,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„არავითარ შემთხვევაში არავითარი გაკოჭვა, არავითარი შეკვრა არ შეიძლება. სახსარი ბავშვობიდანვე უნდა იყოს თავისუფალი,“ - ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ჭუმბურიძე
ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ჭუმბურიძემ ჩვილი ბავშვის საფენებში გაკოჭვის მეთოდზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის სახსარი თავიდანვე თავისუფალი უნდა იყოს, გაკოჭვა კი მიუღებელია, რადგან ის მომავალში სერიოზული გართულებების გამომწვევი მიზეზი ხდება:
„იმ თაობაში, რომელიც აკვანში გაიზარდა, საფენებში რომ იყვნენ გაკოჭილები, უმოძრაობაში რომ იყვნენ, ამან ბევრი პრობლემა გამოიწვია და დღეს ვიმკით უარყოფით შედეგებს. არავითარ შემთხვევაში არავითარი გაკოჭვა, არავითარი შეკვრა არ შეიძლება. სახსარი ბავშვობიდანვე უნდა იყოს თავისუფალი. მთავარი პრობლემა არის უმოძრაობა. სახსარი უნდა იყოს მოძრავი აუცილებლად.“
გიორგი ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ საბავშვო საფენები, რომელსაც აქტიურად იყენებენ თანამედროვე დედები, სახსრების განვითარებისთვის სასარგებლო პროდუქტია:
„თანამედროვე ცხოვრების სტილია პამპერსის ხმარება. ეს საფენებიც კარგია, იმიტომ, რომ მენჯ-ბარძაყის სახსარში გაშლილია ფეხები, თავისუფალია და მოძრაობს. ჩაკეტვის შემთხვევაში, დავიწყოთ თუნდაც სახსრის გარეგანი სტრუქტურებით, როდესაც იოგოვანი, მყესოვანი აპარატი ისე არ მოძრაობს, შეზღუდულია, დამოკლებულია. უმოძრაობა ამ ყველაფრის წინაპირობაა.“
„ყველაზე მთავარი პრობლემა რაც იქმნება, არის ე.წ. დისპლაზია. თავი არაკონგრუენტულად ვითარდება ფოსოსთან მიმართებაში. მენჯ-ბარძაყის სახსარში ფოსო არის მრგვალი, რომელშიც შიგნით ჯდება თავი. როდესაც უმოძრაობაა და არ ხდება შესაბამისი მოძრაობა, ვითარდება დისპლაზია. ფოსო რჩება უფრო ბრტყელი, თავი არაკონგრუენტულ დამოკიდებულებაშია მასთან. ის ცენტრში აღარ არის. ამან შემდგომში შესაძლოა ამოვარდნილობა გამოიწვიოს,“ - აღნიშნულ პრობლემაზე გიორგი ჭუმბურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.