,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა. რაღაც რომ წაიკითხე, პიროვნულად წინ უნდა წახვიდე,“ - ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ბავშვის ცხოვრებაში ქცევითი მოდელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქცევითი მოდელი ბავშვისთვის განმსაზღვრელია:
„ბავშვი სწავლობს ქცევითი მოდელებით. მე თუ მინდა, რომ ჩემმა ბავშვმა წიგნები იკითხოს, ის კი არ უნდა ვუთხრა, რომ წიგნები იკითხოს, ის უნდა მხედავდეს, რომ მე წიგნებს ვკითხულობ. ბავშვისთვის ქცევითი მოდელია განმსაზღვრელი. ავტორიტეტები და ტიპები, რომლებიც ჩვენზე გავლენას ახდენს, უნდა იყვნენ ჩვენთვის მისაღები და მისაბაძი. თავის დროზე 3-5 წლის ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავდით. კვლევა იყო და ეს ზღაპრები შევცვალეთ. იცით, რომ ჩვეულებრივ ზღაპარში სიკეთე იმარჯვებს. ეს ზღაპრები ისე გადავაკეთ, რომ სიკეთე არ იმარჯვებდა და იმარჯვებდა ბოროტება. ცუდი ტიპი იყო გამარჯვებული, ცუდ ტიპს რჩებოდა ქონება. როდესაც ეკითხები ბავშვს: „ვინ გინდა იყო?“ ის სოციალურ სამართლიანობაზე კი არ მიუთითებს, გამარჯვებული უნდა იყოს. თუ მე ცუდ ტიპს ვამარჯვებინებდი, ორიენტირს იღებდა ამისკენ. ზღაპარშიც ეს იდეა იყო ჩადებული, რომ სიკეთე და ძალა ერთი გახადოს, რათა ბავშვმა ორიენტირი აქეთ აიღოს. აქ იდო ფილოსოფია, რომ ბოლოში სიკეთე იმარჯვებს. აქ იდო, რომ ადამიანი გაეშვათ აქეთ მხარეს. ესენი მოიშალა. წარმატებულობა შემოვიდა უკვე. მე ვხედავ ვინაა წარმატებული, ვინაა გამარჯვებული. ჩემთვის მოდელი უკვე ის ხდება. მოდელი რომ ის ხდება, ახლა თქვენ ნახეთ რა „კარგი“ მოდელები გვყავს ჩვენ საზოგადოებაში.“
ზურა მხეიძემ ერთმანეთისგან განასხვავა განათლებული და ნაკითხი ადამიანი. მისი თქმით, წიგნის კითხვამ ადამიანში დადებითი ცვლილებები უნდა გამოიწვიოს:
„შეთანხმებაზეა, რას ვეძახით განათლებულობას. მე ვიცი ნაკითხი ადამიანები და არა განათლებულები. რაღაც რომ წაიკითხე, პიროვნულად წინ უნდა წახვიდე. არა ის, რომ გახსოვდეს მეთოთხმეტე გვერდის მეორე აბზაცზე რა წერია. ასეთი ხალხიც არის. განათლებამ უნდა მომცეს, რომ მე თავი რეალიზებულად ვიგრძნო მაშინაც, როდესაც არ მაქვს მილიონი, იმიტომ, რომ მე სხვა უპირატესობები მაქვს. მე რეალიზებული ვარ, მე არ მჭირდება ის, რაც სხვებს სჭირდებათ. ეს არის განათლების პრინციპი. ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა.“
ზურა მხეიძის თქმით, ბავშვი იმ ადამიანს მიბაძავს, ვინც მისთვის ავტორიტეტული პიროვნებაა:
„გააჩნია, ვინ იქნება თქვენი ბავშვისთვის ავტორიტეტული პიროვნება. ავტორიტეტულში იმას არ ვგულისხმობ ,რომ თქვენი ეშინია, არამედ პატივს გცემთ. თუ თქვენ, მშობელი ხართ ბავშვისთვის ავტორიტეტი, მაშინ თქვენ ხართ მისთვის ღირებულებების საზომი. ის თქვენი ღირებულებების სისტემიდან შეაფასებს ქცევებს. თუ მისთვის ავტორიტეტი ტელევიზორში გამოსული ტიპია, რა თქმა უნდა, მაგალითს მისგან აიღებს. სად უნდა დაინახონ ჩვენს ტელევიზიებში ადამიანი, რომლისგანაც რამის აღება მოგინდება?! ძალიან ცუდად გამომდის, მაგრამ მასობრივად ასეა.“
„მითხარით ბავშვი, რომელიც ოცნებობს, რომ როდესაც გაიზრდება მასწავლებელი გამოვიდეს. თუ ნახავთ ასეთ ბავშვს, სტუდიაში უნდა მოიწვიოთ. მე რამდენჯერ ვიკითხე, თუ არსებობს ასეთი ბავშვი ბუნებაში. ყველაზე ავტორიტეტული ტიპი მეოცე საუკუნის დასაწყისში მასწავლებელი იყო. მასწავლებელი იყო სხვა ფენის წარმომადგენელი, რომელიც იყო ავტორიტეტი ბავშვებისთვის. ავტორიტეტი ის კი არ არის: „ნიშანი დაგიწერე, არ დაგიწერე.“ ავტორიტეტი არის სამაგალითო ტიპი. ეს ინსტიტუციაც მოშლილია. მასწავლებელი ყოველთვის ინტელიგენციას წარმოადგენდა. ყოველთვის ელიტარული ფენა იმით კი არ იყო, რომ ფინანსურად იყო დაწინაურებული, უბრალოდ იყო ადამიანი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება,“ - აღნიშნულ თემებზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.