რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
დედებს ხშირად უჭირთ იმის აღიარება, რომ ისინი ძალიან იღლებიან. გამუდმებული სტრესის ქვეშ ყოფნა, ბავშვების ხმაური, უწესრიგობა, საოჯახო საქმეები და საკუთარი თავის სრულად დავიწყება ქალბატონების ფსიქიკას უდიდეს ზიანს აყენებს. თუ გრძნობთ, რომ ენერგია გეცლებათ და ემოციურად გადაიწვით, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ ბავშვის მოვლის წესებზე არ გესაუბრებით. ამჯერად ფსიქოლოგის რჩევებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას და ემოციური სტაბილურობის აღდგენას შეძლებთ.
1. პრობლემის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია
ბავშვის დაბადებისთანავე მშობლები გრძნობენ, რომ ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან. წარმოიდგინეთ, რომ შხაპის მისაღებად შეხვედით, ამ დროს ბავშვმა გაიღვიძა და ტირილი დაიწყო. თითქოს ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ როდესაც მსგავსი შემთხვევები ყოველდღიურად მეორდება, თქვენ იღლებით. დროთა განმავლობაში თქვენ ნერვების მოთოკვა გიჭირთ, გრძნობთ, რომ არაფერი გამოგდით, ბავშვს კი ყოველწამიერად სჭირდებით. ამ ყოველივეს დანაშაულის განცდაც ემატება. თქვენ ფიქრობთ, რომ ცუდი დედა ხართ. გარშემომყოფებს თქვენი არ ესმით. თქვენ ხომ სარეცხის მანქანა და ბავშვის საფენები გაქვთ, წლების წინ კი დედებს მსგავსი ფუფუნების საგნები არ ჰქონდათ. ნერვული სისტემა ისევე შეიძლება დაავადდეს, როგორც სხვა ორგანოები. ქრონიკული დაღლილობა ემოციურ გადაწვას იწვევს. შესაძლოა, თქვენ წვრილმანებზე ღიზიანდებოდეთ ან აპათია დაგეუფლოთ. მართალია, არ არსებობს ძალების აღდგენის უნივერსალური მეთოდი, მაგრამ კონკრეტული მიმართულებებით ბრძოლა შეგიძლიათ.
2. ემოციები მოთოკეთ და თავი ხელში აიყვანეთ
როგორც წესი, დედები მზად არიან გარშემომყოფების დასახმარებლად, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერასდროს იცლიან. ისინი ემოციური აფეთქების შემდეგ თავს დამნაშავედ გრძნობენ და იტანჯებიან. უკეთესობისკენ სვლა მხოლოდ სულიერი ძალების მობილიზებით და საკუთარი თავისადმი რწმენის დაბრუნებით არის შესაძლებელი. ბრაზი თუ გიპყრობთ, საკუთარი თავის დადანაშაულებას ნუ დაიწყებთ, თქვენს ემოციებს მოუსმინეთ და საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა გამოიჩინეთ. დაფიქრდით, რის გაკეთებას ისურვებდით თავის დასამშვიდებლად, რა დაგეხმარებოდათ განწყობის გამოკეთებაში. გახსოვდეთ, რომ ოჯახის წევრებზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება. თქვენ სხვებს ვერ გაუნაწილებთ ენერგიას, თუ ძალაგამოცლილი ხართ.
3. ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანეთ
ჩვილობის ასაკის შემდეგ აუცილებელი არ არის, რომ საკუთარ საჭიროებებზე ყოველთვის უარი თქვათ და მთელი დრო ბავშვს დაუთმოთ. თქვენ უფლება გაქვთ სახლიდან გახვიდეთ და საქმეები მოაგვაროთ, ბავშვს კი უფლება აქვს ამის გამო გაბრაზდეს. თქვენ უფლება გაქვთ კიდევ იყოლიოთ შვილები, პირველ შვილს კი უფლება აქვს მათზე იეჭვიანოს. თქვენ უფლება გაქვთ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, ბავშვს კი უფლება აქვს ენატრებოდეს ძველი სახლი. ბავშვს საკუთარი თავის გაცნობის უფლება უნდა მისცეთ. მას დამოუკიდებლობა ესაჭიროება. აუცილებელი არ არის, რომ ყოველთვის და ყველგან მის გვერდით იყოთ. საკუთარი ცხოვრება აუცილებლად უნდა გქონდეთ, მშობლობა თქვენი ერთადერთი როლი არ არის.
4. ნუ იოცნებებთ, რომ იდეალური დედა იყოთ, უბრალოდ კარგი დედა იყავით
კვლევებით დგინდება, რომ მშობლები, რომლებიც ცდილობენ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო მისცენ, უფრო სწრაფად იფიტებიან და იღლებიან. იდეალებისკენ სწრაფვა მშობლებს იმდენად ღლის, რომ ისინი ამის გამო ბავშვებს უხეშად ეპყრობიან. სწორედ „იდეალური დედები“ უყვირიან ბავშვებს მაღაზიაში, როდესაც პატარები ტირიან. მათთვის მიუღებელია, რომ ბავშვმა არასასურველი ქცევა გამოავლინოს. საბოლოოდ ის მშობლები იმარჯვებენ, რომლებიც თავიდანვე ნებდებიან და აღიარებენ, რომ ისინი იდეალურები არ არიან. არ არსებობს ბავშვის სწორად აღზრდის უნივერსალური წესი. რაც უნდა გააკეთოთ, შეცდომას აუცილებლად დაუშვებთ. კარგი დედა ყოველთვის ცდილობს გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ის ყველაფერს არ აკონტროლებს და აღიარებს, რომ ხშირად ცდება.
5. თქვენი მოთხოვნები შეამსუბუქეთ
ინსტაგრამის ვარსკვლავ დედებს ზედმეტად ნუ მიბაძავთ. ყურადღებით დააკვირდით თქვენს მოთხოვნებს და სურვილებს. განსაზღვრეთ, კვირაში რამდენჯერ შეძლებთ სახლის დალაგებას, რამდენჯერ მოამზადებთ დღის განმავლობაში საკვებს, რამდენს დახარჯავთ ბავშვის ტანსაცმლის შესაძენად. ეცადეთ, თქვენი მოთხოვნები შეამსუბუქოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რის გაკეთებასაც მშვიდად შეძლებთ. დედობა მილიონი ბურთით ჟონგლიორობას ჰგავს. ბურთების უმრავლესობა აუცილებლად გაგისხლტებათ ხელიდან. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მარტო ყველაფერს ვერ გაუმკლავდებით. აუცილებლად ითხოვეთ დახმარება. ამაში სასირცხვილო არაფერია.
6. იპოვეთ ენერგიის წყარო
მშობლები ბავშვის აღზრდაში უდიდეს ძალას და ენერგიას ხარჯავენ. თუ ისინი ძალების აღდგენას ვერ ახერხებენ, საბოლოოდ იფიტებიან. ზოგჯერ ბავშვის გარეშე გადით სახლიდან, გაისეირნეთ, შეიძინეთ საყვარელი ნივთი ან ტანისამოსი. ნუ დაელოდებით სხვებს, შესაძლოა, ისინი ვერასდროს მიხვდნენ, რომ დასვენება გჭირდებათ. თავად მოითხოვეთ დახმარება და საკუთარ თავზე იზრუნეთ. ბედნიერი დედა ბავშვს ახალ სათამაშოზე მეტად სჭირდება. პირველი ბავშვის დაბადება დედის ცხოვრებაში ტორნადოსავითაა. მისი ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება. თუ გრძნობთ, რომ ნორმალურად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ.
7. ბავშვთან კავშირი არ დაკარგოთ
შესაძლოა, ბავშვობისას, როდესაც იწყენდით ან რაიმე გაწუხებდათ, მშობლები ნოტაციებს გიკითხავდნენ, არ გეხუტებოდნენ და არ გამშვიდებდნენ. თქვენს შვილებს განსხვავებული მაგალითი უნდა მისცეთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გრძნობთ თავს და რა გაწუხებთ, ბავშვს ყოველთვის უნდა აგრძნობინებთ, რომ მისი გრძნობები თქვენთვისაც საგრძნობია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოწყენის, გაბრაზების, უკმაყოფილების ან შიშის უფლება. ის უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს მისი ესმის და მის გვერდითაა. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომელსაც მშობელი მის მიმართ ავლენს.