Baby Bag

რა გავლენა აქვს ძუძუთი კვებას დედის მენტალურ ჯანმრთელობაზე?

რა გავლენა აქვს ძუძუთი კვებას დედის მენტალურ ჯანმრთელობაზე?

თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ძუძუთი კვება დედის მენტალურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უახლესი კვლევის შედეგები ჟურნალში Women's Health გამოქვეყნდა. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ძუძუთი კვება დედის მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად ზემოქმედებს. თუმცა, თუ დედას ძუძუთი კვების პროცესი უჭირს და სირთულეებს აწყდება, თუ მისი მოლოდინები და რეალობა რადიკალურად განსხვავებულია, შესაძლოა, ძუძუთი კვებამ მის მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

ძუძუთი კვებასა და დედის მენტალურ ჯანმრთელობას შორის მნიშვნელოვანი კავშირების არსებობა 36 კვლევის შედეგებით დადასტურდა. 29 კვლევამ დაასკვნა, რომ დედებს, რომლების ჩვილებს ძუძუთი კვებავენ, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად ექმნებათ. 28 კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ძუძუთი კვება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკებს ამცირებს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძუძუთი კვებას ბავშვისა და დედის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია, თუმცა დედის მენტალურ ჯანმრთელობაზე მისი დადებითი გავლენის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი. უახლესი კვლევები სწორედ ამ მნიშვნელოვანი კავშირების შესწავლას მიეძღვნა.

დედასა და ახალშობილს შორის ძლიერი კავშირის ჩამოყალიბების გარდა, ძუძუთი კვება დედას წონის დაკლებაში ეხმარება, იცავს მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, დიაბეტისა და ჰიპერტენზიისგან, გარდა ამისა ამცირებს საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვების სარგებელს ბევრი დედა აცნობიერებს, მათ ნაწილს რძის ნაკლებობის, მკერდის მტკივნეულობის ან სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია ბავშვის ძუძუთი გამოკვება, რამაც, შესაძლოა, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.

კვლევით დადგინდა, რომ ექსკლუზიური ძუძუთი კვება ამცირებს დედებში პოსტტრავმული სტრესული აშლილობის განვითარების რისკს.

კვლევებში ხაზგასმულია, რომ ძუძუთი კვება აუმჯობესებს დედების ფსიქიკურ მდგომარეობას, ხოლო დედებს, რომლებსაც აქვთ ძუძუთი კვების სირთულეები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

წყარო: ​news-medical.net 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად