Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად