ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბავშვების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. კომპიუტერის ეკრანთან მიჯაჭვულობამ პატარებს წარმატებისკენ სვლის სტიმული წაართვა. ბავშვების ყოველდღიურ ყოფაზე ტექნოლოგიების მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მშობლები რადიკალურ ზომებს მიმართავენ. Youtube-ზე უამრავი ვიდეო ვრცელდება, რომლებშიც მშობლები შვილების ოთახებში შედიან, ბავშვებს კომპიუტერს ართმევენ და ძვირადღირებულ ტექნიკას ხშირად ნამსხვრევებადაც აქცევენ. მათ უდიდეს ნაწილს არ ესმის, რომ თანამედროვე ბავშვების უმთავრეს პრობლემას ტექნოლოგიების ზეგავლენის ქვეშ ყოფნა არ წარმოადგენს. კომპიუტერთან მიჯაჭვულობა გაცილებით სერიოზული და ღრმა პრობლემატიკითაა გამოწვეული. მშობლებმა უმთავრეს მიზნად სწორედ დაფარული პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაისახონ და ტექნოლოგიების განადგურებაზე დრო ამაოდ არ უნდა დახარჯონ.
• ბავშვებს ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები აქვთ
ადამიანის ორგანიზმს ენერგიის მისაღებად საკვები ნივთიერებებით მომარაგება ყოველდღიურად სჭირდება. სწორედ ასევე, ბავშვის ფსიქიკა ვერ განვითარდება, თუ მას სათანადოდ არ გამოვკვებავთ. ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებით ბავშვები იმ ცხოვრებისეულ დანაკლისს ინაზღაურებენ, რომელიც მათ აწუხებთ. როდესაც შვილის ფსიქიკას სათანადოდ ვერ კვებავთ, ბავშვს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით არაჯანსაღი ქცევებისკენ მიდრეკილება უჩნდება. ის ცდილობს დანაკლისი ნებისმიერ ფასად შეივსოს. ვირტუალური სამყარო ბავშვს ალტერნატიულ რეალობას სთავაზობს, რომელშიც ის საკუთარ სურვილებს მარტივად იკმაყოფილებს. თუ გსურთ, რომ წარმატებული და დამოუკიდებელი შვილი გყავდეთ, მისი 3 უმთავრესი მოთხოვნილება აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოთ:
1. ავტონომიურობა
მშობლების დიდ ნაწილს სიტყვა „ავტონომია“ ძალიან აშინებს, თუმცა ბავშვს არჩევანის თავისუფლებას თუ მისცემთ, მას დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებით. ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები სწავლის პროცესში ნაკლებად ზღუდავენ, მასალას გაცილებით მარტივად ითვისებენ და მიღებულ ცოდნას ხანგრძლივად ინარჩუნებენ, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც მშობლები მკაცრად აკონტროლებენ.
მკვლევარები აღნიშნავდნენ, რომ წარმატებული ბავშვების მშობლები შვილებს მიზნებს თავად არ უსახავენ. ისინი არჩევანის უფლებას პატარებს ანდობენ. ბავშვი თავად წყვეტს, რის მიღწევა უნდა, მშობლები კი მას დასახული მიზნის მიღწევაში მაქსიმალურად ეხმარებიან. ინდუსტრიული სახელმწიფოების უდიდეს ნაწილში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, ფორმალური განათლების სიძლიერე ბავშვებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს, რის გამოც პატარები სწავლის პროცესისადმი ნაკლებ ინტერესს ავლენენ. ბავშვები მარტივად იღლებიან, როდესაც აცნობიერებენ, რომ მიზანი, რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ, მათი მშობლების მიერ არის დასახული, ხოლო თავად გადაწყვეტილების მიღების საშუალება არასდროს აქვთ.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ყველა მიზანი თავად დაუსახოთ და გარკვეული შეზღუდვები დაუწესოთ, მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა მოსწონს და რისკენ ისწრაფვის. უმთავრეს მიზნად დაისახეთ ბავშვის ცნობიერების ამაღლება. თქვენი შვილი თავად უნდა მიხვდეს, რატომ არის ცუდი მისთვის ტექნოლოგიების ტყვეობაში ცხოვრება. თუ გადაწყვეტილებებს ბავშვთან ერთად მიიღებთ და არა ბავშვის ნაცვლად, თქვენი შვილის მიზანდასახულობას მნიშვნელოვნად გაზრდით.
2. კომპეტენტურობა
გაიხსენეთ ისეთი საქმიანობა, რომელშიც ძალიან წარმატებული ხართ, მაგ. საჭმელების მომზადება ან მანქანის ტარება. კომპეტენტურობა თქვენს თავდაჯერებას მნიშვნელოვნად ზრდის და წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები პროგრესისა და წინსვლის სიხარულს იშვიათად განიცდიან. მათ გამუდმებით ეუბნებიან, რომ ისინი არაკომპეტენტურები არიან. სტანდარტული ტესტები, რომლებიც სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის შესაფასებლად გამოიყენება, არ ითვალისწინებს ბავშვების ინდივიდუალურ თავისებურებებს და ყველას ერთი საზომით აფასებს. თუ ბავშვი სკოლაში წარუმატებელია, მას უყალიბდება განცდა, რომ რომელიმე სფეროში კომპეტენტურობის მაღალ ხარისხს ვერასდროს მიაღწევს. სკოლაში წარუმატებელი ბავშვები მარტივად ნებდებიან. კომპანიები, რომლებიც ინტერნეტ თამაშებს, ონლაინ ქვიზებსა და ტესტებს ქმნიან, წარუმატებელი ბავშვების მდგომარეობით სარგებლობენ. მათ კარგად იციან, რომ ადამიანებს პროგრესის განცდა ძალიან სჭირდებათ. თამაშის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა ბავშვს აბედნიერებს. რის გამოც ის კომპიუტერს ეჯაჭვება და ალტერნატიული რეალობის შექმნით ცხოვრებისეულ დანაკლისს ინაზღაურებს.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
მშობელმა ბავშვზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს. აკადემიური და ათლეტური აქტივობები, რომლებიც პატარებისგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, უნდა გამარტივდეს. ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ, რომ მშობლებს მათ მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. გაესაუბრეთ თქვენ შვილებს, ჰკითხეთ, რისი კეთება სიამოვნებთ მათ ყველაზე მეტად. წაახალისეთ ბავშვები, რომ მათ საყვარელ აქტივობებში კომპეტენტურობის მაღალ ხარისხს მიაღწიონ.
3. ურთიერთკავშირი
უფროსების მსგავსად ბავშვებსაც აქვთ მოთხოვნილება, რომ ისინი სხვებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ამასთან, პატარებს ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ძალიან აბედნიერებთ. აღნიშნულ მოთხოვნილებას ისინი სხვებთან თამაშის გზით იკმაყოფილებენ. თანამედროვე სამყაროში თამაშის ბუნება მნიშვნელოვნად შეიცვალა. წინა თაობების წარმომადგენლები სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ეზოში თამაშს დიდ დროს უთმობდნენ. თანამედროვე მშობლები კი შვილებს სახლიდან იშვიათად უშვებენ. ბავშვები ჩაკეტილ გარემოში იზრდებიან და თანატოლებთან ნაკლებად ურთიერთობენ. უახლესი კვლევებით მტკიცდება, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ბავშვების ჩაკეტილობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პატარები მეგობრებთან ერთად ეზოში აღარ თამაშობენ. სახლში დარჩენილი ბავშვები კი თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებას ვირტუალური გზით ცდილობენ და კომპიუტერის ეკრანს ეჯაჭვებიან.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
მიეცით თქვენ შვილებს მეტი თავისუფალი დრო, რაც მათ თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. ამგვარად ბავშვები მეგობრებთან ძლიერი ურთიერთკავშირის დამყარებას შეძლებენ, რაც სოციალური მედიისა და ინტერნეტ თამაშებისადმი მათ მიჯაჭვულობას მნიშვნელოვნად შეამიცრებს.
თუ ბავშვი ყველაფერში გეწინააღმდეგებათ და აკრძალვებს არ ემორჩილება, პირველ რიგში, მისი ნეგატიური ქცევის მიზეზი დაადგინეთ
ორი წლის შვილს ეუბნებით, რომ მოგიახლოვდეთ, ის უარის ნიშნად თავს იქნევს და გეუბნებათ, რომ თქვენთან არ მოვა. 18 თვის ბავშვს თხოვთ, რომ კაბინეტის კარი არ გააღოს, ის თვალებში გიყურებთ და მაშინვე აღებს კაბინეტის კარს. როდესაც შვილთან ურთიერთობაში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგებით, დაიმახსოვრეთ:
ყველა ბავშვი გადის განვითარების ეტაპებს, რომლებთან გამკლავება მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს უყვართ თქვენს დარიგებებზე უარის თქმა და ყველაფრის საკუთარი სურვილისამებრ კეთება.
ბავშვმა უარის თმა აუცილებლად უნდა ისწავლოს, რათა მომავალში საჭიროების შემთხვევაში თქვას „არა.“
მცირეწლოვანი ბავშვები ფიქრს ნელ-ნელა სწავლობენ. მათ საკუთარი აზრები და იდეები აქვთ. პატარებს უყვართ, როდესაც ყველაფერს თავიანთი სურვილის მიხედვით აკეთებენ. მათ უკვე იციან უარის თქმა და ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც რაღაცის გაკეთება არ სურთ. მცირეწლოვან ბავშვებს არ შეუძლიათ იმის გააზრება, რა გავლენას ახდენს მათი ქცევა სხვაზე, ისინი ვერ აღიქვამენ საფრთხეს და მოქმედებამდე არასდროს ფიქრობენ.
ბავშვმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა ისწავლოს. ჩვენ მოგვწონს, როდესაც ჩვენი ზრდასრული შვილები საკუთარი იდეების დასაცავად იბრძვიან. მშობლებმა, პირველ რიგში, ბავშვის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ. შვილს სხვების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესახებ ინფორმაცია ნელ-ნელა მიაწოდეთ. ბავშვს ასწავლეთ, როგორ თქვას არა მისაღები ფორმით.
ბავშვები მშობლებს წინააღმდეგობას სხვადასხვა ფორმით უწევენ:
ისინი მშობლის მოთხოვნას უარყოფენ და მას არაფერში ეთანხმებიან
ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რასაც მათგან მოელით
მშობლების მოთხოვნას უგულებელყოფენ
მშობელს უარყოფენ და სხვასთან მიდიან
ჩახუტების და კოცნის სურვილის დროს ხელს გკრავენ
მშობლისგან გარბიან
ქუჩაში გადიან ან სხვა საფრთხის შემცველ ადგილებს სტუმრობენ
აკეთებენ ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც მშობელმა აუკრძალა
აღნიშნული წინააღმდეგობების გამოვლენა ბავშვებში ერთი წლის ასაკიდან იწყება და ორ წლამდე აქტიურად გრძელდება. ამ ასაკში ბავშვებმა სიტყვები კარგად არ იციან. ისინი ხშირად ვერ იგებენ მშობლების მოთხოვნას და ვერც საკუთარ სურვილებს გამოხატავენ ვერბალურად.
ბავშვი სამიდან ხუთ წლამდე ასაკში ნელ-ნელა უახლოვდება მშობელს და მასთან თანამშრომლობას იწყებს. ისინი უკეთესად აზროვნებენ და მეხსიერებაც უფრო განვითარებული აქვთ. ბავშვები ემოციებისა და ქცევების გაკონტროლებას სწავლობენ. მათ უფროსების მოლოდინებიც უკეთ ესმით.
ბავშვს თქვენი თხოვნისა და მოთხოვნისადმი ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლას ვერ აიძულებთ. გირჩევთ, ბავშვი ზედმეტ სტრესს მოარიდოთ, რადგან ის სტრესულ ვითარებაში უფრო ნეგატიური ემოციებით ივსება და მისი ქცევაც უარესდება. შესაძლოა, ბავშვი დაღლილი და მშიერი იყოს, რის გამოც ნეგატიურად იქცეოდეს. პატარა ყოველთვის დროულად უნდა დააძინოთ და დღის განმავლობაში რამდენჯემრე სრულფასოვნად გამოკვებოთ. ბავშვები მაშინაც ადვილად ღიზიანდებიან, როდესაც გარემოს იცვლიან. თუ ბავშვი ახალ ბაღში გადადის, მისი ქცევის გაკონტროლებას ნუ ეცდებით. შვილს დრო მიეცით, რომ ცვლილებებს შეეგუოს. შესაძლოა, მისი ნეგატიური ქცევა მალე თავადვე გამოსწორდეს. ბავშვის წინააღმდეგობრივი ქცევა ზოგჯერ მოწყენილობის ბრალია. თუ პატარა მოწყენილია, ახალი სათამაშო ან თავგადასავალი აჩუქეთ. თუ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ის განსაკუთრებით ნეგატიურ განწყობაზე დგება. ასეთ დროს მის მიმართ გამგებიანი და მომთმენი უნდა იყოთ.
ბავშვის ნეგატიური ქცევა ზოგჯერ მისი ან სხვების სიცოცხლისთვის, შესაძლოა, სახიფათოც იყოს. პირველ რიგში, ბავშვის და გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროთ. როდესაც საფრთხე არსებობს, ბავშვს უფლება არ მისცეთ თავისი გაიტანოს. შვილს გარკვევით უთხარით: „მესმის, რომ თოჯინა გინდა, მაგრამ ამის გამო შენს დას არ უნდა დაარტყა, დარტყმა მტკივნეულია,“ ან „ვიცი, რომ სირბილი კარგია, მაგრამ ქუჩაში სირბილის ნებას ვერ მოგცემ, რაგან მანქანები დადიან და შესაძლოა, დაგეჯახონ.“
ბავშვთან თანამშრომლობა პრობლემის მოგვარებაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ:
ბავშვს თხოვნით მიმართეთ და არ უბრძანოთ, მაგ. „შეგიძლია, წიგნი მომაწოდო?“ და არა - „წიგნი მომაწოდე!“
ბავშვს კონკრეტული დავალება მიეცით: „კუბიკები თაროზე დავაწყოთ!“ და არა - „სათამაშოები აიღე!“
ნაცვლად იმისა რომ ბავშვს რაიმეს გაკეთება აუკრძალოთ, აუხსენით რა უნდა გააკეთოს. ნუ ეტყვით, რომ კატას უხეშად არ შეეხოს, ამის ნაცვლად უთხარით, რომ მას ნაზად მოეფეროს.
ბავშვს ისეთი მოთხოვნები წაუყენეთ, რომლის შესრულება მას შეუძლია. თუ მისგან თოჯინის დათმობას მოითხოვთ, სანაცვლოდ სხვა თოჯინა შესთავაზეთ. ბავშვს ნუ მოთხოვთ თოჯინის უსასყიდლოდ დათმობას.
ბავშვს ემოციების გამოსახატვა სიტყვიერად უნდა ასწავლოთ. თუ ის მაღაზიაში ტირილს დაიწყებს, გარეთ გამოიყვანეთ და უთხარით: „შენ იმიტომ ტირიხარ, რომ ორცხობილა გინდოდა და ვერ მიიღე.“ შვილს აუხსენით, რომ თუ სხვისთვის ნივთის დათმობა არ სურს, აგრესიული ქცევის გამოვლენის ნაცვლად უნდა თქვას: „ეს ჩემია.“
ყოველთვის თანმიმდევრული იყავით. თუ ერთ დღეს ბავშვს სათამაშოების დალაგებას თხოვთ, მეორე დღეს კი ასე არ მოიქცევით, ის ვერ გაიგებს, რა გსურთ მისგან.
შვილის ქცევის გამოსწორება თუ გსურთ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ:
მოვლენებს გარედან შეხედეთ. თქვენი შვილი რომ სხვისი ბავშვი ყოფილიყო, გაცხარდებოდით თუ არა მის ამგვარ ქცევაზე?
გაბრაზების ნაცვლად, დაფიქრდით, რატომ იქცევა ბავშვი ასე.
სტრესის შესამცირებლად, ბავშვი მცირე ხნით ვინმეს დაუტოვეთ, შხაპი მიიღეთ ან გაისეირნეთ.
თუ გრძნობთ, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლიათ, ოჯახის წევრებისგან დახმარება ითხოვეთ.
დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართეთ, თუ:
ბავშვის ქცევა დროსთან ერთად უარესდება და თქვენი მოთმინებაც ამოიწურა.
ბავშვი გამუდმებით მოწყენილი ან გაღიზიანებულია.
15-20 წუთის განმავლობაში ბავშვი საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაბრუნებას ვერ ახერხებს.
პროფესიონალის დახმარებით ბავშვის ნეგატიური ქცევის გამოსწორებას აუცილებლად შეძლებთ.