Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენად მართებულია ზამთარში შარფის გამოყენება? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია მშობლებს

რამდენად მართებულია ზამთარში შარფის გამოყენება? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია მშობლებს

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში მშობლებს ზამთარში შარფის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციებს აძლევს:

„ზამთრის სეირნობების დროს მშობლების დიდი ნაწილი ბავშვებს პირს (რიგ შემთხვევაში კი პირსა და ცხვირს) შარფით უფარავს. ისინი თვლიან, რომ ბავშვი ასე უფრო თბილად იქნება, შარფი ჰაერს გაათბობს და ბავშვის გაციების რისკი შემცირდება.ექიმები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სასუნთქი გზების უნარი, რომ ჰაერი გაათბოს, ყველა შარფს მნიშვნელოვნად აღემატება.

​აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ უარყოფითი ტემპერატურის დროს ბავშვმა ცხვირით უნდა ისუნთქოს. სწორედ ცხვირს აქვს უნარი, რომ ჰაერი გაათბოს. პირით სუნთქვისას ცივი და მშრალი ჰაერი ბრონქებში ხვდება, რაც სარისკოა.

თუ ბავშვი ცხვირით არ სუნთქავს, ვერანაირი შარფი ჰაერს ვერ გაათბობს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ცხვირი გამოურეცხეთ და სახლში იყავით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქუჩაში ძალიან ცივა და ბავშვს ცხვირი ეყინება? ამ დროს დამცავი რეაქცია ვითარდება, როდესაც ცხვირი ჩასუნთქული ჰაერის გათბობის უნარს კარგავს. შარფი, რომელიც პირსა და ცხვირზეა შემოხვეული, სახესთან ახლოს ამოსუნქულ თბილ ჰაერს აჩერებს და ცხვირს ათბობს, რის გამოც სისხლძარღვების სპაზმი არ ხდება და სეირნობის გაგრძელება შესაძლებელია.

⠀რჩევები შარფის სწორად გამოყენებისთვის:

  • 1.შარფის გამოყენება საჭირო არ არის თუ ბავშვი დახურულ ეტლში იმყოფება, ამოსუნთქული ჰაერი თავის გარშემო ტემპერატურას ისედაც აწევს და ბავშვს ქარიც არ აწუხებს.
  • 2.შარფი საჭიროა, როდესაც ბავშვი ღია ეტლით სეირნობს, ქარი და ყინვაა, ან ბავშვი ციგით სრიალებს.
  • 3.თუ ცხვირი გეყინებათ, თქვენთვის და ბავშვისთვის შარფის გამოყენებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ.
  • 4.შარფით უნდა დაიფაროს ბავშვის ცხვირიც და პირიც. მხოლოდ პირის შარფით დაფარვა უშედეგოა.
  • 5.შარფის ქსოვილი ბავშვის სახის კანს არ უნდა აღიზიანებდეს,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად