Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე,“- პედიატრი ევგენი კომაროვსკი

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ბავშვებში სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, შვილების მადის გასაუმჯობესებლად მათ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარებინონ:

„თანამედროვე მშობლები გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჭამას. თქვენ გეჩვენებათ, რომ თუ ბავშვის ორგანიზმი არ მიიღებს ყველა ვიტამინს და დაბალნსებულ კვებას, აუცილებლად ავად გახდება. სინამდვილეში ბავშვის ორგანიზმს საკვების დეფიციტის გადატანაც შეუძლია და ეს ზოგჯერ მარგებელიც არის. ჭამის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მადა. როდესაც ბავშვი მშიერია და საჭმლის მიღების საჭიროებას განიცდის, საკვებს ნორმალურად ინელებს და ეს მისთვის სასარგებლოა.

თუ ბავშვი არ ჭამს სადილს და მხოლოდ კანფეტი უნდა, თუ მისი კვება არ არის მრავალფეროვანი, აქედან ჩნდება პრობლემებიც. არ აყვეთ ბავშვებს! ბავშვმა უნდა ჭამოს ის, რასაც აძლევთ, მაგრამ უნდა ჭამდეს სიამოვნებით. თუ მადა არ აქვს, სჯობს, საერთოდ არ აჭამოთ. გაუზარდეთ ბავშვს ფიზიკური დატვირთვა, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ მშობლების, საბავშვო ბაღის და სკოლის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვებმა მადიანად ჭამონ. არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე. როდესაც ბავშვი სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებს, ის შესანიშნავად ჭამს და საკვებსაც კარგად ინელებს,“- აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

წყარო: ​„LIFE FM”           

წაიკითხეთ სრულად