Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა არის მთავარი მოქმედი პირი და ოჯახში ამის ხაზგასმა აუცილებელია,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

„დედა არის მთავარი მოქმედი პირი და ოჯახში ამის ხაზგასმა აუცილებელია,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ ქალებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და სტრესის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალბედა დედებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლობლების მხარდაჭერაა:

„დეპრესია არის ღრმა კლინიკური მდგომარეობა. ამ დროს არის ირაციონალური ფიქრები, რომ არ გადამივარდეს ფანჯრიდან ბავშვი, ჩემთან იყოს. დედას ორი უკიდურესობა აქვს, ან საერთოდ არ ეკარება ბავშვს, ან არავის არ აძლევს. მას ძილის რეჟიმი მთლიანად დარღვეული აქვს. ემოციური ფონის მომატების დროს არ ეძინება. ​დედას დარღვეული აქვს კვების რუტინაც. როდესაც მისი ემოციური მდგომარეობა და ქცევა უკონტროლოა, დიახ, ეს არის დეპრესია.“

ირმა კვაჭაძის თქმით, დედებში ხასიათის ცვლილებას ჰორმონალური დისბალანსი იწვევს:

„ხასიათის ცვლილება ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული. საგანგაშო მდგომარეობა არის პირველი ორი კვირის ფარგლებში. ბავშვის რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პირველი ბავშვია, თუ მესამე, დეპრესია მაინც შეიძლება განვითარდეს.“

„პირველი, რაც დედას სჭირდება, არის მხარდაჭერა, მისი პერსონის ხაზგასმა. როდესაც ოჯახში უფროსი თაობა ამბობს: „შენ რა იცი, ჩემი აზრი უნდა გაითვალისწინო,“ დედას უჩნდება განცდა, რომ მისი როლი დაკნინებულია. დედის როლის ხაზგასმა არის აუცილებელი. დედა არის მთავარი მოქმედი პირი და ამის ხაზგასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი მხარდაჭერისთვის. ​პრობლემაა, როდესაც დედას ყველა ეხმარება თავისი შეხედულებისამებრ. დედას უნდა გამოუყონ სივრცე, მისცენ ძილის საშუალება, დაეხმარონ სახლის საქმეების კეთებაში. ბავშვთან ისეთი შეხება უნდა ჰქონდეთ, როგორიც დედას უნდა. დედისთვის ბავშვთან შეხება ყველაზე საკრარული მომენტია,“ - აღნიშნულ საკითხზე ირმა კვაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად