Baby Bag

„შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ ბავშვს მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ აქვს,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ ბავშვს მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ აქვს,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის განვითარებისთვის ჯანსაღი მიჯაჭვულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მიჯაჭვულობა უბრალოდ ის კი არ არის, რომ უბრალოდ მიწეპებული ხარ შენს გადამრჩენ დედიკოსა და მამიკოზე. მასთან რეციპროკული ურთიერთობა გასწავლის ნელ-ნელა შენი აფექტის რეგულაციას. ამ უსაფრთხო მიჯაჭვულობის საფუძველზე რეგულირდება ორგანიზმის ბიოლოგიური და ქცევითი სისტემები, ძლიერდება პოზიტიური ემოციები. ბავშვი სწავლობს, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან უსიამოვნო და სასიამოვნო გამოცდილება, როგორ მიხვდეს, რომ ჯილდო მოჰყვება ქცევას. ბავშვის კოგნიტური განვითარება თავისთავად არ ხდება. შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ არის.“

თამარ გაგოშიძემ მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობებზე ისაუბრა:

„მეტყველების განვითარებამდე მარჯვენა ჰემისფეროს გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი მარცვლებს ათი ან ზოგი რვა თვიდანაც იძახის. სიტყვის გამეორება, თქმა, სხვა ადამიანისთვის გაგებინება, მარცხენა ჰემიფეროს აქტიურ განვითარებასთან არის დაკავშირებული 1 წლის მერე. მანამდე ბავშვს ინტერაქცია აქვს გარემოსთან, ვითარდება მისი მეტყველებამდელი ინტელექტი. მას დამოკიდებულებებიც მშვენივრად უვითარდება. სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევა შეუძლია ბავშვს. 1-2 წლის განმავლობაში ხდება ჩვენს ემოციებზე პასუხისმგებელი სისტემის განვითარება.“

„დასწავლის პროცესს ხელს უწყობს პოზიტიური ემოციური ფონი, კორტიზოლის ნორმალური დონე. როდესაც შფოთვის დონე მაღალი გვაქვს, დასწავლას ეს ხელს ვერ უწყობს ვერანაირად. ახლის სწავლით მიღებული სიამოვნება იწვევს დაჯილდოვებაზე ორიენტირებული სისტემის აქტივაციას თავის ტვინში. რატომ არის კარგი სკოლა, კარგი საბავშვო ბაღი ზეიმი ბავშვისთვის?! ბავშვს კორტიზოლის დონე აქვს დაბალი, შფოთვა აქვს დაბალი, არ ეშინია შეცდომის დაშვების, წარუმატებლობის, უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მისთვის სწავლა და დასწავლაც კი არის ზეიმი. ბავშვს ჯერ აფექტური რეაგირება აქვს გარემოზე და შემდეგ ითვისებს ენობრივ კომპეტენციებს. ემოციური რეგულაცია ვითარდება გარედან შიგნით. დედა როდესაც გშია გაჭმევს, გცივა - გაცმევს, გარედან ხდება შენი აფექტის რეგულირება. როგორც კი მშობელზე ასეთი დამოკიდებულება აღარ მაქვს, თვითონაც შემიძლია ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად