უსმინოს ერთ ობიექტს. როდესაც დედა ტელეფონშია და ბავშვს არ უსმენს, ეს უკონტაქტობაა. როდესაც ვიღაცას რამეს ეუბნები, ის არ გაცლის თქმას და აქეთ გეპასუხება, თვითშეფასება გიდაბლდება, აბა არ გიდაბლდება? თუ კონფლიქტური სიტუაციაა, არანაირი კონფლიქტი არ მოიხსნება, პირიქით მძაფრდება. შეპასუხებას უკუშეპასუხება მოჰყვება, ორივენი ვდგავართ და ვიწყებთ ხმამაღლა ლაპარაკს, ერთმანეთს ვშორდებით, ეს კონფლიქტია. ჩვენ ვერ დავახლოვდებით, რადგან ვუსმენთ ჩვენს თავს და ვაგრძელებთ საკუთარი თავის მოსმენას.“
პაატა ამონაშვილის თქმით, ბავშვთან კონფლიქტის მთავარი მიზეზი მშობლის უყურადღებობაა:
„ყველა ის შემთხვევა, როდესაც ბავშვი ამბობს: „აღარ მინდა ლაპარაკი,“ შემდეგ კი გადის ოთახიდან, იწყება იმით, რომ ჩვენ არ ვუსმენთ მას და ვუსმენთ ჩვენს თავს. ბავშვს თავისი სისწორე აქვს, როგორც ყველა ჩვენგანს. ამ სისწორეს მოსმენა უნდა. ჩვენი თვალთახედვიდან ბავშვის სათქმელი ხშირად არასწორია, ინფანტილურია. შეიძლება მართლაც არასწორი იყოს ბავშვი, მაგრამ დავიწყოთ იქიდან ,რომ მოვუსმინოთ ამ არასწორობას ბოლომდე.ადამიანს შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, როდესაც შესაძლებლობა აქვს, რომ იფიქროს. როდესაც ბავშვს ვუსმენთ, მას ამ შესაძლებლობას ვუქმნით. როდესაც ბავშვს სწორ გადაწყვეტილებას ვეუბნებით: „ასე კი არ უნდა გექნა, ისე უნდა გექნა,“ ფიქრის შესაძლებლობა ნულია. როდესაც ვისმენთ და ბავშვი იწყებს მსჯელობას, ის თვითონვე იწყებს შესაძლებლობების გადახედვას. ის რაღაცებს პოულობს. კარგი მსმენელი მას სწორ პასუხს აუცილებლად აპოვნინებს შეკითხვებით და არა მითითებებით.“
პაატა ამონაშვილი მშობლებს შეახსენებს, რომ ბავშვი ღმერთის გამოვლინებაა, მისი მოსმენა კი ღმერთის მოსმენის ტოლფასია:
„თუ გვწამს ღმერთის და თუ გვჯერა, რომ ჩვენი შვილები ღმერთის გამოვლინებაა, მაშინ მოდი ჩვენს თავს შთავაგონოთ, რომ ახლა ჩვენ წინაშე ღმერთი საუბრობს რაღაც ენით, მისი გამოვლინება, უფრო სწორად. თუ ამ აზრს ჩვენში გავაძლიერებთ, გავაღვივებთ, რა არის ღმერთის სმენაზე უკეთესი? ღმერთის გამოვლინებას რომ უსმინო, რა არის ამაზე უკეთესი? დავსხდეთ და ვუსმინოთ ამ გამოვლინებას. ბავშვის მოსასმენად ხანდახან ორი წუთიც საკმარისია, ხანდახან შეიძლება ორი თვეც არ იყოს საკმარისი. ეს უნდა ვიგრძნოთ.ბავშვი ორივე მშობელთან მოვიდა. უფრო შორს რომ წავიდეთ, ჩვენი შვილები ბებია-ბაბუებთანაც მოდიან. ბავშვი მათი აღსაზრდელიც არის. ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლიათ. თუ მოსმენაზეა საუბარი, ჩვენი ვისმინოთ, თუ სიყვარულზეა ლაპარაკი, ჩვენი გვიყვარდეს, თუ ზრუნვაზეა საუბარი, ზრუნვა გამოვავლინოთ. ჩვენი საუკეთესო თვისებები ვირუსივით გადამდებია, სიმართლე რომ გითხრათ.“
„როდესაც ბოლო დროს სახლში აღმოჩნდნენ ბავშვები, ერთ მაგალითად მომყავს, როგორ შევუქმენით ბავშვებს სკოლა. გაკვირვებული ვუყურებდი, როგორ აღაფრთოვანა ამ სკოლამ ბავშვები. თვითონ დაიწყეს გაკვეთილების სიების ჩამოწერა. ამ სკოლაში იყო მთელი გაკვეთილების სერია, როდესაც ისინი აქეთ გვასწავლიდნენ რაღაცას. ცეკვის გაკვეთილებზე ისინი გვასწავლიდნენ ილეთებს. მათ ეს ყველაზე მეტად აღაფრთოვანებდათ. არ იყო მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვიყავით მასწავლებლები და ისინი მოსწავლეები,“ - აცხადებს პაატა ამონაშვილი.