Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩაქაფული ხბოს ხორცისგან არის მომზადებული და არა ცხვრისგან, ის მარხვის პერიოდიდან კარგ გადასვლად შეიძლება ჩაითვალოს,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

„თუ ჩაქაფული ხბოს ხორცისგან არის მომზადებული და არა ცხვრისგან, ის მარხვის პერიოდიდან კარგ  გადასვლად შეიძლება ჩაითვალოს,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ მარხვის დასრულების შემდეგ სწორად კვების წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროს ადამიანებმა ყველანაირი პროდუქტი არ უნდა მიიღონ:

„მარხვაში ჩვენ აბსოლუტურად სწორად შევდივართ. არის ხორციელი, შემდეგ ყველიერი და შემდეგ გადავდივართ მარხვაში. მარხვის პერიოდში ჩვენი კვება ძირითადად მცენარეულია. მარხვა რომ მთავრდება, ჩვენ ვიწყებთ ყველანაირი საკვები პროდუქტის მიღებას, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. ენდოკრინოლოგებს ასეთი რეკომენდაციები გვაქვს, რომ პირველ დღეებში ვეცადოთ, რომ ყველაფერი ერთდროულად არ მივირთვათ. აღდგომას წირვიდან სახლში რომ დავბრუნდებით, შეგვიძლია, ერთი ცალი კვერცხი მივირთვათ. ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გადაჩვეულია ცხოველურ პროდუქტს. თან ისეთი პროდუქტები შემოდის, მაგალითად, კვერცხი, რომელსაც ძლიერი ნაღველმდენი ეფექტი აქვს და შეიძლება დაგვეწყოს შებერილობა, სპაზმი.

ამ ყველაფერს ემატება პასკა, რომელიც ძალიან ცხიმიანი პროდუქტია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე. ჩაქაფული თუ არის მომზადებული ხბოს ხორცისგან და არა ცხვრის ხორცისგან, უფრო კარგ გადასვლად შეიძლება ჩაითვალოს მარხვის პერიოდიდან. ბევრი მწვანილი, მოხარშული ხორცი შედარებით დადებითად მიაჩვევს ცილოვან პროდუქტს ჩვენს ორგანიზმს, ვიდრე პასკა.

ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ცხოველური ცილის გარედან მიღება. ეს არ გულისხმობს წითელი ხორცის მიღებას, იგულისხმება ფრინველის ხორცი, ღორის ხორცი. როდესაც ამბობენ, რომ ღორის ხორცში ბევრი ქოლესტერინია, ეს ასე არ არის. თუ ავიღებთ 200 გრამ ღორის ხორცსა და 200 გრამ საქონლის ხორცს, ღორის ხორცში უფრო ნაკლები ქოლესტერინია,“-აღნიშნულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად