,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ხშირად მშობელი შეიძლება იყოს შიშის მაპროვოცირებელი. ამას ჰქვია დასწავლილი შიში,“ - ფსიქოთერაპევტი მარიამ სისაური
ფსიქოთერაპევტმა მარიამ სისაურმა ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შიში ხშირად თავდაცვითი რეაქციაა და მნიშვნელოვანია, რომ ის ფობიაში არ გადაიზარდოს:
„ზოგჯერ ეს არის თავდაცვითი რეაქციაც. ამ დროს ფიზიკურ თუ ემოციურ საფრთხეს გრძნობს ორგანიზმი და აქვს შესაბამისი მოქმედების, განრიდების რეაქცია. მთავარია, რომ ეს შიში არ გადაიზარდოს ფობიაში, არ გახდეს ისეთი ინტენსიური, რომ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება შეაფერხოს.“
მარიამ სისაურის თქმით, ბავშვს სხვადასხვა ასაკში განსხვავებული შიშები აქვს:
„თითოეულ ასაკს ახასიათებს შიშის თავისი პერიოდები. ორ წლამდე ასაკის ბავშვს თუ უფრო დიდი რეაქცია აქვს ხმაურზე, მკვეთრ მოძრაობებზე, ოთხი წლის ასაკში უკვე შემოდის ფანტაზიები, როგორიცაა ჯადოქრები, მონსტრები, სიბნელის შიში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის სწორ მიდგომას, მშობელი რას აკეთებს ასეთ დროს. ხშირად თავად მშობელი შეიძლება იყოს შიშის მაპროვოცირებელი. ამას ჰქვია დასწავლილი შიში. თავად მშობელს თუ ეშინია რაღაცის და ამას ბავშვის თანდასწრებით ხშირად გამოხატავს, დასწავლა ხდება. ანალოგიურად ბავშვსაც ეშინია იმ რაღაც კონკრეტულის, რისიც მშობელს.“
მარიამ სისაურმა აღნიშნა, რომ მშობლები ასეთ დროს ფრთხილად უნდა იყვნენ და ბავშვებთან საუბრისას წინდახედულობა გამოიჩინონ:
„ძალიან საფრთხილოა მშობლის ქმედება შემდეგი თვალსაზრისით: „შეჭამე, თორემ წაგიყვანენ,“ - ასეთი ხასიათის მაპროვოცირებელი შიში არის ძალიან საფრთხილო. მნიშვნელობა ენიჭება თვითონ მშობლები როგორ ხვდებიან ბავშვის შიშს. აუცილებელია, რომ სანამ მშობელი თავად იქნება მაპროვოცირებელი, რომ დაასწავლოს ბავშვს, რისი უნდა ეშინოდეს, კარგად გააცნობიეროს, თუ რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს.“
„ღამის კოშმარები არის კავშირში აკვიატებულ შიშებთან. მნიშვნელობა ენიჭება იმ ანიმაციებსა და თამაშებს, რომლითაც დაკავებულია ბავშვი. ეს ყველაფერი ხშირად აისახება შემდგომ მის შიშსა და კოშმარულ სიზმრებზეც. მშობლის ჩართულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობელმა არ უნდა უგულებელყოს ბავშვის შიში. კომენტარები: „ამ შიშისთვის შენ დიდი ხარ, ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია,სისულელეა,“ - ბავშვს უფრო ჩაკეტილს ხდის. მას აქვს დაუცველობის განცდა. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი დიალოგში შევიდეს ბავშვთან, რათა ბავშვმაც უკეთ შეძლოს სახელდება და აღწერა იმის, თუ რეალურად რისი ეშინია,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ სისაურმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.