Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს საოცარი იაპონური ფილმია მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე,“ - ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია

„ეს საოცარი იაპონური ფილმია მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე,“ - ფსიქოლოგ  ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ შვილების მიერ მშობლების მიმართ პატივისცემის გამოხატვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლების პატივისცემა მარადიული, უცვლელი მცნებაა:

„მე ყურადღებას გავამახვილებ ბიბლიურ ათ მცნებაზე. ექვსი მცნება არის ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. მეხუთე მცნება არის, რომ პატივი სცე მამასა და დედასა შენსა. მემკვიდრეობითობის ტარება არის უწყვეტობა განვითარებაში. ეს მემკვიდრეობითობა ეპოქის შესაბამისად სხვადასხვა ფორმით ვლინდება ​„პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა" - ეს არის მარადიული! ეს პატივისცემა ერთად თანაცხოვრებით იქნება თუ ცალ-ცალკე, ერთ ქალაქში ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეპოქა როგორც განაპირობებს და ითხოვს, ეს იქიდან გამომდინარეობს. მთავარია, რომ ეს მცნება შენარჩუნებული იყოს.“

ნანა ჩაჩუას თქმით, 64 წლიდან ადამიანი განვლილ ცხოვრებას თავისი ცხოვრების შედეგებით აფასებს:

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ერიკ ერიკსონის ფსიქო-სოციალური კრიზისების შესახებ. ​64 წლის ასაკიდან ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების შედეგებით თავისი თავისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ეს დამოკიდებულება იმის მიხედვით განიცდება ჩვენში, თუ როგორი იქნება ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ჩვენი საქმიანობის შედეგი. როგორ მომმართავენ, როგორია ღვაწლი, რომელიც მე ჩამიდვია. ეს არის ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც ეძღვნება შვილს, შვილიშვილს.“

​არის ასეთი იაპონური ფილმი „ლეგენდა ნარაიამაზე,“ საოცარი ფილმია. იქ ტრადიციაში არის, რომ შვილს აჰყავს მშობელი მთაზე და ტოვებს. ეს იქ მშობლის უპატივცემულობას არ ნიშნავს. ამას ითვალისწინებს ტრადიცია. ყველა კულტურაში გარკვეული დამოკიდებულებაა მხცოვანი ადამიანის მიმართ,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ „რადიო იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო იმედი“

წაიკითხეთ სრულად