რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა სიმპტომების კომბინაციის გამოვლენის უნდა ეშინოდეს მშობელს, თუ ბავშვი შეუძლოდაა?
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის გამოვლენის რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული სინდრომი პატარებში უმეტესად ხუთი წლის შემდეგ ვლინდება:
„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი შედარებით მოზრდილ ასაკში უფრო მეტია. მცირე ასაკში, პატარა ბავშვებში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ შესაძლებელია გვქონდეს. ეს უფრო მეტად მაინც ხდება ხუთი წლის ზემოთ ასაკში. როდესაც ჩვენ ამ სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ესენია: ცხელება, დიარეა, გამონაყარი, შესაძლებელია მკვეთრად შეშუპებული იყოს ხელი და ფეხის მიდამოები, ღებინება, ტუჩების მიდამოებში და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სილურჯე. ამაზეა საუბარი, როდესაც რაღაც ნიშნების კომპილაცია არის ერთად.“
მაია ხერხეულიძის თქმით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს სიმპტომთა გარკვეული კომბინაცია უნდა გამოვლინდეს და არა ცალკეული სიმპტომი:
„როდესაც მარტო ერთი ნიშანია მხოლოდ გამოვლენილი, არც ცხელება აქვს ბავშვს, არც სხვა ნიშნები, რომლებიც ჩამოვთვალე და არის მარტო ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ნუ ჩათვლით, რომ ეს შეიძლება იყოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სიმპტომი. როგორც ვთქვი, ამ შემთხვევაში სხვადასხვა სისტემა არის ხოლმე ერთად ჩართული. ეს ყველაფერი აუცილებლად ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.“
„შესაძლებელია, ბევრი მიზეზი იყოს დიარეის. შეიძლება ეს იყოს კვებასთან დაკავშირებული. სხვა უამრავი გამომწვევი აქვს დიარეას, მათ შორის, შეიძლება იყოს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული გამომწვევიც. ამ შემთხვევაში ტემპერატურა გააკონტროლეთ, გააკონტროლეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, ხომ არ აქვს მას მეტად ძილიანობა, ხომ არ არის ძალიან აღგზნებული, ხომ შეუძლია, რომ კარგად მიიღოს სითხე და საკვები. თუ ბავშვს ზოგადი მდგომარეობა კარგი აქვს, ჩათვალეთ, რომ ეს არ არის ამ სინდრომის გამოვლინება. ბავშვს უმკურნალეთ ისე, როგორც ვმკურნალობთ დიარეას,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.