Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანს დასჭირდეს ან ანტიბიოტიკი, ან ფაგი,“ - ყარამან ფაღავა

„იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანს დასჭირდეს ან ანტიბიოტიკი, ან ფაგი,“ - ყარამან ფაღავა

პროფესორმა ყარამან ფაღავამ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა და ის გართულებები დაასახელა, რომელსაც ანტიბიოტიკის მოხმარება იწვევს:

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბრწყინვალე პრეპარატი, რომელიც არჩენს და შველის უამრავ დაავადებას, თვითონ ანტიბიოტიკოთერაპია, შესაძლოა, იყოს მიზეზი ბევრი გართულების. ეს არის ალერგია, დისბაქტერიოზი, შინაგანი ორგანოების დაზიანება, ძვლის ტვინის მოშხამვა. ანტიბიოტიკების გარეშე ვერ გავძლებთ. როდესაც მძიმე სეფსისია, როგორ შეიძლება, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი არ დაუნიშნო?! სამწუხარო ის არის, რომ ანტიბიოტიკი ძალიან ხშირად ინიშნება იქ, სადაც არ არის საჭირო.“

​ყარამან ფაღავას თქმით, ანტიბიოტიკები მხოლოდ იქ უნდა დაინიშნოს, სადაც მისი მიღების საჭიროებაა:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზია, რომ თუ რამე არ შეიცვალა, დაახლოებით 20 წლის შემდეგ გვექნება ისეთი მდგომარეობა, როგორიც იყო ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე, როდესაც პატარა ჭრილობაც კი შეიძლება იყოს ფატალური და გამოიწვიოს სიკვდილი. ამიტომაც ძირითადი ძალისხმევა ამ დარგში არის იმაზე, რომ როგორმე შევამციროთ ანტიბიოტიკების მიღება. ​ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს იქ, სადაც მართლა საჭიროა, უნდა დავნიშნოთ ის ანტიბიოტიკი, რომელიც მისაღებია.“

„ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით ფაგები ძალიან სპეციფიკურია. ანტიბიოტიკს რომ მივიღებთ, ყველაფერს კლავს, ყველა მიკრობს, კარგსაც და ცუდსაც. ფაგი მოქმედებს მხოლოდ იმ ბაქტერიაზე, რომლის მიმართაც ის არის ძლიერი. მთავარი რეკომენდაცია არის, რომ იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანს დასჭირდეს ან ანტიბიოტიკი, ან ფაგი. ამის საუკეთესო გზა არის გაკაჟება. რაც შეეხება ინფექციებს, ზოგჯერ ექიმები პაციენტებს ეუბნებიან: მოგცემთ ანტიბიოტიკებს, თუ ორ-სამ დღეში გამოსწორდება მდგომარეობა, შეწყვიტეთო. არავითარ შემთხვევაში! ​სჯობს, სულ არ დაიწყო ანტიბიოტიკით მკურნალობა, მაგრამ თუ დაიწყე, სრული კურსი უნდა ჩატარდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“

წაიკითხეთ სრულად