ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბავშვების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. კომპიუტერის ეკრანთან მიჯაჭვულობამ პატარებს წარმატებისკენ სვლის სტიმული წაართვა. ბავშვების ყოველდღიურ ყოფაზე ტექნოლოგიების მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მშობლები რადიკალურ ზომებს მიმართავენ. Youtube-ზე უამრავი ვიდეო ვრცელდება, რომლებშიც მშობლები შვილების ოთახებში შედიან, ბავშვებს კომპიუტერს ართმევენ და ძვირადღირებულ ტექნიკას ხშირად ნამსხვრევებადაც აქცევენ. მათ უდიდეს ნაწილს არ ესმის, რომ თანამედროვე ბავშვების უმთავრეს პრობლემას ტექნოლოგიების ზეგავლენის ქვეშ ყოფნა არ წარმოადგენს. კომპიუტერთან მიჯაჭვულობა გაცილებით სერიოზული და ღრმა პრობლემატიკითაა გამოწვეული. მშობლებმა უმთავრეს მიზნად სწორედ დაფარული პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაისახონ და ტექნოლოგიების განადგურებაზე დრო ამაოდ არ უნდა დახარჯონ.
• ბავშვებს ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები აქვთ
ადამიანის ორგანიზმს ენერგიის მისაღებად საკვები ნივთიერებებით მომარაგება ყოველდღიურად სჭირდება. სწორედ ასევე, ბავშვის ფსიქიკა ვერ განვითარდება, თუ მას სათანადოდ არ გამოვკვებავთ. ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებით ბავშვები იმ ცხოვრებისეულ დანაკლისს ინაზღაურებენ, რომელიც მათ აწუხებთ. როდესაც შვილის ფსიქიკას სათანადოდ ვერ კვებავთ, ბავშვს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით არაჯანსაღი ქცევებისკენ მიდრეკილება უჩნდება. ის ცდილობს დანაკლისი ნებისმიერ ფასად შეივსოს. ვირტუალური სამყარო ბავშვს ალტერნატიულ რეალობას სთავაზობს, რომელშიც ის საკუთარ სურვილებს მარტივად იკმაყოფილებს. თუ გსურთ, რომ წარმატებული და დამოუკიდებელი შვილი გყავდეთ, მისი 3 უმთავრესი მოთხოვნილება აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოთ:
1. ავტონომიურობა
მშობლების დიდ ნაწილს სიტყვა „ავტონომია“ ძალიან აშინებს, თუმცა ბავშვს არჩევანის თავისუფლებას თუ მისცემთ, მას დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებით. ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები სწავლის პროცესში ნაკლებად ზღუდავენ, მასალას გაცილებით მარტივად ითვისებენ და მიღებულ ცოდნას ხანგრძლივად ინარჩუნებენ, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც მშობლები მკაცრად აკონტროლებენ.
მკვლევარები აღნიშნავდნენ, რომ წარმატებული ბავშვების მშობლები შვილებს მიზნებს თავად არ უსახავენ. ისინი არჩევანის უფლებას პატარებს ანდობენ. ბავშვი თავად წყვეტს, რის მიღწევა უნდა, მშობლები კი მას დასახული მიზნის მიღწევაში მაქსიმალურად ეხმარებიან. ინდუსტრიული სახელმწიფოების უდიდეს ნაწილში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, ფორმალური განათლების სიძლიერე ბავშვებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს, რის გამოც პატარები სწავლის პროცესისადმი ნაკლებ ინტერესს ავლენენ. ბავშვები მარტივად იღლებიან, როდესაც აცნობიერებენ, რომ მიზანი, რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ, მათი მშობლების მიერ არის დასახული, ხოლო თავად გადაწყვეტილების მიღების საშუალება არასდროს აქვთ.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ყველა მიზანი თავად დაუსახოთ და გარკვეული შეზღუდვები დაუწესოთ, მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა მოსწონს და რისკენ ისწრაფვის. უმთავრეს მიზნად დაისახეთ ბავშვის ცნობიერების ამაღლება. თქვენი შვილი თავად უნდა მიხვდეს, რატომ არის ცუდი მისთვის ტექნოლოგიების ტყვეობაში ცხოვრება. თუ გადაწყვეტილებებს ბავშვთან ერთად მიიღებთ და არა ბავშვის ნაცვლად, თქვენი შვილის მიზანდასახულობას მნიშვნელოვნად გაზრდით.
2. კომპეტენტურობა
გაიხსენეთ ისეთი საქმიანობა, რომელშიც ძალიან წარმატებული ხართ, მაგ. საჭმელების მომზადება ან მანქანის ტარება. კომპეტენტურობა თქვენს თავდაჯერებას მნიშვნელოვნად ზრდის და წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები პროგრესისა და წინსვლის სიხარულს იშვიათად განიცდიან. მათ გამუდმებით ეუბნებიან, რომ ისინი არაკომპეტენტურები არიან. სტანდარტული ტესტები, რომლებიც სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის შესაფასებლად გამოიყენება, არ ითვალისწინებს ბავშვების ინდივიდუალურ თავისებურებებს და ყველას ერთი საზომით აფასებს. თუ ბავშვი სკოლაში წარუმატებელია, მას უყალიბდება განცდა, რომ რომელიმე სფეროში კომპეტენტურობის მაღალ ხარისხს ვერასდროს მიაღწევს. სკოლაში წარუმატებელი ბავშვები მარტივად ნებდებიან. კომპანიები, რომლებიც ინტერნეტ თამაშებს, ონლაინ ქვიზებსა და ტესტებს ქმნიან, წარუმატებელი ბავშვების მდგომარეობით სარგებლობენ. მათ კარგად იციან, რომ ადამიანებს პროგრესის განცდა ძალიან სჭირდებათ. თამაშის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა ბავშვს აბედნიერებს. რის გამოც ის კომპიუტერს ეჯაჭვება და ალტერნატიული რეალობის შექმნით ცხოვრებისეულ დანაკლისს ინაზღაურებს.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
მშობელმა ბავშვზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს. აკადემიური და ათლეტური აქტივობები, რომლებიც პატარებისგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, უნდა გამარტივდეს. ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ, რომ მშობლებს მათ მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. გაესაუბრეთ თქვენ შვილებს, ჰკითხეთ, რისი კეთება სიამოვნებთ მათ ყველაზე მეტად. წაახალისეთ ბავშვები, რომ მათ საყვარელ აქტივობებში კომპეტენტურობის მაღალ ხარისხს მიაღწიონ.
3. ურთიერთკავშირი
უფროსების მსგავსად ბავშვებსაც აქვთ მოთხოვნილება, რომ ისინი სხვებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ამასთან, პატარებს ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ძალიან აბედნიერებთ. აღნიშნულ მოთხოვნილებას ისინი სხვებთან თამაშის გზით იკმაყოფილებენ. თანამედროვე სამყაროში თამაშის ბუნება მნიშვნელოვნად შეიცვალა. წინა თაობების წარმომადგენლები სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ეზოში თამაშს დიდ დროს უთმობდნენ. თანამედროვე მშობლები კი შვილებს სახლიდან იშვიათად უშვებენ. ბავშვები ჩაკეტილ გარემოში იზრდებიან და თანატოლებთან ნაკლებად ურთიერთობენ. უახლესი კვლევებით მტკიცდება, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ბავშვების ჩაკეტილობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პატარები მეგობრებთან ერთად ეზოში აღარ თამაშობენ. სახლში დარჩენილი ბავშვები კი თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებას ვირტუალური გზით ცდილობენ და კომპიუტერის ეკრანს ეჯაჭვებიან.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
მიეცით თქვენ შვილებს მეტი თავისუფალი დრო, რაც მათ თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. ამგვარად ბავშვები მეგობრებთან ძლიერი ურთიერთკავშირის დამყარებას შეძლებენ, რაც სოციალური მედიისა და ინტერნეტ თამაშებისადმი მათ მიჯაჭვულობას მნიშვნელოვნად შეამიცრებს.
„შეზღუდვა ეს არის სტრესორების კასკადი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე“ - ბავშვთა ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი
ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვის ფსიქიკაზე შეზღუდვების მავნე ზეგავლენის შესახებ საუბრობს:
„იმისთვის, რომ ბავშვს ჯანმრთელი ფსიქიკა ჰქონდეს, აუცილებელია, რომ შეზღუდვა, რომელსაც მას საზოგადოება, ოჯახი ან მისი პირადი პრობლემები უწესებს, არ იყოს გრძელვადიანი და იმდენად მძიმე, რომ ბავშვისთვის ადაპტაციის დარღვევები გამოიწვიოს. დღევანდელობასთან რომ გავავლოთ პარალელი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა ზრდასრულ ადამიანებზე. ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ მოგვემატა შფოთვა, გაღიზიანებადობა. ბავშვები კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში არიან, ვიდრე ჩვენ. გუშინდელი ბაღში მისვლა, სკოლაში სიარული, ემოციების ვენტილაცია, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა თანატოლებთან, მას სრულად შეეზღუდა. შესაბამისად, გარკვეული კლინიკური, ტრანზიტორული ნიშნები, რომლებიც ბავშვებში გვხვდება ამ ყველაფერზე ადეკვატურ რეაგირებად უნდა ჩავთვალოთ.“
მედეა ზირაქაშვილმა პანდემიის დროს დაწესებული გრძელვადიანი შეზღუდვების ნეგატიურ მხარეებზეც ისაუბრა:
„შეზღუდვა ეს არის სტრესორების კასკადი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ჭრილში განვიხილოთ ამ სტრესორების ზემოქმედება. საზოგადოება და სოციუმი აბსოლუტურად სხვა შეზღუდვებს უწესებს ბავშვს, ოჯახს თავისი შეზღუდვები აქვს, ხოლო საკუთარი შინაგანი ნიშნები მას აბსოლუტურად განსხვავებულ შეზღუდვებს უწესებს. აუცილებლად უნდა შევეხო პანდემიის დროს სკოლებისა და ბაღების დახურვის საკითხს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება მოჰყვა. ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტილება არ ვიცით საბოლოო ჯამში რამდენად სწორი იყო. თუ ამბობდნენ, რომ ბავშვები არიან ვირუსის აქტიური გამავრცელებლები და ისინი საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე ზრდასრულ ადამიანებსაც, აღმოჩნდა, რომ დღეს ბავშვები არცთუ ისე აქტიური გამავრცელებლები არიან. მეცნიერები ბევრს კამათობენ, თუ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული და გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს ბავშვებში. გარდა იმისა, რომ სკოლებისა და ბაღების დახურვა ზღუდავს ბავშვების აკადემიურ უნარებს, მათ ეზღუდებათ ყველა მნიშვნელოვანი უნარი, ეს არის სოციალური ფუნქციონირება. სოციალური უნარების განვითარება უნდა მოხდეს იმ ასაკობრივ სოციუმში, რომელშიც ბავშვს უხდება ყოველდღიური ყოფა. მისი შესამაბისი ასაკობრივი სოციუმი არის სკოლისა და ბაღის გარემოში.“
„გარდა იმისა, რომ აკადემიური თვალსაზრისით სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი მომავალი თაობა, მას დიდი პრობლემები ექმნება სოციალური განვითარების თვალსაზრისით. სკოლა ეს არის გარემო, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს ბავშვებთან და ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობა, თამაში. პედაგოგმა ბავშვს პირველად უნდა დაუწესოს ყველაზე სერიოზული შეზღუდვები, როგორებიცაა: ყურადღების კონცენტრაცია, კლასში ჯდომა, რიგის დაცვა, აქტიურად მოსმენა, კომპრომისზე წასვლა. ეს ყოველივე კი ბავშვთან პირისპირ ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა მედეა ზირაქაშვილმა.