Baby Bag

სწორია თუ არა მიდგომა: „ბავშვი იტირებს და თავისით დაიძინებს?“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

სწორია თუ არა მიდგომა: „ბავშვი იტირებს და თავისით დაიძინებს?“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვის მშობლებთან ერთად ან ხელში დაძინების ჩვევაზე ისაუბრა:

„ხშირად რა გვემართება მშობლებს, დედებს, მათ შორის, მეც, ჩვენ თვითონვე გვიჭირს ბავშვთან განშორება. ესეც გასამიჯნია. ხშირად პატარებს ვაბრალებთ, რომ სულ ჩემთან წევს. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენთან იწვეს? ეს კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შეცდომა არ არის, იმიტომ, რომ დედა და შვილი ძალიან სიმბიოზში არიან ერთმანეთთან. თუ დედა მშვიდი და კმაყოფილია, ბავშვიც გაცილებით კარგად არის.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ბავშვისთვის მშობელთან სხეულებრივი შეხება ძალიან მნიშვნელოვანია:

„ბავშვისთვის სხეულებრივი შეხება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ მათ ბევრი რამ აწუხებთ. შეიძლება კბილები ამოსდით, მუცელი სტკივათ. ყოველი მისი წამოტირება ნიშანია, რომ „დამეხმარე.“ როდესაც ბავშვს ვეფერებით, ვეხუტებით, ძალიან იცვლება პროცესები ბავშვის თავის ტვინში. ეს არის აუცილებელიც კი. ამით ჩვენ მას არ ვაფუჭებთ, პირიქით, ვეხმარებით, რომ თვითრეგულაცია ნელ-ნელა შეძლოს.“

„არსებობენ ფსიქოლოგები, რომლებიც ამბობენ: „ბავშვი იტირებს და თავისით დაიძინებს, მიეჩვევა.“ ჩემი აზრია, რომ ამ დროს ბავშვში ეს უკმაყოფილება სადღაც გროვდება, გადადის ხასიათში. ბავშვი როდესაც ტირის და ჩვენ ამას არ ვისმენთ, ეს აუცილებლად რაღაცაზე აისახება. მე არ მომეწონებოდა ასე რომ მომქცეოდნენ, არც ჩემს შვილს მოვექეცი ასე და არც თქვენ გირჩევთ,“- აღნიშნლ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად