Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა საფრთხეს შეიცავს წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურები?

რა საფრთხეს შეიცავს წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურები?

წამწამების დაგრძელებისა და გახშირების პროცედურებს ქალბატონები საკმაოდ ხშირად მიმართავენ. აღნიშნული პროცედურების დახმარებით წამწამების სიგრძე და მოცულობა მნიშვნელოვნად იცვლება, რაც თვალებს უფრო მისტიკურ და მომხიბლავ ელფერს სძენს. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად ქალბატონები პროცედურებს რამდენიმე თვეში ერთხელ იტარებენ.

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურა სხვა კოსმეტიკური ჩარევების მსგავსად, სრულად უსაფრთხო არ არის და მას გარკვეული უკუჩვენებები აქვს. როდესაც წამწამების დაგრძელებას ან გახშირებას ცდილობთ, პროცედურა ხარისხიან ესთეტიკის ცენტრში უნდა ჩაიტაროთ. მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად და აღნიშნული პროცედურის უფრო ჯანსაღი ალტერნატივების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას.

წამწამების დაგრძელება-გახშირების გვერდითი ეფექტები

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურა საკმაოდ ახალია და მისი ჩატარებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, თუმცა პროცედურის ჩატარების შემდგომ გამოხატული გვერდითი ეფექტების შესახებ უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა.

ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურას ახლავს კანის გაღიზიანებაა. მართალია, თვალის ირგვლივ კანს კოსმეტოლოგები სპეციალური დამცავი საფენით ფარავენ, მაგრამ კერატინის წებოს კანზე მოხვედრის რისკი მაინც მაღალია. მშრალი თვალის, მგრძნობიარე კანისა და ალერგიის პრობლემა თუ გაქვთ, პროცედურაზე გამოყენებული ქიმიური ნაერთები თქვენთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურის გვერდითი ეფექტები შემდეგია:

  • კანზე წყლულების გაჩენა
  • კანის სიწითლე
  • თვალების სიმშრალე
  • ცრემლდენა თვალებიდან
  • ანთებითი პროცესების განვითარება
  • მტვრევადი და დაზიანებული წამწამები

პროცედურის დროს კანის დაწითლება, გაღიზიანება და წყლულის გაჩენა ხშირად ხდება. თქვენ რქოვანას დაზიანების საფრთხეც გემუქრებათ, თუ პროცედურის შედეგად გაღიზიანებულ თვალს მოისრესთ და ან მოულოდნელად იტკენთ.

პროცედურის დროს გამოყენებული ქიმიური ნაერთები წამწამებს აზიანებს და შესაძლოა, დროებით მათ გარეშეც დარჩეთ.

რა უნდა იცოდეთ წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურის შესახებ?

პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად უნდა მოიხსნათ ლინზები, თუ მათ ატარებთ. უნდა დარწმუნდეთ, რომ ქუთუთოები და წამწამები კარგად გაქვთ გასუფთავებული, მათზე მაკიაჟის ან თვალების გამწმენდი სითხის კვალი არ უნდა იყოს დარჩენილი.

მართალია, წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურას უსაფრთხოდ მოიხსენიებენ, მაგრამ მისი ჩატარებისაც ქარხნული წარმოების კერატინი გამოიყენება. აღნიშნული პროცედურის ჩატარებისას ხშირად წამწამების შეღებვაც ხდება, რისთვისაც დამატებითი ქიმიური ნაერთები გამოიყენება. აღნიშნული პროცედურების ჩატარება სარისკოა, თუ თქვენ გაქვთ:

  • თვალის ალერგიები
  • თვალის ინფექციები
  • მგრძნობიარე კანი
  • ქრონიკული თვალის სიმშრალე
  • ცრემლდენა თვალიდან

რომელი ალტერნატიული პროცედურების გამოყენებით არის შესაძლებელი წამწამების დაგრძელება-გახშირება?

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურაზე გვერდითი ეფექტები თუ გივლინდებათ, შემდეგი ალტერნატივები სცადეთ:

  • წამწამების დამხვევი - აღნიშნული მოწყობილობა შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ. ის წამწამებს უფრო ესთეტიკურს და ლამაზს ხდის. დამხვევის ეფექტი სახის დაბანის შემდეგ ქრება.
  • ტუში - შეგიძლიათ ისეთი ტუში შეიძინოთ, რომელსაც წამწამების დაგრძელებისა და დახშირების ეფექტი აქვს. ტუშის ფერი თქვენი თვალის ფერს შეუხამეთ. უპირატესობა წყალგამძლე კოსმეტიკას მიანიჭეთ.
  • წამწამების მოვლის პროცედურები - კოსმეტიკა ყოველდღიურად სრულფასოვნად მოიშორეთ თვალიდან. წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურები იშვიათად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაიტარეთ.

თვალის, კანისა და წამწამების დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ტუში და წამწამების დამხვევი მუდამ თან ატაროთ, ამგვარად კომპლექსური პროცედურების ჩატარების საჭიროება აღარ გექნებათ.

მომზადებულია ​healthline.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად