რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რეცეპტული ენის დარღვევას ვხვდებით მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს სხვისგან მიღებული ინფორმაციის გაგება და გადამუშავება“
რეცეპტული ენის დარღვევაზე MomsEdu.ge-ს ფსიქოკონსულტანტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი თათული ბაკურაძე ესაუბრა.
- რა არის რეცეპტული ენის დარღვევა?
- როდესაც გვესმის ენის განვითარების დარღვევა, მასში არ იგულისხმება მეტყველებასთან, კერძოდ კი არტიკულაციასთან/გამოთქმასთან დაკავშირებული სირთულეები, ეს არის კომუნიკაციური უნარების დარღვევის ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც შეიძლება იყოს რეცეპტული ენის დარღევა, ექსპრესიული ენის დარღვევა ან რეცეპტული და ექსპრესიული ენის დარღვევა ერთდროულად.
ბავშვებს უჭირთ ენის მნიშვნელობის აღქმა, მათ აქვთ ენის ცოდნასთან დაკავშირებული სირთულეები. ასეთ დროს ბავშვის სმენა წესრიგშია, მას ესმის ყველანაირ სიმაღლეზე ნათქვამი სიტყვა, თუმცა მაინც არ შეუძლია აზრი გამოიტანოს ნათქვამიდან და შესაბამისად, სწორ კონტექსტში დააბრუნოს პასუხი. რეცეპტული ენის დარღვევა ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს, როგორც ზეპირი საუბრის, ასევე დაწერილი ტექსტის გაგება. მათთვის სირთულეს წარმოადგენს სიტყვების მნიშვნელობების გაგება და მათი ფუნქციური დატვირთვის ცოდნა, შესაბამისად, რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვს ხშირ შემთხვევაში უჭირს სხვისი საუბრის შინაარსის აღქმა.
- რა ნიშნებით გამოიხატება რეცეპტული ენის დარღვევა ბავშვებში?
- რეცეპტული ენის სირთულე არის განვითარების დარღვევა და ის ადრეული ბავშვობიდანვე შეიმჩნევა. ჩამოვთვალოთ ის ნიშნები, რაც შეიძლება ახასიათებდეს რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვს:
უყურადღებობა, როდესაც მას ესაუბრებიან;
უჭირს ინსტრუქციების შესრულება და მიმართული საუბრის გაგება;
უჭირს პასუხის გაცემა შეკითხვებზე;
ეჭრება და აწყვეტინებს სხვებს საუბარს;
საჭიროებს წინადადების ან შეკითხვის რამდენჯერმე გამეორებას ან გამარტივებული ენით თქმას;
მისი პასუხი ყოველთვის არ შეესაბამება დასმულ შეკითხვას;
წინადადების შინაარსს არასწორად იგებს;
ვერ აღიქვამს ხუმრობით ამ გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ წინადადებას.
- რა უნარებია საჭირო, რათა რეცეპტული ენის განვითარებას ხელი შევუწყოთ?
- როდესაც მშობელი ატყობს რომ ბავშვს აქვს გარკვეული სირთულეები ენის აღქმასა და პროდუცირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც მშობელმა უნდა გადადგას არის:
სმენის სკრინინგი, რათა გამოირიცხოს სმენასთან დაკავშირებული სირთულეები,
შემდეგ მიმართოს ენისა და მეტყველების თერაპევტს, რათა შეფასდეს ბავშვის ენობრივი განვითარება. სპეციალისტი შეძლებს დიფერენცირებას ენის დარღვევის რომელ სირთულესთან გვაქვს საქმე,
დაიწყოს ენისა და მეტყველების თერაპიები,
აქტიურად ჩაერთოს პროცესში ოჯახის ყველა წევრი.
რეცეპტული ენის შეფასება და დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა რაც უფრო ადრე მიმართავს მშობელი სპეციალისტს მით უკეთესია, რადგან მაქსიმალურად მოხდეს ენობრივი უნარების ათვისება და ენის განვითარების მიახლოება ბავშვის ქრონოლოგიურ ასაკთან. ამისათვის საჭიროა, როგორც ენისა და მეტყველების თერაპიების ინტენსიურად მიღება, ასევე, ოჯახის წევრების აქტიური ჩართვა პროცესში, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, მრავალფეროვანი სამეტყველო გარემო, საუბრით დატვირთული როლური თამაშები, მშობლის მხრიდან ბავშვის ჩართვა თავის ყოველდღიურ აქტივობებში, ეს იქნება სახლის დალაგება თუ საჭმლის მომზადება, ილუსტრირებული წიგნების თვალიერება და მასზე საინტერესო ზღაპრების მოფიქრება, ბევრი სეირნობა და ბუნებასთან პირისპირი კავშირი. ასეთ დროს, მშობელი თავადაც ბავშვი უნდა გახდეს, რადგან მათი თამაში და ურთიერთობა მაქსიმალურად ბუნებრივი, საინტერესო და „მადისაღმძვრელი“ იყოს პატარასთვის, რათა სურვილი გაუჩნდეს მოგბაძოთ და მაქსიმალურად ბევრი ისწავლოს თქვენგან.
- რაში შეიძლება შეუშალოს ბავშვს ხელი რეცეპტული ენის დარღვევამ?
- რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვებს უჭირთ ადამიანებთან დაკონტაქტება ბაღის, სკოლის ან ნებისმიერ სხვა გარემოში. ამან მათში შესაძლოა გამოიწვიოს სირცხვილის გრძნობა. სირთულე აქვთ, როგორც საკუთარი აზრის ზეპირად ან წერილობით გამოხატვის დროს, ასევე, სხვისი საუბრის აღქმაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სირთულეები ენობრივ განვითარებაში არ უკავშირდება ინტელექტუალურ დარღვევას, მათ შესაძლოა ჰქონდეთ საკმაოდ მაღალი ინტელექტი, თუმცა ამის გამოვლენაში ხელს უშლიდეთ მათი არასაკმარისად განვითარებული ენობრივი უნარები, რის გამოც ისინი შესაძლოა იყვნენ საკმაოდ ფრუსტრირებულები და იმედგაცრუებულები. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები, ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორც ისინი, ვისაც ეს სირთულე არ აღენიშნებათ.