Baby Bag

რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე?

რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე?
რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:

  • ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
  • გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
  • ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
  • ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R

თუ ქალს ნათესავი ჰყავდა ძუძუს ან საკვერცხის სიმსივნით დაავადებული, აუცილებლად უნდა ჩაიტარო...
რა უნდა მოვიმოქმედოთ ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის და არის თუა არა დღეს სიმსივნე განაჩენი ამ და სხვა აქტაულურ საკითხებზე ​Moms.ge-ს ონკო-გინეკოლოგი არჩილ შარაშენიძე ესა...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მძიმე გარეგნული დაზიანებები არ ნიშნავს თავის მძიმე ტრავმას და პირიქით, კანის მინიმალური დაზიანება არ გამორიცხავს მძიმე შინაგან დაზიანებებს'' - ნევროლოგი თამარ ედიბერიძე დეტალებზე

,,მძიმე გარეგნული დაზიანებები არ ნიშნავს თავის მძიმე ტრავმას და პირიქით, კანის მინიმალური დაზიანება არ გამორიცხავს მძიმე შინაგან დაზიანებებს'' - ნევროლოგი თამარ ედიბერიძე დეტალებზე

მცირეწლოვან ბავშვებში ხშირია თავის დარტყმით მიღებული ტრავმა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდის მიმართოს ექიმს, რა შეიძლება განვითარდეს თავის დარტყმის შედეგად? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.

- ქალბატონო თამარ, ბავშვები ხშირად იღებენ თავის ტრავმას დარტყმის შედეგად. როგორ უნდა გავიგოთ, რამდენად საშიშია მდგომარეობა და ტრავმა მსუბუქია თუ არა?
- ადრეული ასაკის ბავშვების შემთხვევაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებასა თუ ნევროლოგთან მიმართვის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი სწორედ თავის ტრავმაა. საბედნიეროდ, შემთხვევათა უმრავლესობაში საქმე გვაქვს თავის მინიმალურ ტრავმასთან, რომელიც პროგნოზულად სრულიად კეთილსაიმედოა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პერსონალმა და ოჯახმა სიფრთხილე და სიფხიზლე არ გამოიჩინონ. არსებობს საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომების ჩამონათვალი, რომელთა დაფიქსირების შემთხვევაში კვლევები უნდა გაღრმავდეს და პაციენტი საჭიროებს სპეციალიზირებულ დახმარებას. სხვა შემთხვევაში ბავშვი რჩება დაკვირვების ქვეშ და აგრძელებს ჩვეული რეჟიმით ცხოვრებას.

- თავის რომელ მონაკვეთში მიღებული ტრავმაა მეტად საყურადღებო? (ამბობენ, რომ თავის უკანა ნაწილი უფრო საშიშია და რამდენად სწორია?)
- რეალურად თავის ყველა უბანი მნიშვნელოვანია და არცერთი არ „გვემეტება“ დასაზიანებლად. საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომების ჩამონათვალში მიდგომა არ იცვლება, იმის მიხედვით შუბლი დაიზიანა ბავშვმა, კეფა თუ საფეთქელი, ე.წ. უსაფრთხო ზონა თავის დაზიანებისთვის არ არსებობს. ჩვენ, ყველა ნაწილს ერთნაირად უნდა გავუფრთხილდეთ. თუმცა, ლოკალიზაციას ექიმებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს კონკრეტული სამიზნე სიმპტომების მონიტორინგის და პროგნოზის გაკეთებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ, მაგალითად, კეფის მიდამოს დარტყმის შემთხვევაში, თავის ტვინის დაზიანება შეიძლება მოიცავდეს უპირატესად შუბლის წილს, მარჯვენა საფეთქლის დაზიანების შემთხვევაში მარცხენა, ან ორივე საფეთქელს და ა.შ. ეს ყველაფერი ტრავმის დროს თავის ქალაში თავის ტვინის მოძრაობის შედეგია.

- რას უნდა დააკვირდეს და რა სახის პირველადი დახმარება უნდა გაუწიოს მშობელმა (აღმზრდელმა) ბავშვს? ცივის დადება შეიძლება თუ არა?

​- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა და თვითმხილველებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და სწორი დახმარება აღმოუჩინონ ადგილზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საყურადღებო თუ საგანგაშო სიმპტომებისა და ნიშნების გარკვეული ნაწილის შესახებ ინფორმაცია სწორედ თვითმხილველებმა უნდა მოგვაწოდონ, რაც ზრდის მათ პასუხისმგებლობას. 

კერძოდ, როდის და რა სიტუაციაში განვითარდა თავის ტრავმა, როგორი იყო ბავშვის მდგომარეობა ტრავმის მიღებამდე და უშუალოდ ტრავმის მიღების შემდეგ. ყველაზე კრიტიკული ინფორმაციაა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ცნობიერების შეცვლას ან დაკარგვას და თუ კი, რა პერიოდი გაგრძელდა ეს.

ადრეული ასაკის ბავშვების შემთხვევაში ამას ვადგენთ იტირა თუ არა ბავშვმა მაშინვე, რეაგირებდა თუ არა ოჯახის წევრის შეხებასა და მოფერებაზე, მიმართულ მეტყველებაზე, გვპასუხობდა თუ არა მარტივ შეკითხვებზე, მაგალითად, ხელით გვანიშნებდა, სად სტკივა. 

თუ უკვე მოზრდილია ბავშვი, რომელიც მეტყველებს, მას ვეკითხებით, როგორ გრძნობს თავს, სად სტკივა, რამდენად ძლიერად სტკივა, თუ ახსოვს როგორ მიიღო ტრავმა, ასევე სასურველია ფრთხილად დავაზუსტოთ, ხომ არ არის დარღვეული ორიენტაცია დროში და გარემოში, ვეკითხებით: „რა გქვია?“ „რამდენი წლის ხარ?“ „გახსოვს ახლა სად ხარ?“ „რა დღეა დღეს?“ რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეკითხვების დასმის დროს ვითვალისწინებთ ბავშვის ასაკს და განვითარების დონეს. მსგავს კითხვებზე არაადეკვატური პასუხები უკვე საგანგაშო სიმპტომია. 

ასევე ვცდილობთ, დავაზუსტოთ, რომ არ აქვს ბავშვს ტრავმის შემდეგ მხედველობასთან, ან სმენასთან, ასევე მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები - „კარგად მხედავ?“„გესმის ჩემი?“ „შეგიძლია დამელაპარაკო?“ 

თუ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ტრავმის შემდეგ გაუარესდა ბავშვის მხედველობა, სმენა, უჭირს მეტყველება - აუცილებელია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სასწრაფოდ გადამისამართება. 

ტრავმის შემდეგ ასევე ვაკვირდებით, როგორია ბავშვის სხეულის პოზა და ახერხებს თუ არა სპონტანურად კიდურების მოძრაობას. თუ ბავშვი აქტიურად წამოხტა და თვითონვე ჩაგვეხუტა, მას კიდურებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მოტეხილობა ან სხვა ტიპის სერიოზული ტრავმა არ უნდა ჰქონდეს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, მეტისმეტად აქტიური მოძრაობა და, მით უმეტეს, გამოსაფხიზლებლად ბავშვის აქტიურად შენჯღრევა დაუშვებელია, ვიდრე ბოლომდე არ გამოვრიცხავთ რისკებს. თუ ვატყობთ, რომ ბავშვი ზოგავს სხეულის რომელიმე ნაწილს, შეკითხვებით ვაზუსტებთ სტკივა, თუ პირიქით ვეღარ გრძნობს ამ ნაწილს. კიდურ(ებ)ის უმოძრაობა შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც ადგილობრივად კიდურის მოტეხილობას ან დაჟეჟილობას, ასევე თავის ტვინის შესაბამისი უბნის დაჟეჟილობას ან სისხლჩაქცევას, ორივე შემთხვევა სასწრაფო, გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს.

​ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, ვინც ამ დროს არის ბავშვთან, იყოს მობილიზებული და არ აჰყვეს პანიკას. ტრავმის შედეგები და მით უფრო შიში შესაძლო მძიმე დაზიანებაზე, ადამიანურად ძალიან რთული სამართავია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანიკა ყოველთვის ხელს გვიშლის სიტუაციის სწორად შეფასებაში და რაც მთავარია, პანიკას აყოლილებს ადვილად შეიძლება გამოგვეპაროს რეალურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც არასაკმარისი, ან არასწორი დახმარების მიზეზი შეიძლება გახდეს.
თუ უშუალოდ ტრავმის შემდგომმა პერიოდმა გაიარა და პირველი წუთების მანძილზე ვერ შევნიშნეთ ზემოთ აღწერილი საგანგაშო ნიშნები, ვცდილობთ, რომ დავამშვიდოთ ბავშვი, ჩავეხუტოთ და გარკვეული პერიოდი, მინიმუმ 2 საათი, აუცილებლად უნდა გვყავდეს მჭიდრო დაკვირვების ქვეშ. 

ზოგადად ტრავმის შემდგომ საყურადღებო პერიოდი გრძელდება 3 დღემდე, რა თქმა უნდა, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე. სიფხიზლე აუცილებელია მაშინაც, თუ ბავშვი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ თავად ტრავმა იყო სერიოზული საფრთხის შემცველი - დიდი სიმაღლიდან ვარდნა, დიდი სიჩქარით შეჯახება მყარ ზედაპირზე და ა.შ. ან ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ შევესწარით უშუალოდ ტრავმის მომენტს და არ ვიცით რეალურად რა მოხდა და როგორ მიიღო ბავშვმა ტრავმა, სიმძიმის და ლოკალიზაციის შეფასებაში ნაწილობრივ გვეხმარება გარეგნული ნიშნებიც - კოპი და დალურჯება-დაჟეჟილობები, ტრავმის ადგილას. 

თუმცა, გარეგნული ნიშნების სიმძაფრე, ტრავმის სიმძიმესთან ყოველთვის კორელაციაში არ არის, ანუ მძიმე გარეგნული დაზიანებები არ ნიშნავს თავის მძიმე ტრავმას და პირიქით, კანის მინიმალური დაზიანება არ გამორიცხავს მძიმე შინაგან დაზიანებებს. თუ ბავშვს აქვს რაიმე ქრონიკული, ნევროლოგიური თუ სხვა დაავადება და/ან იღებს მედიკამენტებს, რომლებიც შეიძლება მოქმედებდნენ სისხლის შედედების, ან სისხლძარღვების განვლადობის ცვლილებაზე, აუცილებელია დაუყოვნებლივ დავუკავშირდეთ მკურნალ ექიმს და ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში გადავიყვანოთ გადაუდებელი დახმარების ან სპეციალიზირებულ ცენტრში შეფასებისთვის.
არ აიძულოთ დაშავებული ბავშვს, გაამოძრაოს კიდურები ან წამოჯდეს, თუ ეს მას არ სურს, უჭირს მოძრაობა და მით უფრო, ამბობს ან განიშნებთ, რომ აქვს ძლიერი ტკივილი თავის, კისრის და ხერხემლის მიდამოში. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, დაველოდოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას და საგანგებო ფიქსაციის შემდეგ მოხდეს ბავშვის გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე.

თუ სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვთან გვაქვს საქმე, რომელიც სრულად შემოდის კონტაქტში, სარწმუნოდ კარგად გრძნობს თავს და მხოლოდ ადგილობრივად უჩივის დისკომფორტს, რაც კანის და რბილი ქსოვილების დაჟეჟილობას უკავშირდება, ბუნებრივია, მაინც არ ვდუნდებით, მაგრამ თქვენ მიერ აღნიშნული ცივი საფენის გამოყენება ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება. ის ამცირებს ადგილობრივად შეშუპებას და ტკივილს. ჩვეულებრივ ესაა ხოლმე ყინულიან წყალში დასველებული ტილო, ან ტილოში შეხვეული ყინულის ნატეხები. ამავე მიზნით შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად, გაყინული წყლით სავსე ბოთლი. გაითვალისწინეთ, ყინული და ყინულიანი საგანი, სასურველია ყოველთვის ნაჭერში იყოს შეხვეული და არ დაადოთ უშუალოდ კანზე. 

 

ასევე, მსგავსი ტიპის მანიპულაცია არ ტარდება ღია ჭრილობაზე. ნებისმიერი ჭრილობა ჯერ უნდა დამუშავდეს ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების დაცვით;

ამის შემდეგ, თუ ის არ არის სისხლმდენი და ღრმა, უკვე შეიძლება ცივი საფენის გამოყენება თქვენ მიერ. ყველა სხვა შემთხვევაში, ჭრილობა და დაზიანება უნდა დამუშავდეს სპეციალისტების მიერ. 

ასევე ყინულიანი საფენი არ უნდა იწვევდეს ძლიერ დისკომფორტს და სიმპტომების გაძლიერებას. თუ ტრავმის ფონზე მოხდა ჭრილობის დაბინძურება, მაგალითად, მიწით, გადახედეთ ბავშვის აცრების კალენდარს და პედიატრთან დააზუსტეთ, ხომ არ საჭიროებს ტეტანუსის საწინააღმდეგოდ რაიმე ტიპის პრევენციულ საშუალებას.
- რა შეიძლება განვითარდეს თავის დარტყმის შემდეგ (რა თქმა უნდა, მისი სიძლიერის მიხედვით)?
- შესაძლო დაზიანებების სპექტრი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე, სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე. ყველაზე მსუბუქია მხოლოდ კანის და რბილი ქსოვილების დაზიანება; უფრო დრამატულ სიტუაციაში შეიძლება განვითარდეს თავის ქალის ძვლოვანი სტრუქტურების მოტეხილობა და ბოლოს, ყველაზე მძიმე გართულებაა სისხლჩაქცევა ტვინის ქსოვილში და ტვინის ქსოვილის დაჟეჟილობა. კლინიკური სურათი და პროგნოზიც ამის მიხედვით იცვლება. კანის საფარველის იზოლირებული დაზიანება მაქსიმუმ უხეში და კოსმეტიკურად მიუღებელი ნაწიბურით „გაგვირთულდეს“. ძვლოვანი სტრუქტურების მოტეხილობა საშიშია სისხლდენის, ასევე უშუალოდ ძვლის ფრაგმენტებით ტვინის დაზიანების რისკის გამო, ხოლო ტვინის ქსოვილის დაზიანება სისხლჩაქცევის, თუ უშუალოდ მატრავმირებელი საგნის გავლენით, დაზიანების გავრცელების და ლოკალიზაციის გათვალისწინებით შეიძლება უკვალოდაც ალაგდეს, თუმცა სხვა შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს მძიმე ნევროლოგიური დეფიციტის (პარეზი, დამბლა) ან ეპილეფსიური გულყრების განვითარების მიზეზი.
- რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ, აუცილებლად, ექიმს? 

- შევეცადოთ, რომ პუნქტებად ჩამოვაყალიბოთ ამ კითხვაზე პასუხი:

  • ნებისმიერი სიმძიმის ტრავმის შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს რაიმე ტიპის ქრონიკული დაავადება და/ან იღებს ისეთ მკურნალობას, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს, ან სისხლძარღვების განვლადობას - აუცილებელია კომუნიკაცია მკურნალ ექიმთან და ბავშვის შეფასება. ჩვეულებრივ, მსგავსი რისკის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებულები არიან ხოლმე, როგორ მოიქცნენ და ვის მიმართონ მსგავს სიტუაციაში. თუ არ გაქვთ წინასწარ ასეთი ინფორმაცია, მიმართეთ სპეციალიზირებულ ცენტრს, ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას
  • თუ ბავშვის ასაკი არის 2 წლამდე, კლინიკური სურათი შეიძლება, შემპარავად ვითარდებოდეს, პირველი კლინიკური ნიშნები არ იყოს მკაფიო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოვიჩინოთ სიფხიზლე და ბავშვი შეაფასოს სპეციალისტმა
  • 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში უფრო ადვილია ზემოთ აღწერილი საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომების ადგილზე და სარწმუნოდ შეფასება. თუ სახეზეა ცნობიერების დაკარგვა, ან თუნდაც შეცვლა, მეხსიერებაში ჩავარდნები, მეტყველების, მხედველობის, სმენასთან და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები, მით უფრო, თუ გვაქვს მძიმე გარეგნული დაზიანება, ან ტრავმის სიმძიმე იყო მაღალი და სახიფათო, ბავშვი დაუყოვნებლივ გადაგვყავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ბავშვი გადავიყვანოთ სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო ცენტრში და დრო არ დავკარგოთ ექიმებთან კერძო ვიზიტებზე, ამბულატორულად. არ დაიწყოთ გამოკვლევების დამოუკიდებლად და თვითნებურად დაგეგმვა. მაღალტექნოლოგიური კვლევების შემთხვევაში, როგორებიცაა: კომპიუტერული თუ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ დროს და გამოკვლევის ტიპს, რაც ექიმის კომპეტენციაა
  • თუ ბავშვი არის 2 წლის და მეტი ასაკის, არ არის გამოხატული არც ერთი ზემოთ აღნიშნული საგანგაშო სიმპტომი, ტრავმის სიმძიმეც პოტენციურად არ იყო მაღალი, შეგვიძლია გავაგრძელოთ ადგილზე დაკვირვება, საქმის კურსში ჩავაყენოთ ბავშვის ექიმი ნევროლოგი ან პედიატრი. თუმცა, თუ ამ დროს იმყოფებით ქალაქგარეთ და/ან სამედიცინო ცენტრისგან დაშორებულ ადგილას, თადარიგი დაიჭირეთ, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომ გართულების შემთხვევაში არ დაიკარგოს დრო
  • თუ უშუალოდ ტრავმის შემდეგ ბავშვი კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ პირველი წუთების ან საათების მანძილზე, ეტაპობრივად გამოიხატა მეტისმეტი აჟიტირება, ან ძლიერი მოდუნება-ძილიანობა, ასევე რომელიმე ზემოთ აღწერილი საგანგაშო ნიშანი, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და/ ან გადაიყვანეთ ბავშვი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
- ბავშვობაში მიღებულმა ტრავმამ შეიძლება თუ არა მომავალში იჩინოს თავი?
- მინიმალური და მსუბუქი სიმძიმის ტრავმები უმეტესად უკვალოდ გადის. თუ ტვინის ქსოვილის მძიმე დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ლოკალიზაციის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, შეიძლება გვქონდეს ნარჩენი მოვლენების სახით, მაგალითად პარეზი ან დამბლა, ან სხვა ტიპის პათოლოგიური კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკა. თუმცა, მსგავსი გართულებები ჩვეულებრივ, ტრავმის გადატანისთანავე ან ტრავმიდან მოკლე დროში ხდება თვალსაჩინო და შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არ აღმოცენდეს მოზრდილობაში. ტვინის ქსოვილის საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანების გვიანი გართულება შეიძლება იყოს ასევე ეპილეფსიური გულყრები. ამ შემთხვევაშიც, ტრავმიდან დაახლოებით 1 წლის ვადაში აღმოცენდება ხოლმე აღნიშნული გართულება და რამდენიმეწლიანი ინტერვალით, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა უკვე რთულია. ქრონიკული ტიპის თავის ტკივილის მქონე პაციენტები ხშირად შფოთავენ, ხომ არ უკავშირდება მათი ჩივილი ბავშვობაში გადატანილ თავის ტრავმას, მაგრამ ამ დროს, ზოგადად, ქრონიკული სახის თავის ტკივილის ტიპებიც და მიზეზებიც იმდენად კომპლექსურია, რომ რთულია ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა. თუ ბავშვობის ასაკის ტრავმა იყო მინიმალური ან მსუბუქი სიმძიმის, ასეთი კორელაცია ჩვეულებრივ, არ არის ხოლმე. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად