Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ყველაზე გავრცელებული მითი მაიმუნის ყვავილის შესახებ - არჩილ მარშანია

5 ყველაზე გავრცელებული მითი მაიმუნის ყვავილის შესახებ - არჩილ მარშანია

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა არჩილ მარშანიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მაიმუნის ყვავილის შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა:

მითები მაიმუნის ყვავილის შესახებ:

მითი: მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს''; რეალობა: არსებობს, მაგალითად ტეკოვირიმატი, რომელიც ლიცენზირებულია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.

მითი: „მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ ეფექტურია ჩუტყვავილას ვაქცინა''; რეალობა: მაიმუნის ყვავილი და ჩუტყვავილა სხვადასხვა დაავადება და ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის ეფექტური მის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ ეფექტურია ყვავილის ვაქცინა. დაბნეულობა გამოიწვია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებში ტერმინების არევამ: მაიმუნის ყვავილი - Monkeypox; ჩუტყვავილა - Chickenpox; ყვავილი - Smallpox.

მითი: „მაიმუნის ყვავილი სექსუალური უმცირესობების და ფერადკანიანი ადამიანების დაავადებაა''; რეალობა: არა, ის უბრალოდ ენდემურია აფრიკაში და ზოგადად კი პათოგენი არ ანსხვავებს მასპინძელს სექსუალური ორიენტაციით, მისი გადაგების გზა არის ახლო/პირდაპირი კონტაქტი და შესაძლოა გადაედოს ყველას, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, მუსიკალური მონაცემებისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიუხედავად.

მითი: „მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის დადგენას''; რეალობა: არანაირი მნიშვნელობა სექსუალური ორიენტაციის კვლევას და დადგენას არ ენიჭება. ჯერ მხოლოდ საუბარია რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე მთლიანად. მიუხედავად იმისა, რომ მწვავე შემთხვევებში სიკვდილიანობა მაღალია, ზოგადად დაავადება როგორც წესი თვითგანკურნებადია შესაბამისად ის, რომ უმეტესობა (და არა ყველა) შემთხვევების ჯერჯერობით* დაფიქსირებულია გეი ან ბისექსუალებში, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ მაგალითად სექსუალური უმცირესობები უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას ჯანმრთელობის სკრინინგის და/ან ექიმთან ვიზიტის მიმართ და არ ნიშნავს, რომ ორიენტაციის დადგენაა მნიშვნელოვანი მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის და არც იმას, რომ ის (კლასიკურად)სქესობრივად გადამდები დაავადებაა. ეს არის რისკების კომუნიკაციის წესების დარღვევა და ოფიციალური დოკუმენტების არასწორი თარგმანი, ჯანმოს ოფიციალურ დოკუმენტში სადაც სტატისტიკაა მოცემული, იქვე ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ეს „უმეტესობა'' არ ნიშნავს „ექსკლუზივობას'' და ინფორმაციის გავრცელების მანერა უნდა იყოს ზუსტი და რისკების კომუნიკაციის დაცვით, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფორმის სტიგმატიზაცია და დეზინფრომაცია.

მითი: „ეს ახალი პანდემიაა და ისევ ჩაგვკეტავენ, მეორე კოვიდი იწყება''. რეალობა: ამის ალბათობა უკიდურესად მინიმალურია, რადგან მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ არსებობს ვაქცინაც, მკურნალობაც, ის არც ისე სწრაფად ვრცელდება როგორც კოვიდი და არ ისე სწრაფად განიცდის მუტაციას. ის დნმ ვირუსია, რაც გამოირჩევა სტაბილურობით. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მაიმუნის ყვავილი არ არის საყურადღებო. თუმცა ნამდვილად ნიშნავს იმას რომ Do not panic. ჯანმრთელობას გისურვებთ!

წაიკითხეთ სრულად